მუსიკა ბავშვობიდან მისი გატაცება იყო, როგორც ამბობს, მისი სიყვარული დაბადებიდან დაჰყვა. გული ესტრადისკენ მიუწევდა, 12 წლის ასაკში გიტარაზე დაიწყო სიარული და მალე მის ერთგულ თანამგზავრად იქცა…
10 წელზე მეტია წერს სიმღერებს და ტექსტებს, უკვე 22 უცხოენოვანი სიმღერის ავტორია.
„ქართული მუსიკა ვინილზე“ – მისი იუთუბ-არხია.
2015-2016 წლებიდან აგროვებს ქართულ ფირფიტებს. აქვს 550-600 ცალი ქართული ფირფიტა, დაახლოებით 330 ქართული ფირფიტა გააციფრა, მომავალში კიდევ უამრავის დამატებას აპირებს. ამბობს, რომ ამ საქმეს უამრავი დრო, ენერგია, ნერვები და ფინანსები სჭირდება, მაგრამ ბედნიერია, რადგან სიყვარულით აკეთებს.
მისი ფსევდონიმია მაკარტნი. მუსიკა კი მისთვის ჰობზე მეტია. – ლუკა შაიშმელაშვილის პერსონა.
– ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდია, რომელსაც ვერასდროს დააბრუნებ. მეც, როგორ ყველა ბავშვს, მიყვარდა ცელქობა, მხიარული ბავშვი ვიყავი, ძალიან მიყვარდა ეზოში ფეხბურთის თამაში, საათობით შემეძლო მეთამაშა ფეხბურთი ისე, რომ არ დავღლილიყავი.
– სიმღერა ბავშვობიდან გიყვარდა. როგორ დაიწყო ეს სიყვარული?
– მუსიკის სიყვარული და ინტერესი დაბადებიდანვე დამყვა, ჩემს ოჯახში ყველა მღერის, დედ-მამა, ძმები და ალბათ მათ რომ ვუსმენდი, ეს სიყვარული და ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა ჩემში. მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღესდღეისობით ასე ახლოს ვარ მუსიკასთან. 6-7 წლის ვიყავი, როცა ანსამბლ „მართვეს“ ბავშვთა სტუდიაში დავიწყე სიარული, არტოს ბაღში ქართულ ხალხურ სიმღერებს და საკრავებს ვეუფლებოდი. ჩემი პირველი სიმღერის მასწავლებელი ამ განხრით იყო ქალბატონი ალდონა ერქომაიშვილი, შემდგომ კი – ბატონი კახა შაქიშვილი.
2-3 წელი ვიარე და შემდეგ დავანებე თავი, ალბათ უფრო ესტრადისკენ მიმიწევდა გული, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ქართული ხალხური სიმღერებისადმი, რომლებსაც ახლაც, შეძლებისდაგვარად, ვასრულებ.
ამის პარალელურად მე-18 საჯარო სკოლაში, ჩემი პირველი დამრიგებლის, ქალბატონი ეთერ მარგველაშვილის და მუსიკის მასწავლებლის ქალბატონი ია გერგაულის ძალისხმევით, ვმონაწილეობდი უამრავ ღონისძიებაში, სადაც ძირითადად მუსიკალური ნომრებით ვიყავი წარმოდგენილი.
12 წლის ასაკში გიტარაზე დავიწყე სიარული ქალბატონ ქეთი ყიფშიძესთან, რომელმაც მომცა სწორი მიმართულება მუსიკაში და რაც მთავარია, უფრო გამიღრმავა გიტარისადმი ჩემი სიყვარული და ინტერესი, 1-2 წელი მასთან ვეუფლებოდი გიტარას, სიმღერას… ალბათ ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ მუსიკა გამხდარიყო ჩემი ცხოვრების მეგზური, ჩემი უღალატო მეგობარი…
– სიმღერებს წერ, გიტარაზე და ფორტეპიანოზე უკრავ. რამდენი სიმღერა დაწერე და რომელს გამოარჩევდი?
– დაახლოებით 2010 წლიდან ვწერ სიმღერებს, მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემი პირველი სიმღერა იყო – Wings For Me. მე არა მარტო მუსიკას, არამედ ტექსტებსაც ვწერ… უკვე დაახლოებით 22 უცხოენოვანი სიმღერა დავწერე,.
ჩემი ძირითადი საავტორო სტილი არის – პოპ როკი, პოპ ბალადა… ამ ჟანრებში გაცილებით უკეთ გამომდის სიმღერების წერა. ვუკრავ გიტარასა და ფორტეპიანოზე, თუმცა როცა სიმღერას ვწერ, აუცილებლად ვწერ გიტარაზე, შემდეგ კი გადამაქვს ფორტეპიანოზე. ჩემი ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი 3 ნაწარმოებს, რომლებიც 6-7 წლის წინ დავწერე. ესენია: Still My One And Only, My First Valentine (Winter Rose) და Sun of June.
რომ მითხრან, უარყავი შენი ყველა სიმღერა და დაიტოვე მხოლოდ სამიო, ამ 3 სიმღერას დავიტოვებდი.
იხ. ბმული: https://soundcloud.com/luka_sh/sun-of-june
– შენი ფსევდონიმია „მაკარტნი“. როდის დაიწყო მაკარტნის სიყვარული?
– რაც შეეხება ჩემს ფსევდონიმს, ბევრი ფიქრობს, რომ სახელი „მაკარტნი“ მე დავირქვი, სინამდვილეში კვარტეტ „4 გიას“ წევრმა, ბატონმა გია ნაცვლიშვილმა დამარქვა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ძალიან კარგ პიროვნებას, რომლისგანაც უამრავი ცხოვრებისეული და მუსიკალური რამ ვისწავლე.
გიასთან რამდენიმე თვე ვმღეროდი, ერთი ალბომი და რამდენიმე სიმღერაც ჩავწერეთ ერთად ამ ხნის განმავლობაში მის ანსამბლთან ერთად, თუმცა დროის უქონლობის გამო მისი ანსამბლიდან წამოსვლამ მომიწია.
– „ქართული მუსიკა ვინილზე“ – შენი იუთუბ-არხია. როგორ დაიწყე ვინილის ფირფიტების შეგროვება და ამ არხისთვის ციფრული ვერსიების ჩაწერა?
– ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორი იყო მუსიკალური ფირფიტიდან მიღებული ხმა, როგორც კი საშუალება გამიჩნდა, ვიყიდე თანამედროვე ფირსაკრავი და შეძლებისდაგვარად დავიწყე ძირითადად ქართული ფირფიტების შეგროვება.
დაახლოებით 2015-2016 წლებიდან ვაგროვებ ქართულ ფირფიტებს. მაქვს 550-600 ქართული ფირფიტა, უშუალოდ ეს „პროექტი“, რომელსაც დავარქვი „ქართული მუსიკა ვინილზე“ / Georgian Music On Vinyl დავიწყე 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში და დღემდე ვაგრძელებ დიდი წარმატებით და ენთუზიაზმით.
9-10 წლის წინ წავაწყდი „იუთუბიზე“ გოგა ქართველიშვილის და სანდრო ცქიტიშვილის გაციფრებულ ჩანაწერებს, რომლებიც არიან ნამდვილი პიონერები ამ კეთილ საქმეში. მათი გაციფრებული ჩანაწერები ძალიან მომეწონა, თუმცა ეს ყველაფერი ინტერნეტსივრცეში ძალიან შეზღუდული რაოდენობით იყო წარმოდგენილი ალბომების სახით, რამაც გადამაწყვეტინა, რომ შემექმნა ჩემი პლატფორმა, რომელიც ძალიან ფართო სპექტრის იქნებოდა.
ჩემს პლატფორმაზე შეგიძლიათ მოისმინოთ ქართული ფოლკლორი, როგორც სიმღერები ასევე საგალობლები, ქართული ხალხური ზღაპრები, უცხოური ხალხური ზღაპრები, რომლებსაც ქართველი მსახიობები კითხულობენ, ქართული ოპერები, უცხოური ოპერები ქართველი მომღერლების შესრულებით, ინტერვიუები ქართველ მსახიობებთან, ნაწყვეტები ქართული სპექტაკლებიდან, ქართული პროზა – პოეზია და სხვ.
– რამდენი ხელმომწერი გყავს და რამდენი ფირფიტა გააციფრე უკვე?
– ჩემს იუთუბ-არხს ამჟამად ჰყავს 2000 ხელმომწერი, დაახლოებით 330 ქართული ფირფიტა გავაციფრე, მომავალში კიდევ უამრავის დამატებას ვაპირებ.
ძნელია ყველა ადამიანს აუხსნა, თუ რამხელა დრო, ენერგია, ნერვები და ფინანსები მიაქვს ამ ყველაფერს, თუმცა მე ეს საქმიანობა მიყვარს, რაც მაძლევს სტიმულს, ენთუზიაზმს, გამოვნახო დრო, მქონდეს ენერგია ამ საქმის გასაკეთებლად, რომელიც უამრავ ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და გააბედნიერებს მათ მომავალშიც.
– პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტი ხარ და წლებია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობ. სიმღერისთვის და ფირფიტებისთვის დროს როდის ნახულობ? როგორ აგროვებ ფირფიტებს?
– დაახლოებით 7 წელია მიკროსაფინანსოში ვმუშაობ, საბანკო საქმის სპეციალისტი ვარ. ეს საქმიანობა უდიდეს დროს და ენერგიას მოითხოვს, ძალიან საპასუხისმგებლოა, როგორც ყველა სამსახური, თუმცა როცა შენი ჰობი ძალიან გიყვარს და ხალხისგანაც გრძნობ დადებით განწყობას შენი და შენი საქმის მიმართ, ეს ყველაფერი გაძლევს სტიმულს, რომ გამონახო დრო, ენერგია, ფინანსები და ეს საქმე აკეთო, რასაც მე უკვე 2 წელია ვემსახურები. ფირფიტების შეგროვებას რაც შეეხება, ძალიან რთულია, რადგან ქართული ფირფიტების უმრავლესობა, მითუმეტეს კარგ მდგომარეობაში, უკვე აღარ არსებობს. ბევრი ქართული ფირფიტა უცხოეთიდან გამომიწერია, ბევრს მშრალ ხიდზე ვყიდულობ, ზოგი ოჯახებიდან მომაქვს, ზოგს მჩუქნიან კეთილი ადამიანები.
– ვინილის ფირფიტა დღეს დავიწყებულია. რით არის ეს ფირფიტები და მისი ჟღერადობა უნიკალური?
– ვინილის ფირფიტა დღეს, ასე თუ ისე, მივიწყებულია, მელომანების ალბათ 5 პროცენტი თუ უსმენს მუსიკას ფირსაკრავზე. თუმცა როცა ერთხელ მოისმენ იმ ხმას, რასაც ფირსაკრავი გაძლევს, შემდეგ სულ გექნება ფირფიტიდან მუსიკის მოსმენის სურვილი.
როდესაც ფირფიტას უსმენ, თითოეული ინსტრუმენტის ხმა გესმის გამოკვეთილად და მკაფიოდ. რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ქართული ფირფიტები იწერებოდა, თითოეული ინსტრუმენტის პარტიას, მაგალითად, საყვირის პარტიას უკრავდა საყვირი, ბას გიტარის პარტიას უკრავდა ბას გიტარა, ახლა კი ყველაფერი ერთი ინსტრუმენტით კეთდება, რაც, ბუნებრივია, აისახება მუსიკის ხარისხზე და მუსიკა არ გამოდის ისეთი ხარისხიანი, როგორიც ადრე იყო.
– შენი კოლექციიდან რომელ ფირფიტებს გამოარჩევდი?
– ჩემი კოლექციიდან გამოვარჩევდი ბავშვთა ჯაზ – როკ ანსამბლ „ალიონს“, რადიოსა და ტელევიზიის ანსამბლს, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს „თეატრონი“, ასევე – ანსამბლ „კოლხიდას“, ანსამბლ „აისს“….
– ამჟამად ახალი რა ატვირთე იუთუბ-არხზე?
– დღეს ავტვირთე „იუთუბიზე“ ქართველი მსახიობების მიერ გახმოვანებული ინდონეზიური ზღაპრების ფირფიტა.
– მუსიკა ჰობზე მეტიაო, ამბობ. კიდევ რა არის შენი ჰობი?
– ჩემი ჰობი არის ასევე ქართული კასეტების შეგროვება, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც დავიწყე. დაახლოებით 150 ქართული კასეტა შევაგროვე. ქართული კასეტა, 90-იანი და შემდგომი წლებია, ანუ პერიოდი, რომელიც ჩემს უდარდელ ბავშვობასთან ასოცირდება. გაგიკვირდებათ და, ქართული კასეტის შოვნა უფრო მიჭირს, ვიდრე ქართული ფირფიტის.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, რომ კიდევ უფრო გავაფართოო ჩემი პლატფორმა „იუთუბიზე“ და ყოველდღიურად თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც ავტვირთო ახალი ქართული ფირფიტა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ქართული მუსიკა, ქართული ანსამბლები, ქართველი მომღერლები, ქართული ზღაპრები…
თამარ შაიშმელაშვილი