საყვარელ საქმეს სულ ახლახან, 6 თვის წინ მიაგნო.
სამკაულებს ეპოქსიდით და ბუნებრივი ყვავილებისგან ქმნის. ამბობს, რომ მუდმივ სიცოცხლეს ჩუქნის მათ. ეპოქსიდში ისინი არასდროს ჭკნებიან და ცოცხლებს ჰგვანან...
სამაჯურები, საყურეები, გულსაკიდები, სავარცხლები… მის გვერდზეც მრავალ საინტერესო და ლამაზ სამკაულს იპოვით. სამომავლოდ კი მრავალ სიახლეს აპირებს. – სოფიკო ხარაზიშვილის პერსონა.
– თქვენი ნამუშევრები ეპოქსიდით იქმნება. როდის დაიწყეთ ამ სითხით მუშაობა?
– ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარდა რაღაცების აწყობა, გაფორმება. გამოუსადეგარ ნივთებსაც განვაახლებდი ხოლმე.
მალე გავთხოვდი და ოჯახს მივყევი ხელი, მაგრამ სულ მინდოდა, ხელსაქმე მესწავლა ან მომეფიქრებინა ისეთი რამ, რასაც ყველა არ აკეთებს.
ინტერნეტშიც მუდამ ვეძიებდი საინტერესო იდეებს ხელსაქმისთვის და დიდი ხნის შემდეგ მივაგენი ამ საოცარ სითხეს, რისგანაც ბევრნაირი სილამაზე კეთდება. ჯერ ინტერნეტში ვსწავლობდი და თან ნელ-ნელა ვაგროვებდი ყველა საჭირო მასალას. ოცნებად მქონდა, მალე დამეწყო კეთება. ეს საქმიანობა 6 თვის წინ დავიწყე და აი უკვე აქამდეც მოვედი.
– სამაჯურები, საყურეები, გულსაკიდები, სავარცხლები… ბუნებრივი ყვავილებისგან მზადდება… რომელ ყვავილებს იყენებთ?
– პირველად ერთბაშად ბევრი სავარცხელი ჩამოვასხი, თუმცა პატარა შეცდომა დავუშვი და ყველა გავაფუჭე. კინაღამ გული გამიცრუვდა. მაგრამ მივხვდი შეცდომას და დავიწყე სხვადასხვა რამეების კეთება.
ძალიან მსიამოვნებს პროცესი. სულ ახალ-ახალი იდეები მებადება. შემიძლია სულ ვაკეთო და არ დავიღალო.
ყველანაირ ყვავილს ვინახავ, სადაც კი ყვავილს დავინახავ, ყველაფერს ვაგროვებ და ვაშრობ, რადგან ამ დროს მხოლოდ მშრალი ყვავილები გამოიყენება. ყვავილები უზომოდ მიყვარს და ახლა უფრო მეტად, როცა ვიცი, რომ მუდმივ სიცოცხლეს ვჩუქნი მათ. ეპოქსიდში ისინი არასდროს ჭკნებიან და ცოცხლებს ჰგვანან.
– საყვარელი ყვავილი? რატომ ანიჭებთ უპირატესობას ცოცხალ ყვავილებს?
– საყვარელი ყვავილი არ მაქვს. ყველა ყვავილი მიყვარდა ბავშვობიდან. მაგრამ მოკრეფა მენანებოდა, რადგან ვიცოდი, მერე დაჭკნებოდა. ახლა კი მსიამოვნებს ყვავილების მოკრეფა, რადგან ვიცი, მუდამ ასეთებად დარჩებიან. ჩვენთან ძალიან უცხოა, გქონდეს ცოცხალი ყვავილის სამკაული. ამიტომაც უპირატესობას ყვავილებს ვანიჭებ, თუმცა ბევრი რამის გამოყენება შეიძლება ამ სითხეში.
– როგორ მოდის ფანტაზია?
– შეიძლება დავინახო რაღაც ფორმის საყურე და მასში ყვავილი წარმოვიდგინო, ან უცხო საიტზე ვნახო რამე და მე უკეთესად გავაფორმო. გონებაში ვხატავ და მერე გადმომაქვს ყალიბში. ვქმნი დიზაინს და ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება, რადგან შრომას 2 ან 3 დღე სჭირდება.
– „სოფოს ეპო‘არტ“ – პირადი ბლოგი გაქვთ, სადაც თქვენი ნამუშევრები ქვეყნდება… რა სიახლეს შესთავაზებთ მომხმარებელს უახლოეს ხანში?
– ახლახან სიახლე შევთავაზე მომხმარებელს. ის ჩემი ყვავილებით სასურველი დიზაინით თავად შექმნის სავარცხელს. თვითონ ჩაალაგებს ყალიბში ყვავილებს, რამდენიც უნდა და როგორიც უნდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. ანუ ერთად შევქმნით დიზაინს. მე დავეხმარები და რჩევებს მივცემ, როგორ ჩადოს თავისი არჩეული ყვავილები. მე მხოლოდ დავამუშავებ სითხით და გავამყარებ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ახლა ეს გახდა. მახარებს და მაბედნიერებს ამის კეთება. გათენებაც მიხარია, რადგან ვიცი, მზად დამხვდება და ვნახავ, თუ როგორი გამოვიდა.
– ოჯახი. თუ გეხმარებათ ოჯახი თქვენს საქმიანობაში?
– თავიდან დედა დამეხმარა ამ იდეის განხორციელებაში და ყალიბების შეძენაში. თუმცა მარტო ვმუშაობ. ცალკე ვცხოვრობთ ქირით მე, ჩემი მეუღლე და პატარა. პატარას ძალიან უყვარს ჩემი ხელნაკეთობები, სულ მეუბნება – „დე, რა ლამაზია, დე, მიყვარს ესეც“…
– სამომავლოდ…
– მომავალს ახლა სულ ეპოქსიდით კეთებაში ვგეგმავ. მინდა ბევრმა ნახოს ჩემი ნამუშევრები. ასევე მინდა ოთახის დეკორი და ღამის სანათები შევქმნა ყვავილებით. გაჩერებას არ ვაპირებ. სულ სიახლეები მექნება.
თამარ შაიშმელაშვილი