ომბუდსმენი: ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას – მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, პოლიტიკოსების და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას აყენებს.
„ეს ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას, მათ შორის, არაერთი საჯარო შეკრების ადგილზე. ღიად ამბობდნენ და მოუწოდებდნენ მომხრეებს, რომ მათგან განსხვავებულები არიან მტრები, ისინი ვალდებულები არიან იძალადონ მათგან განსხვავებულზე. შესაბამისად, სახელმწიფოს ჰქონდა ყველა წინაპირობა და ინფორმაცია, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები არიან კარგად ორგანიზებულები. მიუხედავად ამისა, პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.
რა თქმა უნდა, ყველას გვსურს დროულად ვიხილოთ ექსპერტიზის შედეგები, მაგრამ ის რაც ვნახეთ, იყო არაადამიანური დამოკიდებულება და უპატივცემულობა გარდაცვლილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. შესაძლებელი იყო, უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.