„კორონავირუსს „რომეოსა და ჯულიეტას” სიყვარული დავუპირისპირე“…

პროფესიით ჟურნალისტია. ერთხანს გორის რაიონულ გაზეთშიც მუშაობდა, მაგრამ როცა გაზეთი დაიხურა, ნოველების წერისთვის, რომ იტყვიან, მაშინ მოიცალა.
14 წიგნის ავტორია,  როგორც ამბობს, ნოველების უმეტესობა ქართლ-კახეთის სიცილიან-ტირილიან ამბებზეა აკინძული.
2013 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.
წერის პარალელურად ქარგავს და არც ოჯახური საქმეები რჩება გაუკეთებელი. ორიოდე წლის წინ მართლაც გააოცა ყველა, რადგან საკუთარი ოთახი საგამოფენო სივრცედ აქცია…
რამდენჯერმე ჰქონდა პერსონალური გამოფენა, ორჯერ კი თბილისში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა.
სამომავლოდ უნდა, რომ მოქარგო რუსთაველი, ტახტზე მჯდომ თამარს ვეფხისტყაოსანს რომ მიართმევს… – მწერლისა და ხელოვანის, ოლია ბრაგვაძის პერსონა. 

– ბავშვობა საინტერესო და დიდი სიყვარულით სავსე მქონდა. მამა, რუსულის მასწავლებელი ნიკოლოზ ბრაგვაძე, 1937 წელს გადაასახლეს. დარჩა ფეხმძიმე დედა ათი თვის ბავშვით ხელში. მამა დაბრუნდა 1947 წელს, დახვდა 10 და 11 წლის ორი გოგონა, ათი თვის თავზე კი მე დავიბადე. სამი შვილიდან მხოლოდ ჩემი ბავშვობა ნახა მამამ. ყველა მეფერებოდა და მანებივრებდა.
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ვცხოვრობდით, დიდი ნათესაობა კომპაქტურად დასახლებული ვიყავით. საღამოს ყველანი უბნის ერთ ადგილზე ვიკრიბებოდით და გვიან ღამემდე ვისმენდით უფროსების მონაყოლს გიმნაზიადამთავრებულ ბიძა-მამიდებისგან. შექსპირიც იქ გავიგე პირველად და ტოლსტოიც.
– პროფესიით ჟურნალისტი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– პირველი წერილი გურჯაანის რაიონულ გაზეთში გამოვაქვეყნე პირველკლასელმა. თანაკლასელის დაბადების დღეზე ვიყავით და შინ დაბრუნებულმა დავწერე  ჩემი შთაბეჭდილებები. მამას ვთხოვე, გაზეთში დააბეჭდინე-მეთქი. მამამ არ მაწყენინა და გაგზავნა. დედას უთხრა, ვინ დაბეჭდავს, ბავშვს გული არ დავწყვიტეო. ერთი კვირის მერე თვალებს არ უჯერებდნენ, როცა ნახეს გაზეთში დაბეჭდილი პატარა წერილი – „გოგის დაბადების დღე მივულოცეთ“. შემდგომში იმ წერილს „ჩემი თილისმა“ დავარქვი.
სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის სპეციალობაზე. მხოლოდ ორი წელი ვიმუშავე მასწავლებლად. ვერ შევეწყე სკოლას. პარალელურად ვთანამშრომლობდი რაიონის გაზეთში. ჩემი სოფლის მილიონერ კოლმეურნეობას ჰქონდა ნაბეჭდი გაზეთი. რედაქტორი პენსიაზე გავიდა და მე შემომთავაზეს. ორი წელი ვიმუშავე, შემდეგ  კი რაიონის გაზეთში განყოფილების გამგედ გადამიყვანეს. მიმიღეს სსრკ ჟურნალისტთა კავშირის წევრად. ამასობაში უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გაიხსნა დაუსწრებელი განყოფილება. ჩემი სტაჟითა და დიპლომით მომცეს განსხვავებული საგნების ჩაბარების  საშუალება, რომ შედეგ სწავლა გამეგრძელებინა მეორე კურსიდან.
– როდის დაიწყეთ მწერლობა?
– დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გორის თეატრის დამსახურებული მსახიობი იყო, ოთარ ქუთათელაძე. საცხოვრებლად გადმოვედი გორში და რაიონულ გაზეთში დავიწყე მუშაობა, პარალელურად მომცეს საათები გორის უნივერსიტეტში, ახლად გახსნილ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
დაიხურა გაზეთი და დავრჩი უმუშევარი. სწორედ მაშინ დავიწყე მწერლობა. მოგეხსენებათ, ფრთიანი ფრაზა – „ჟურნალისტმა ვერ მოიცალა, რომ მწერალი გამხდარიყოო“, – საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩემი შემოქმედებიდან გამოვარჩევ 2019 წელს გამოცემულ წიგნს – „ერთი რვაასთაგანი“, რომელიც მიეკუთვნება მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრს.
– როგორ უთავსებთ ერთმანეთს ქარგვას, წერას და სხვა საქმეებს?
– ვიცი დროის კარგად განაწილება და, ოჯახური საქმეების კეთების თანადროულად, ადვილად ვახერხებ  ქარგვას და წერას.
– საკუთარი ოთახი საგამოფენო სივრცედ აქციეთ… რატომ? რა ჩანაფიქრი გქონდათ?
– საკუთარი სახლის საგამოფენო სივრცედ ქცევა თავისთავად მოხდა, რადგან დაგროვდა ბევრი სურათი. ინტენსიურად ვმუშაობ.
– გორში, თქვენს მეზობლად ცხოვრობენ ვაჟა-ფშაველას შვილის – ლევან რაზიკაშვილის შთამომავლები….
– ვაჟა-ფშაველას ლევანის შთამომავლებზე ბევრი მაქვს დაწერილი. გორის გაზეთის რედაქციაში რომ მივედი, იქ დამხვდა ლევანის უმცროსი ქალიშვილი ეკატერინე (პეპელა) რაზიკაშვილი. როცა სამსახურს თავი გაანება ხანში შესული დედის (ლევანის მეუღლის) მოვლის გამო, ვმეგობრობდით და ვსტუმრობდი.
ლევანის ვაჟი ლუკა თავისი ოჯახით ჩემს მომდევნო კორპუსში ცხოვრობდა, ამჟამად იქ ლუკას უმცროსი ქალიშვილი თამარ რაზიკაშვილი ცხოვრობს, გორის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი.
ლევანის ოჯახი საერთოდ ძალიან უჩინრად ცხოვრობდა, ვაჟას მემკვიდრეებად სხვები უფრო ჩანდნენ. ქმრის დაკარგვით შეშინებული დედა ცდილობდა, არ შეემჩნიათ მისი შვილები…
– პანდემიის დროს აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდით. „რომეო და ჯულიეტა“ დაქარგეთ… რატომ მაინცდამაინც „რომეო და ჯულიეტა“?
– რაკი ვთვლი, რომ სიყვარული ყველა უბედურებას ამარცხებს და სიყვარულით ბევრი მიუღწეველი რამ მიიღწევა, ამიტომ ავარჩიე „რომეო და ჯულიეტა“.
კორონავირუსს დავუპირისპირე „რომეოსა და ჯულიეტას” სიყვარული. დავიწყე 2020 წლის 20 ივნისს და დავასრულე 2021 წლის 23 ივნისს.
„რომეოსა და ჯულიეტას“ ქარგვის პარალელურად  ვმუშაობდი წიგნზე, რომლის სახელწოდებაა – „ლუკასთვის რო უნდა წამეკითხა“. 109-გვერდიანი წიგნი ორგანყოფილებიანია, პირველში ოცი მინიატურაა, თითო წინადადება ოთხ სიტყვას შეიცავს და დავარქვი „ოთხსიტყვიური“. მეორე განყოფილებას „პანდემიური“ ჰქვია და მასში 16 მინიატურული ნოველაა გაერთიანებული.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად, ანუ „კორონას” მიმდინარე პერიოდში დავიწყე წმინდა ნინოს ხატის მოქარგვა და ნოველების წერა.სამომავლოდ ვაგრძელებ ქარგვას და წერას, იმდენი გეგმა მაქვს, რომ ვხუმრობ ხოლმე, მიქელ-გაბრილს უნდა ვთხოვო, ხელშეკრულება გამიგრძელოს-მეთქი.
ოცნებად მაქვს გადაქცეული, მოვქარგო რუსთაველი, ტახტზე მჯდომ თამარს „ვეფხისტყაოსანს“ რომ მიართმევს.
ძალიან მინდა მოზაიკაზე მუშაობა, მაგრამ სირთულეების გამო ჯერ ვარ ვახერხებ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები