დაიბადა სენაკში. სკოლა უკრაინაში დაამთავრა, პროფესიული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო საფრანგეთში საცხოვრებლად მოუწია წასვლამ.
ამბობს, რომ საფრანგეთში ხელოვნებისა და პოეზიისადმი სიყვარული გაიზარდა. ჰქონდა გამოფენა–გაყიდვები.
2021 წლიდან საქართველოშია, ისევ განაგრძობს საქმიანობას და ხელოვნების მრავალი ნიმუშის შექმნას აპირებს.
ამბობს, რომ ყველა ხელნაკეთი მისთვის ძვირფასია, რადგან სიყვარულით იქმნება. – ლიკა ჭანტურიას პერსონა.
– ბავშვობიდან ჩემთვის საინტერესო იყო ფერები და დღემდე ასეა, ძალიან მომწონდა ნათელი ფერები, უფრო მეტად კი დიზაინი მიზიდავდა.
რასაც ვხატავდი, შემდეგ პატარა ნაჭრებით ვაკრავდი ზედ და ძალიან მომწონდა.
სკოლის პერიოდში, რომელიც საინტერესოდ მახსენდება, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და ხატვა ჩემთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო.
– სტუდენტობის წლები…
– სამხატვრო აკადემიაში ჩემთვის ყველაფერი საინტერესო ჩანდა და მრავალფეროვანი განხრით ვსწავლობდი, ვიზუალური გამოსახულების დიზაინი დავამთავრე და მივიღე დიპლომი. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი სწავლას და უფრო მეტ ცოდნას მივიღებდი. დიდად შემიწყო ხელი მამიდაჩემმა, მისმა რჩევამ და დიდმა იმედმა სტიმული მომცა, რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ჩემზე და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი. მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
– ერთხანს საფრანგეთში მოგიწიათ ცხოვრებამ…
– საფრანგეთში ცხოვრებამ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში, ბევრი რამ დადებითად შეცვალა. საფრანგეთი ჩემი ოცნების ქვეყანაა და დიდი სტიმული იყო იქ ყოჰნა, ხელოვნებაში სამოღვაწეოდ კრეატიული აზრები და შესაძლებლობაც გამიჩნდა.
იქ ბევრი რამ არის ისეთი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ხელოვანს ან თუნდაც მოყვარულს საკუთარი თავის აღმოჩენაში.
– პანდემია და ხელოვნება. კარანტინმა როგორ იმოქმედა თქვენზე, როგორც შემოქმედზე, დადებითად თუ უარყოფითად?
– პანდემია, ვფიქრობ, ნიჭის აღმოჩენაში ბევრს დაეხმარა და ასევე ჩემზეც დადებითად იმოქმედა. იმაზე მეტი დრო დავუთმე ხელოვნებას, ვიდრე აქამდე ვუთმობდი და ბევრი საინტერესო რამ შევქმენი, რაც ჩემს გულს და ასევე ჩემს საყვარელ მომხმარებლებს უხარიათ.
– გაქვთ გვერდი, სადაც აქვეყნებთ ახალ ნამუშევრებს… ყველაზე მეტად რომელი ნამუშევრები მოსწონს მნახველს?
– ახლად შექმნილ გვერდი ფეისბუქზე და ასევე ინსტაგრამზე ვათავსებ რჩეულ ხელთნაკეთებს სახელწოდებით – Lika’sí. სოციალურ ქსელშიც ვაქვეყნებ ჩემს ნამუშევრებს.
ვფიქრობ, მნახველებისთვის ყოველთვის ორიგინალური და განსხვავებული ხელოვნების ნიმუშია სინტერესო, რაც მხოლოდ მათ ექნებათ ექსკლუზიურად. ასე რომ, ვცდილობ და მეც აგრეთვე მომწონს განსხვავებულის შექმნა და მომხმარებლის სიამოვნება.
– სამკაულები, ეპოქსიდით და ცოცხალი ყვავილებით შექმნილი ხელნაკეთები… როგორ მუშაობთ?
– ეპოქსიდით მუშაობა ახლახან დავიწყე პირველად. დიდი ინტერესი და სურვილი მქონდა და ცოცხალი ყვავილებიც გამომადგა დეკორად. ზოგი წლების მანძილზე მქონდა შენახული, საფრანგეთშიც ვაგროვებდი მცენარეებს და ისინი გამოვიყენე ერთ-ერთ ხელნაკეთ ნივთზე. ყველა ხელნაკეთი, რომელსაც ვქმნი, ჩემთვის საინტერესო და ძვირფასია, რადგან დიდ დროსა და სიყვარულს ვდებ ამ ყველაფერში.
– გჭირდებათ თუ არა შთაგონება?
– ამ ეტაპზე პანდემიის გამო გადავწყვიტე ონლაინგაყიდვებზე მუშაობა. შთაგონება, ვფიქრობ, აუცილებელია ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, ჩემთვის შთაგონება და სტიმულის გრძნობა ძალიან საჭიროა, ყოველთვის დადებითად მოქმედებს და ხელს მიწყობს საქმეში.
– გამოფენები…
– პირველი გამოფენა საფრანგეთში გაიმართა, დიდა შემიწყეს ხელი იქ მყოფმა საყვარელმა მაცხოვრებლებმა, ორი გამოფენა-გაყიდვა მქონდა – საახალწლო და ერთიც პრეზენტაცია, სადაც ჩემი ნახატები იყო გამოფენილი თავისი აღწერებით. გამოენა პატარა ალაფუშეტით დავაგვირგვინეთ. ფრანგებს გავასინჯეთ ქართული ხაჭაპური. სასიამოვნო შეგრძნება იყო იქ მყოფი საზოგადოების ცქერა და ის ინტერესი, რომელიც ჩემი შემოქმედების მიმართ გააჩნდათ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ბავშვობაში ხელოვნების ინტერესი და რაღაცების შექმნა იყო, რაც წლების შემდეგ პროფესიად გადაიქცა და ისევ დიდი სიამოვნებით მივყვები. ასევე მიზიდავს პოეზია და ჩანაწერებს ვაკეთებ.
– როგორ გეხმარებათ ოჯახი?
– ჩემი ოჯახი ყოველთვის ხელს მიწყობდა განვითარებაში და ახლაც ასეა დიდი ამაგი აქვთ ჩემზე და ძალიან მადლიერი ვარ. მიხარია, რომ ჩემი იმედი აქვთ, სტიმულს მაძლევენ და სჯერათ ჩემი. მათგან ბევრ კარგ რჩევას ვისმენ. მინდა ვთქვა, რომ მამაც ნიჭერი ხელოვანია. ვფიქრობ, მისგან გამომყვა ეს კრეატიულობა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს. ღვთის წყალობით აქამდე მისი მადლით მოვედი, ასე და გავაგრძელებ და შევქმნი ბევრ ნამუშევარს. ჩემთვის ყველაზე დიდი ხელოვანი ღმერთია და მისი ნებით მერგო ეს ნიჭი. ვფიქრობ, აუცილებელად უნდა გამოვიყენო ეს შანსი და სამომავლოდ ბევრი ისეთი რამ შევქმნა, რაც არა მხოლოდ მე და ჩემიანებს მოგვეწონება, არამედ უამრავ ადამიანს გაახარებს და ტკბილ მოგონებად დარჩებათ ჩემი შექმნილი.
თამარ შაიშმელაშვილი