ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო კომიტეტი საქართველოს 11-12 თებერვალს ესტუმრება

  ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო კომიტეტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 11-12 თებერვალს ესტუმრება. ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. გენერალ კნუდ ბარტელსს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს. 11 თებერვალს ნატოს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
12 თებერვალს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
ამავე დღეს, სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია”, “28+1 ფორმატში” სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომის შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს. სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციები წარუდგინოს და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრ-ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები