„ყველა ნივთი რაიმე ემოციით იქმნება“ – ნაყინის ვედრო ბრიტანული მოგონებებით, მილანი თეფშზე და… გულით გაცოცხლებული გარდასული წამები

პროფესიით ინჟინერკონსტრუქტორია, მაგრამ პროფესიით სულ 3 წელი იმუშავა, მას შემდეგ ადმინისტრაციულ საქმიანობაეწევა
ამბობს, რომ ქსოვა, ხატვა და ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ მოგვიანებით გაიხსენა ისინი. ამის საშუალება დისტანციურმა მუშაობამ მისცა.
ქმნის ბოთლებს, საყვავილეებს, დეკორატიულ ყვავილებს, თეფშებს, ლარნაკებს, ჩანთებს… მანამდე ქსოვდა ქუდებს, შარფებს, ტანსაცმელს…
ამ ყველაფერთან ერთად უყვარს ეზოში მუშაობა, ყვავილების მოვლა და ხელსაქმე. – თეა მორბედაძის პერსონა. 

– პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი ხართ. ადმინისტრაციულ საქმიანობას ეწევით… როდის გაიხსენეთ ბავშვობის გატაცება – ხელსაქმე?
– ბავშვობაში ვხატავდი და სკოლამდელ ასაკში მქონდა საბავშვო ბაღში პერსონალური გამოფენა. დედაჩემი დღესაც ინახავს იმ ნამუშევრებს.
ხელსაქმე მშველის მთელი ცხოვრების მანძილზე. როდესაც რთული პერიოდი მქონია ცხოვრებაში, ან ვხატავდი ან ვქსოვდი, ამ დროს ჩემი ფიქრები შორდება ყოფით პრობლემებს და ნაოცნებარი სამყარო რეალურს უახლოვდება. ასე ვახერხებ სირთულეების მშვიდად გადატანას.
ამბობთ, რომ პანდემიამ მეტი საშუალება მოგცათ, ხელნაკეთი ნივთებისთვის მიგეხედათ…
– პანდემიაც გამოცდა იყო და არის ჯერ კიდევ. თუმცა პირველი კარანტინი სრული შოკი იყო. ძალიან ამიტანა შიშმა და სულიერი წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა, სახლში დავკავდი დიზაინით. დავიწყე კარისა და ფანჯრების ჩარჩოების ღებვა და მოხატვა დეკუპაჟის სტილით და აკრილის საღებავებით.
ეზოში ყვავილები დავრგე და დავთესე მწვანილი, თუმცა ვარდების მოვლა მანამდეც მიყვარდა.
ეზოში მუშაობა კი განსაკუთრებით ფილოსოფიურ განწყობილებას მიქმნის, არც კი ვიცი, როგორ გადმოგცეთ ის განცდა, პაწაწინა თესლს რომ ჩააგდებ მიწაში და იქიდან მშვენიერება აღმოცენდება, იზრდება, ცხოვრობს და მერე კვდება ადამიანივით, და კიდევ – უფრო ლამაზად. ამ მარადიულობაზე და ამავდროულად წუთის წუთისოფელზე ფიქრი შლის ყოველგვარი შიშისა თუ ფორიაქის განცდას და  სიმშვიდე მოაქვს.
აღარ გეშინია აღარც ვირუსის და არც უსასოობის, არ გაბრაზებს ისეთი ყოველდღიური წვრილმანი, როგორიცაა, რა ჩავიცვა ან რა საკვები მივიღო.
ხანდახან ისე გავერთობი ხოლმე, სადილის გაკეთება მავიწყდება და საღებავებით დასვრილ სამუშაო მაგიდას ვახვედრებ ქმარ-შვილს.
– პირველი ნივთები…
– პირველი ნივთი კულას წვენის ბოთლი იყო, რომელზედაც მეგობრის ნაჩუქარი საახალწლო მისალოცი ბარათი გადავიტანე და აკრილის საღებავებით მივხატე. მერე იყო – თეფში და არყის ბოთლი, რომელზედაც გადავიტანე იტალიიდან ჩამოტანილი ტურისტული ბარათები.
იტალია, იტალიური ენა და კულტურა ჩემი მეორე დიდი გატაცებაა… რადგან შიში გამიჩნდა, რომ ვეღარასოდეს შევძლებდი ფლორენციაში ჩასვლას, ყველაფრით ვცდილობდი, ის შემთხვევით გამოყოლილი ბარათებიც კი ისეთ ნივთებად მექცია, რომლებსაც ყოველთვის დაინახავ  და ხელით შეეხები, გააცოცხლებს მოგონებას და გულს გაათბობს… ანდა რაიმე გამახსენდება ბავშვობის წლებიდან, იმერული არდადეგები და ნათესავთან სოფელ კლდეეთში ნანახი ორღობე.
– გამოირჩევა თქვენ მიერ გაფორმებული ბოთლები… ბოთლი, როგორც პატარა ბაღი სამზარეულოს თაროზე…
– საქართველოს ბუნებამ შემიპყრო, ვირტუალურად მოგზაურობამ იქამდე მიმიყვანა, რომ ღვინის ბოთლების მთელი სერია შევქმენი. ბევრი საჩუქრებადაც დავარიგე.
საახალწლოდ ახალი იდეა გამიჩნდა, სახლში მოცლილობის დროს მომზადებული ყველა ლიქიორი შესაფერის ბოთლში ჩამესხა. საახალწლოდ ხელნაკეთი საჩუქრები დავურიგე მეგობრებსა და ნათესავებს…
ყველა ნივთის შექმნისაკენ რაღაც მოვლენა ან ემოცია მიბიძგებს. რაში გადმოვცემ ამ ემოციას, ნაქსოვ ტანსაცმელსა თუ შარფებში, ან კიდევ მოხატულ ნივთებში, წინასწარ არასოდეს  ვიცი. კონიაკის ბოთლი შეიძლება მეზობლის ღობედ გადაიქცეს… ანდა, მილანი თეფშზე მოთავსდეს!…
– ჰობი…

ნაყინის ვედრო ბრიტანული მოგონებებით

– ოთარ ჭილაძე რომ არ გადავიკითხო დროდადრო, არ შემიძლია, ახლა ზაირა არსენიშვილმა დამიპყრო მთლიანად. განსაკუთრებით მომწონს მისი წერის მანერა – უპირობოდ იგრძნობა ქალი, ძლიერი და სუფთა გულის ქალი, უნიჭიერესი და ძალიან საინტერესო. გაგეცინებათ და განსაკუთრებით მიხარია, რომ არის ქალი! ლანა ღოღობერიძემ მომნუსხა თავისი მოგონებებით ამ ცოტა ხნის წინ.

შვილი – ნინო კირვალიძე

თუმცა, პირველ რიგში, მაინც ყველას გისურვებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, მეგობრების ჩახუტებას და რაც შეიძლება მეტი სასიხარულო ამბის გაგებას მთელი საქართველოს მასშტაბით!
– ოჯახი...
– მყავს მეუღლე – ნიკოლოზ კირვალიძე და შვილი, ნინო კირვალიძე. ნინიკო ხელოვნებათმცოდნეა, მაგრამ პროფესიით ისიც არ მუშაობს. მეხმარება იმით, რომ ჩემი სულისთქმა და მუზაა, შთაგონების წყარო
აქვს განსაკუთრებული გემოვნება და იცის პირდაპირი კრიტიკა. სულ მომიწოდებს, ბევრი ვხატო ჩემი იდეების მიხედვით, თუმცა პროფესიონალი მხატვარი არ ვარ.
– სამომავლოდ?
– ამ ყველაფრის გარდა, სამომავლო გეგმებში იტალიური ენის სრულყოფილად შესწავლა მაქვს. იმედია, ეს ვირუსიც უკან დაიხევს და ადამიანი აჯობებს მას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები