ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესში წახალისება, მარათონები და ღონისძიებები იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა წახალისება, მარათონები და ღონისძიებები იგეგმება.
მისივე თქმით, მიზანია დღიურად 30 ათასზე მეტი აცრის ჩატარება.
„ყველაზე მეტი ადმინისტრირებულია პირველი დოზისთვის „ფაიზერი“, შემდეგ „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ და შემდეგ „სინოვაკი“. დღეს ოთხივე ვაქცინის ადმინისტრირება მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მუშაობს 195 სამედიცინო დაწესებულებაში 395 სრული ბრიგადით. აქტიურად გაიხსნა დიდი ამცრელი სივრცეები, დაემატა სამედიცინო უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, ტექნიკური უნივერსიტეტის, „ჰუალინგის“ ამცრელი სივრცე გაფართოვდა და ა.შ. ახლა ჩამოყალიბების პროცესშია ქუთაისის, რუსთავისა და ზესტაფონის ამცრელი სივრცეები. ასევე, ზუგდიდში მუშაობენ დამოუკიდებელ ამცრელ სივრცეზე. დღევანდელი ჩვენი აცრების გამტარიანობა არის 28 ათასი. ყველაზე მეტი აცრა გვქონდა 13 აგვისტოს 26 524 ერთ დღეში. გუშინდელ 24 საათში არის 5083 აცრა. აგვისტოში ჩვენ გვაქვს აცრების საშუალო მაჩვენებელი 21 ათასი, ეს 3-ჯერ მეტი, რაც ივლისში აცრების დღიური რაოდენობა გვქონდა. ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი გახლავთ 23 ათასზე ცოტა მეტი, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ დღიურად 30 ათასზე და მეტ მაჩვენებელზე ავიდეთ. ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მარათონებს, წახალისებებს, მეტი შემოძახილი და პიარკამპანიაა საჭირო“, – განაცხადა გამყრელიძემ.