სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის – HERMES-LOGIX-ის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის HERMES-LOGIX აღმასრულებელ დირექტორთან სოკ-ჰო ლისთან (Suk-Ho Lee) გამართა.

HERMES-LOGIX 1995 წლიდან ოპერირებს და კორეის მასშტაბით ფლობს უამრავ სასაწყობე სივრცეს, სატრანსპორტო საშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს სრულ სასაწყობე და ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ქართული ღვინის კომპანიებისთვის ლოგისტიკური მომსახურების გაწევის შესაძლებლობები. კომპანიამ წარმოგვიდგინა დეტალური ინფორმაცია ტარიფებისა და განსაკუთრებული შეთავაზების შესახებ. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხებზე“,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს HERMES-LOGIX კომპანიის ძირითადი საწყობი ქალაქ იონგინში. სასაწყობე სივრცე განთავსებულია 4 ჰა ფართობზე და აღჭურვილია უახლესი ტექნილოგიებითა და სისტემებით.

მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025” ესწრება და, ამასთან ერთად, შეხვედრებს მართავს კომერციული სექტორისა და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება კორეის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები