„ხშირად მეუბნებიან, რომ სარკე მათ სახლში, მართლაც, მზესავით ანათებს და ასხივებს“

ხელნაკეთი ნივთებით ბავშვობიდან არ დაინტერესებულა. სკოლის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგიურზე განაგრძო სწავლა. პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ  და კარანტინმა კი სხვა ინტერესებიც გაუჩინა – ჯერ საახალწლო აქსესუარები, შემდეგ კი  მზის ფორმის დეკორატიული სარკეების დამზადება დაიწყო. სარკეები დიდი მოწონებით სარგებლობს ინტერნეტში.
ამბობს, რომ მზის სტილის სარკეებს სახლში შეაქვს დადებითი ენერგეტიკა, სარკეებგაწყობილია სხვადასხვა დეტალით, რაც   განსაკუთრებულობას ანიჭებთ მათ. – ანა ხუბუას პერსონა.
– ლაღი, ფერადი უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემს წარმოდგენაში თავი მხოლოდ მაშინ წარმომედგინა დასაქმებულად, როცა უნივერსიტეტს დავასრულებდი და არც კი მიფიქრია, რომ 18 წლიდან შევძლებდი დამოუკიდებლობას. ბავშვობის ასაკში ჩემი ინტერესის სფერო არ ყოფილა ხელნაკეთი ნივთები და ხელოვნება.
დედა დიასახლისია, მამა კი ბევრ საინტერესო შენობასა თუ სახლს უკეთებს რესტავრაციას. მამა ჩემი თანამოაზრეა და როცა რაღაც იდეა მებადება, პირველი მას ვუზიარებ.
– როდიდან დაიწყეთ ინტენსიურად ხელნაკეთების დამზადება?
– ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ფსიქოლოგიურზე. ეს პროფესია ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაშიც მეხმარება ხალხთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
როცა დაიწყო პანდემია, ვხედავდი, ნელ-ნელა როგორი აქტიური ხდებოდა ინტერნეტგაყიდვები.
ახალი წლის პერიოდში დამებადა სურვილი, შემესწავლა საახალწლო აქსესუარების მზადების პროცესი. ბევრი ფიქრის გარეშე ყველაფერი დეტალურად შევისწავლე, შევიძინე საჭირო მასალები და მალევე აქტიურად დავიწყე ეს საქმიანობა.
– საახალწლო აქსესუარებს ამზადებდით… ახლა სარკეებია წამყვანი…
– თავდაპირველად საქმიანობა წამოვიწყე საახალწლო აქსესუარებით, რასაც ძალიან მოკლე დროში დიდი გამოხმაურება, მოწონება და შეკვეთები მოჰყვა. ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შევიძინე, რომლებისთვისაც აუცილებლად უნდა შემეთავაზებინა რაღაც ახალი, სასიამოვნო, საინტერესო და ხარისხიანი პროდუქტი. მალევე შევთავაზე მომხმარებლებს  მზის მსგავსი დეკორატიული ხელნაკეთი სარკეები, რომლებმაც არანაკლები გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა.
როგორ დაიწყეთ სარკეების დამზადება? რატომ მზე?
– სარკეების დამზადებაც  დეტალურად შევისწავლე ამოუწურავი ინტერნეტრესურსის მეშვეობით, და დავიწყე მისი შექმნა ჩემი ინტერპრეტაციით.
მზე ჩემთვის ასოცირდება ყველაფერ დადებითთან, ვფიქრობ, ამ სტილის სარკეებს სახლში შემოაქვს დადებითი ენერგეტიკა და ამას მომხმარებლებიც ხშირად მეუბნებიან.
– თქვენი მზის სარკეები თანამედროვე სტილის, ორიგინალური და ლამაზებია…  რამდენ ხანს უნდებით თითოს დამზადებას?
– თითოეული სარკის მზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა – სასიამოვნო. ერთი სარკის სრულყოფას საშუალოდ 3-4 საათს ვუთმობ, გააჩნია სირთულეს.
– რამდენად მოსწონთ ეს სარკეები მომხმარებლებს?
– მომხმარებლები ხშირად მეუბნებიან, რომ სარკე მათ სახლებში მართლაც მზესავით ანათებს და ასხივებს. ბევრისთვის უცხო სტილია, რაც იწვევს მათ დაინტერესებას. მზის ფორმა ასოცირდება დადებით ენერგეტიკასთან და განსაკუთრებულს ხდის მას მომხმარებლებისთვისთვის. აღსანიშნავია ხელმისაწვდომი ფასიც, რითაც მომხმარებლების უმეტესობა კმაყოფილია.
– როგორ მუშაობთ? რა მასალას იყენებთ?..
– ყველა დეტალზე ვმუშაობ ხელით. სხივები მზადდება ხის მასალისგან, რომელსაც შემდეგ ვღებავ მომხმარებლისთვის სასურველ ფერებში. სარკეებს ვაწყობ სხვადასხვა დეტალითაც, რაც სძენს მათ განსაკუთრებულობას.
– დღეს ბევრი ქმნის ხელნაკეთ ნივთებს, როგორ უნდა  შეინარჩუნო ორიგინალობა, რომ სხვას არ ჰგავდე?
– ყოველდღიურად მხვდება ახალი მსგავსი სტარტაპები, რომლებიც ქმიან ხელნაკეთ ნივთებს, ვფიქრობ, რომ ხარისხი და ის ხასიათი, რომელიც გადმომაქვს პროდუქტში, ყოველთვის გამოგვარჩევს სხვისგან.
– პანდემია და თქვენი ხელოვნება. როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენს შემოქმედებაზე? – უარყოფითად თუ დადებითად?
– პანდემიამ, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო სტარტაპებს თავის შედარებით მარტივად დამკვიდრებაში, რადგან გაყიდვები გადავიდა მთლიანად ონლაინპლატფორმაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან რთული აღმოჩნდა – ყველაფერი იყო დაკეტილი და ყველამ ვერ მოახერხა ციფრულ პლატფორმაზე ადაპტაცია, საჭირო მასალების მოპოვება, რაც თავისთავად ცუდად მოქმედებდა ჩემს განწყობაზე.
– ჰობი…
ჩემი ახალი საქმიანობა ერთ-ერთი მთავარი ჰობია, რომელიც ვაქციე ბიზნესად – ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
– ალბათ მარტო სარკეებით არ შემოიფარგლებით….სამომავლო გეგმები…
–  ახლო მომავალში ვაპირებ შევქმნა კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი და გავამრავალფეროვანო კოლექცია. შორეული გეგმები კი ასეთია – მინდა გავხსნა საკუთარი შოურუმი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, ჩემი პროდუქციის დათვალიერება.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები