ამირან გამყრელიძე: როცა „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია შემოვა, უკვე 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება
“როცა „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია შემოვა, უკვე 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციისგან.
„16-17 წლის მოქალაქეების აცრა მალე დაიწყება, მინისტრის ბრძანება უკვე მომზადებულია. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირაში ეს ბრძანება გამოქვეყნდება. შესაბამისად, როცა „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია შემოვა, უკვე 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებს, ამაზე ხშირად ისმის კითხვა. ჯერ თავს ვიკავებთ. იცით, რომ ამ ასაკში ჯერ მხოლოდ კანადა, აშშ, ინგლისი, იტალია და ჯამში, რამდენიმე ქვეყანა ცრის, თავიანთი მარეგულირებლების გადაწყვეტილებით. თუმცა, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან ევროპის წამლის სააგენტო არ აღიარებს ამას, ჩვენ თავს შევიკავებთ.
რაც შეეხება ბავშვების ინფიცირების წილს, 18 წლამდე მოქალაქეების წინ საერთო ინფიცირების მაჩვენებელში 17-18%-ია. ინფიცირებულებიდან რამდენია ჰოსპიტალიზებული, ვერ გეტყვით. თუმცა, ჰოსპიტალიზაცია იზრდება იმის გამო, რომ ეს შტამები უფრო აგრესიული მიმდინარეობისაა, განსაკუთრებით „დელტა“ შტამი“, – განაცხადა გამყრელიძემ.