ხელსაქმე მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ქსოვს, კერავს, ქარგავს. ხელნაკეთი ნივთების დამზადება 8 წლიდან დაიწყო. გულსაბნევებს კი 13-14 წლის ასაკში აკეთებდა.
ფერების ჰარმონიით გამოირჩევა – ჭიამაიების, ფოთლების, საქართველოს რუკის ფორმის გულსაბნევები, ბეჭდები, ზოდიაქოს ნიშნები… ამბობს, რომ თითოეულ აქსესუარს დიდ დროს უთმობს და მასში გულსა და სულს დებს.
ცხოვრობს თბილისში, ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია და გატაცებულია ხელნაკეთი აქსესუარების შექმნით. – მარიამ ბერიანიძის პერსონა.
– ბავშვობა ლაღი და უდარდელი მქონდა. ყველაზე ტკბილად ბებია და ბაბუა მახსენდება. ერთადერთი გოგო ვიყავი შვილიშვილებში და ყველა სურვილს და ნატვრას მისრულებდნენ.
ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება 8 წლის ასაკში დავიწყე. პირველი ნივთი იყო ქოთანში მოთავსებული, ბისერებისგან აწყობილი ყვავილები, რომელიც დედას დაბადების დღეზე ვაჩუქე. ამის შემდეგ არ გავჩერებულვარ.
ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. ვისწავლე ქსოვა, კერვა, ქარგვა. დღემდე ვიკერავ ჩემთვის სამოსს, რომელიც, ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ მე მაცვია. გულსაბნევებიც პირველად 13-14 წლის ასაკში დავამზადე და სასკოლო ჩანთა გავალამაზე.
– ჭიამაიების, ფოთლების, საქართველოს რუკის ფორმის გულსაბნევები, ბეჭდები… ზოდიაქოს ნიშნები… თქვენი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით, ფერების ჰარმონიით…. როგორ მუშაობთ?
– ვცდილობ შევქმნა ორიგინალური და გამორჩეული აქსესუარები, იქნება ეს გულსაბნევი, თმის სამაგრი, სამაჯური თუ გასაღების საკიდი. მაქსიმალურად ვარ მორგებული მომხმარებლის სურვილებს.
ვამზადებ ნებისმიერი ფორმის, ზომისა და ფერის აქსესუარებს. ვმუშაობ ჩეხური და იაპონური მასალით, რომელთა ხარისხიც აქ შემოსული მასალისაგან მკვეთრად განსხვავდება. ასევე ვიყენებ ბუნებრივ ქვებს. ვცდილობ, შევქმნა ისეთი აქსესუარები, რომლებიც დროს გაუძლებს და მის მესაკუთრეს წლების განმავლობაში ექნება.
ამისათვის ვამუშავებ მაქსიმალურად კარგად და ხარისხიანად. დიდ ყურადღებას ვაქცევ აქსესუარის უკანა მხარესაც, ვთვლი, რომ უკანა მხარეც, წინა მხარის მსგავსად, ლამაზი და სუფთა ნამუშევარი უნდა იყოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითოეულ აქსესუარს დიდ დროს ვუთმობ და მასში ჩემს გულსა და სულს ვდებ.
– ეტყობა, გაზაფხული განსხვავებულად გიყვართ…
– ნამდვილად, წელიწადის დროებიდან ყველაზე განსხვავებულად მიყვარს გაზაფხული – ბუნება იღვიძებს, ადამიანის გუნებაშიც მეტი ხალისი იგრძნობა. გაზაფხული ჩემთვის იასამნის სურნელთან ასოცირდება, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ შემექმნა ეს გულსაბნევი.
როცა პირველად ჩემს გვერდზე ეს ნამუშევარი დავდე, დიდი მოწონება დაიმსახურა, რამდენიმე შეკვეთა უცხოეთიდანაც მივიღე.
– როგორ შეიქმნა „ბროწეულები“?
– „ბროწეულები“ – ჩემი საავტორო ნამუშევრები, ძალიან მიყვარს. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ვჭრიდი ბროწეულებს, მიმოფანტული მარცვლების ლამაზმა კომბინაციამ შთამაგონა, ყველასგან განსხვავებული ნამუშევარი შემექმნა და მაქსიმალურად მიმემსგავსებინა ნამდვილ ბროწეულს. ასე გაჩნდა „ბროწეულის“ გულსაბნევი, რომელიც ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა.
– პანდემია… როგორ იმოქმედა თქვენზე შემოქმედებითი თვალსაზრისით – დადებითად თუ უარყოფითად? რამდენი ნამუშევარი შექმენით პანდემისი დროს?
– პანდემიის დროს დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა ჩემი აქსესუარები. ყველასთვის მოსახერხებელი იყო საყვარელი ადამიანის სახლიდან გაუსვლელად გახარება ან სულაც საკუთარი თავისათვის სასურველი ნივთის შეძენა. პანდემიამ რამდენიმე მოლაპარაკებაზე და შემოთავაზებაზე მოახდინა გავლენა. ჩემი აქსესუარები უნდა გამეტანა ქვეყნის გარეთ და ეს პროცესი ძალიან გაიწელა.
– ინიციალები… „რატომ გვიყვარს ჩვენი სახელის პირველი ასო ისე ძალიან, რომ ვატარებთ გულით, გასაღებით ან ლამაზ ვარცხნილობას ვუთავსებთ. მეც ბავშვობიდან მაფანატებს „მ“ ასოზე. ყველგან და ყოველთვის ვწერდი ან თვალებით ვეძებდი“… – წერთ ფეისბუქზე… ლამაზ ინიციალებს ქმნით… ბევრი გიკვეთავთ?
– ინიციალებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, სასაჩუქრედ ან საკუთარი თავისათვის ბევრი მიკვეთავს.
– გჭირდებათ თუ არა შთაგონება? რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– შთაგონება თითოეული ნამუშევარის შექმნას სჭირდება. გამოვარჩევდი შემოდგომის ფოთლებს, გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლების“ ფონზე გავყურებდი ბუნებას ჩემი აივნიდან, ჯერ კიდევ არ იყო შემოდგომა დამდგარი, თუმცა ჭადრის ხეს ფოთოლი მოწყდა და ზუსტად ამ დროს დაიბადა „შემოდგომის ფოთლების“ დამზადების იდეა.
– Atare Tilisma • ატარე თილისმა – თქვენი ბრენდის სახელია. საინტერესოა, თქვენი თილისმა რა არის?
– რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემი თილისმა. ბებიის ნაჩუქარი ქარვის ყელსაბამი, რომელიც ძალიან მიყვარს და სულ თან დამაქვს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია წერა. რადგან ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, ჩემი საქმიანობის და პატარა შვილის გამო, მაინც ვცდილობ, არ დავივიწყო ჰობი და ვწერო, რაც შეიძლება ბევრი.
– როგორ გეხმარებათ ოჯახი თქვენს საქმიანობაში…
– მთელი ოჯახი გვერდით მიდგას და მგულშემატკივრობს. დედაჩემი, ჩემი მეუღლე, 2 წლის კონსტანტინე და დედამთილი. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით, რომ დღეს მე ცხოვრების ამ ეტაპზე ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს მთელი მონდომებით ვაკეთებ.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ვგეგმავ ბიზნესის გაფართოებას და ქვეყნის გარეთ გატანას. ასევე იგეგმება ჩემი პროდუქციის რამდენიმე მაღაზიაში გამოჩენა.
თამარ შაიშმელაშვილი