ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოს ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს, ეს ითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა

 

“ოცნებამ” რაც უნდა გადათქვას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა, თუკი ის თვითმმართველობის არჩვენებში ვერ მოახერხებს 43%-ის აღებას, ეს იქნება პარტიაში სიგნალი ყველასთვის, რომ “ოცნების” დასასრული დაიწყო და გაღრმავდება მისი დაშლის პროცესი, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს, ეს ითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

,,დავიწყოთ იმით, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა ამისკენ მეთოდურად მიდიოდა, ერთი მხრივ, იმ ღირებულებების იგნორირებით, რომლებიც დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოს ქმნის და, მეორე მხრივ, “გადაგდებების” მთელი სერიით, რაც დასავლეთთან ურთიერთობაში მის ხელწერად იქცა, ამ ტიპის დემარში მაინც წარმოუდგენელი იყო. საქმე ის არის, რომ ამ განცხადებით “ქართულმა ოცნებამ” ის შეთანხმება დასავლეთს თავზე გადაახია, მეტიც, სილა გააწნა. ვფიქრობ, დასავლეთი ამას აღიქვამს არა როგორც ერთი, თუნდაც სტრატეგიული, მაგრამ პატარა ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ ნაბიჯს, არამედ როგორც რეალურ გამოწვევას, რამაც შეიძლება დომინოს პრინციპით იმოქმედოს. ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. საქართველოს ტიპის ქვეყნისგან ასეთი სილის გაწვნა დასავლეთის არასაკმარისი რეაგირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მთელი მსოფლიოს პატარა ქვეყნების ავტორიტარი მმართველები, მათი მფარველების წაქეზებით, შეეცდებიან დასავლეთს ისევე აახიონ სახე, როგორც ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ეს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლეთის იმიჯს, მათ შორის – ამერიკისასაც, რომელიც ჯერ ისევ მსოფლიო წესრიგის მთავარი ციტადელია და ამ ყველაფერმა შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის მოიტანოს მძიმე შედეგები…

გავიხსენოთ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთის არასაკმარისმა რეაქციამ და რუსეთის რესურსების არასათანადოდ შეფასებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია – მოხდა ყირიმის ანექსია, სირიის მოვლენები და დღეს რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში ისეთი ძლიერია, როგორიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა. ეს გამოიწვია სწორედ დასავლეთის ახლომხედველურმა პოლიტიკამ, რუსეთის შესაძლებლობების არარაციონალურმა შეფასებამ, ასევე – თანამედროვე დასავლური ინსტიტუტების სისუსტემ და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტმა. მოკლედ, თუ არ იქნება დასავლეთის დროული და ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა ამ ყველაფერს არანაკლებ მძიმე პროცესები მოჰყვეს. თუ დასავლეთს ოდნავი რაციონალიზმი და პრაგმატულობა შერჩენია, საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას სწორედ ასე შეაფასებს. ამ შემთხვევაში სასწორზე დევს არა საქართველოს დემოკრატიულობა ან პროდასავლურობა, არამედ დასავლეთის, როგორც მსოფლიო წესრიგის უმნიშვნელოვანესი გარანტის როლი და იმიჯი.

რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი… შეიძლება ვიფიქროთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთ დღეს გაიღვიძა და უცებ გადაწყვიტა, პროდასავლური შლეიფის ერთი ხელის მოსმით ჩამოშორება, მაგრამ რაციონალურობა ამგვარ მოსაზრებაში არ ჩანს. საქმე ის არის, რომ დასავლეთი აქამდეც დიდი სიამოვნებით ხუჭავდა თვალს “ქართული ოცნების” ნაბიჯებზე, განსაკუთრებით – ბოლო ორი წლის განმავლობაში და მმართველ ძალას ასევე შეეძლო გაეგრძელებინა მოქმედება – პროდასავლური რიტორიკითა და ანტიდასავლური საქმით, რაზეც დასავლეთს მაინცდამაინც მკაცრი რეაქცია არ ექნებოდა და ამაში მათ ვერც სუსტი ოპოზიცია შეუშლიდა ხელს. ჩემი აზრით, აქ მთავარი ინსპირატორი მაინც ის იყო, რომ “ქართული ოცნებისთვის” დიდ გამოწვევად და რუბიკონად იქცა 43%, რომელიც ამ შეთანხმებაში ჩაიდო და რომლის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. როგორც ჩანს, კვლევების შედეგები კატასტროფულია, “ოცნება” ძალიან შორს არის ამ 43%-ისგან და ამიტომაც ვისმენთ მათგან, 43% კი არა, 3%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნებაო. მწარედ ცდებიან… საქმე ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, მმართველი ძალა გააუქმებს თუ არა ამ შეთანხმებას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც გარდაუვალი იქნება.

“ოცნებამ” რაც უნდა გადათქვას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა, თუკი ის თვითმმართველობის არჩვენებში ვერ მოახერხებს 43%-ის აღებას, ეს იქნება პარტიაში სიგნალი ყველასთვის, რომ “ოცნების” დასასრული დაიწყო და გაღრმავდება მისი დაშლის პროცესი. ამის დასაწყისად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლა. სხვათა შორის, მუნიციპალიტეტებში გახარიას პარტიის სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “ქართულ ოცნებას” არაერთ მუნიციპალიტეტში მოუწია უკვე შერჩეული კანდიდატების შეცვლამ – ისინი იძულებული გახდნენ, უფრო წონიან კანდიდატებზე ეფიქრათ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც “ოცნებას” ეს გააბედვინა, არის ამ პარტიასთან დასავლეთის ენის მოჩლექით საუბარი, განსაკუთრებით – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი – დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და “ოცნება”ამტკიცებდა, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა და მეორე – ოპოზიციის სისუსტე…

არსებობს გამოთქმა, ხალხი იმ ხელისუფლებას იმსახურებს, რომელიც ჰყავსო. ამის პერიფრაზს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ საქართველოს ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს ითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამას დასავლეთი კარგად ხედავდა, განსაკუთრებით – შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,”- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები