ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბავშვობიდან იზიდავდა. მეგობარიც იქვე ჰყავდა – სულ რაღაც 5 სართულით მაღლა. უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს, ცდილობდნენ რაიმე ახლის შექმნას…
7 თვეა თინათინ უგრხელიძემ და ქეთი ლობჯანიძემ ორიგინალური ნივთების საამქრო „კონა“ დააარსეს, სადაც ამზადებენ განსხვავებულ ხელნაკეთ ნივთებს.
თავდაპირველად ნაქარგი ჩანთებითა და ხელნაკეთი, დეკორატიული, მოხატული სარკეებით მიიპყრეს ყურადღება. თუმცა დროის განმავლობაში შემატეს სანათები, მოქარგული ბერეტები, ბაფთები, საყელოები, მაისურები...
„ეს საქმიანობა ეფუძნება ჩვენი ბავშვობის სურვილს – საკუთარი თავი გამოგვეხატა ლამაზ ნივთებში“, – ამბობს თინათინ უგრეხელიძე.
რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, იგი სწორედ პანდემიას და ბევრ დროს უმადლის, რომ შეექმნათ, „რაღაც „ჩვენი” და არავისი და არაფრის მსგავსი“.
თინათინ უგრეხელიძემ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ურთიერთობების (პიარი) ფაკულტეტზე მაგისტრატურაში სწავლობს.
3 წელია ჟურნალისტად მუშაობს გამომცემლობა marketer.ge-ში.
– ბავშვობაში თითქოს ყველაფერი საინტერესოა – ეს ხომ ის დროა, როცა ყოველ ახალ შეგრძნებას თუ მოვლენას გაოცებულები ვხვდებით.. მაგრამ, თუ რაიმე განსაკუთრებულად საინტერესოს ხდიდა ჩემს ბავშვობას, ალბათ ეს ოცნებები და შემოქმედებითი საქმიანობა იყო. გამიმართლა და ჩემნაირი ბუნების ადამიანი ძალიან ღრმა ბავშვობიდან ვიპოვე – ის ძალიან ახლოს, სულ რაღაც 5 სართულით მაღლა იყო.
ჩვენი ბავშვობის წლები თამაშის გარდა შემოქმედებით საქმიანობაშიც გადიოდა – აქტიურად ვუკერავდით თოჯინებს სამოსს, ვხატავდით, ვქარგავდით, ვქსოვდით, ვაწყობდით სამკაულებს ბისერებისგან… აი, ზემოთ რომ ოცნებები ვახსენე, ერთი ეგეთი ოცნება ისიც იყო, დიდები რომ გავიზრდებოდით, დიზაინერები გავმხდარიყავით და საკუთარი ბრენდი გვქონოდა. და ისე, როგორც ყველას ცხოვრებაში, ჩვენმა ბავშვობამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ჩვენს ზრდასრულობაში.
– სკოლის დროს ანდა სტუდენტობის პერიოდში თუ გიყვარდათ ხატვა, ხელოვნება ზოგადად?
– ხატვა ყოველთვის მიყვარდა – ალბათ მაშინაც კი, როცა ამას ვერ ვაცნობიერებდი. არასდროს მივლია ხატვაზე, თუმცა ცხოვრების ყოველ მომდევნო ეტაპზე სულ უფრო ძლიერად მინდებოდა ჩემი ამ მიდრეკილებისთვის ოდნავ უფრო სერიოზული ფორმა მიმეცა. ახლაც მაქვს შენახული რვეულები, რომელთა ბოლო გვერდებიც ჩემებურ სტილში მაქვს მოხატული – ამ ყველაფერს სკოლაში, გაკვეთილებზე ვაკეთებდი.
ხელნაკეთი ნივთების დამზადება, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობიდან მიზიდავდა. მუდმივად ვცდილობდი, რაღაც ახალი მომეფიქრებინა და მეცადა.. ახლანდელი გადმოსახედიდან ეს ჩემი მცდელობები ჩხირკედელაობას უფრო ჰგავდა, მაგრამ მსგავსი საქმიანობა ხომ ადამიანს საკუთარი თავის, უნარების და ფანტაზიის გაცნობაში ძალიან ეხმარება..
– 7 თვეა ორიგინალური ნივთების საამქრო „კონა“ დააარსეთ მეგობართან ერთად. ამბობთ, რომ სწორედ პამდემიამ შეგიწყოთ ხელი…
– დიზაინერული ბრენდის არა, მაგრამ „რაღაც ჩვენის“ შექმნა ნამდვილად ყოველთვის გვსურდა მე და ჩემს მეგობარს. პანდემიამდეც ბევრჯერ დავსხედით და ვისაუბრეთ, რისი გაკეთება შეგვეძლო – ვარიანტი ბევრი იყო, თუმცა, ძალიან ორიგინალური – არც ისე. თითქოს სწორ და სტრატეგიულ იდეამდე ვერ მივდიოდით და ამიტომაც ყოველთვის უკან ვიხევდით. პანდემიამ და მისგან გამოთავისუფლებულმა დრომ, ფაქტობრივად, გვიბიძგა უფრო მეტი გვეფიქრა და უფრო მეტი მოგვენდომებინა. იმავე პერიოდში ჩემს მეგობარს ქარგვის გახსენება მოუნდა და ქარგავდა, მე კი ერთ-ერთი სარკის ჩარჩოდან შთაგონება მივიღე და რამდენიმე დღე დამქონდა ჩემთვის სარკეების შექმნის იდეა. მოხდა ისე, რომ ქეთიმ ქარგვით, მე კი ხატვით წამოვიწყეთ ის, რაზეც ძალიან დიდხანს ვოცნებობდით.
– გვიამბეთ თქვენს მეგობარზე, ვისთან ერთადაც ამზადებთ ორიგინალურ ნივთებს… ალბათ ინაწილებთ საქმეს…
– როგორც უკვე აღვნიშნე, ქეთი ქარგავს, მე კი – ვხატავ. შესაბამისად, საქმე თავისითაა გადანაწილებული ორად. მისი და ჩემი უნარების კომბინაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ „კონა“ იყოს ნივთების საამქრო და არამხოლოდ ერთი რაიმე ნივთის დამამზადებელი ბრენდი.
– რას ნიშნავს ორიგინალური ნივთები? რითი განსხვავდება სხვა ნივთებისგან? ანუ მინდა ვთქვა, რომ დღეს უამრავი ადამიანი ამზადებს ხელნაკეთე ნივთებს და ალბათ იოლი არ იქნება, მათგან განსხვავებულის შექმნა…
– ჩვენ გარშემო მართლაც უამრავი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე დაკვირვება სწორედ იმას მახვედრებს, რომ ეს სექტორი ძალიან დიდი და უსაზღვროა. შესაბამისად, მართლაც ძალიან რთულია აქ თავის დამკვიდრება. თუმცა, კარგ, ხარისხიან, მიმზიდველ და საინტერესო ნივთებს ყოველთვის ახასიათებთ ერთი რამ – მათ აქვთ იდენტობა. ჩვენი ნივთები სწორედ ამით გამოირჩევიან – მათ აქვთ პირველადი დიზაინი, რომელიც სრულიად ჩვენს ფანტაზიას ეფუძნება და რომელზეც ძალიან დიდხანს გვაქვს ნაფიქრი. ხშირად უთქვამთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ ჩვენს ნივთებს ძალიან კარგი აურა აქვთ – ალბათ, ესეც იმ იდენტობის ბრალია. ჩვენ თითოეულ ნივთს ძალიან დიდი ყურადღებით და სითბოთი ვამზადებთ.
– ნაქარგი ჩანთები და ხელნაკეთი, დეკორატიული, მოხატული სარკეები… ამ ნივთებს დროთა განმავლობაში შემატეთ – სანათები, მოქარგული ბერეტები, ბაფთები, საყელოები, მაისურები… და მაინც, რაზეა ძირითადი მოთხოვნილება?
– ძირითადი მოთხოვნა ჩვენს პირველ პროდუქტებზეა – ანუ, ჩანთებსა და სარკეებზე და არც გვიკვირს – თუ რაიმემ შეგვაძლებინა, რომ „კონა“ წარმატებით განვითარებულიყო ამ თვეების განმავლობაში, სწორედ ამ ორმა ნივთმა განაპირობა.
– სარკეები… სიყვარულის, თავისუფლების, პატარა პრინცის… რომ თურმე ვისაც პატარა პრინცის სარკეები აქვს ოთახში, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე იყვნენ სარკის შეძენამდე… აი, ასეთი საინტერესო წარწერები გვხვდება „კონაზე“…
– ალბათ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ თითოეული სარკის მიღმა ისტორიაა. აი, წარმოიდგინეთ – მივიღე სარკის შეკვეთა ვარსკვლავებიანი ჩარჩოთი და ჩემი ამოცანაა, გავაკეთო ისეთი სარკე, რომელიც ლამაზთან ერთად მეტყველი და შინაარსიანი იქნება.
სანამ ხატვას ვიწყებ, გონებაში დიზაინს ვაწყობ და ვიხსენებ საკუთარ დამოკიდებულებას ვარსკვლავებთან, ცასთან.. ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რატომ შეიძლება დამკვეთს ისინი უყვარდეს – მოკლედ, ეს მხოლოდ მოხატვის პროცესი კი არ არის, არამედ ფიქრისა და გააზრებისა.
თუ ადამიანს ბროწეულებიანი სარკე სურს, ყოველთვის თავისით მიმეორდება გონებაში ანა კალანდაძის ლექსი ბროწეულებზე და ასე ვამზადებ სარკეს. სარკე პატარა პრინცის გაფორმებით ხომ ცალკე მოთხრობაა, რომლის დამზადებაც ყოველ ჯერზე უფრო სასიამოვნოა. მოკლედ, ჩემი სარკეები ჩემი მომხმარებლების და საკუთარი ფანტაზიის შერწყმის შედეგი და გამოხატვაა.
– ჰობი…
– ხანდახან ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება არა ერთი კონკრეტული საქმიანობა, არამედ ჰობების ნაზავია. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი ხატვასთან ერთად, წერაა. უკვე წლებია მაქვს ბლოგი, სადაც ჩემს ნააზრევს გულწრფელად გადმოვცემ. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება – ლამაზი კადრების დაფიქსირება.. და ასევე – ძალიან მიყვარს ჭადრაკი.
– ჟურნალისტი ხართ. როგორ უთავსებთ ძირითად საქმიანობას და „კონას“ საქმეებს ერთმანეთთან?
– ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა გვიანობამდე არ გრძელდება და ამიტომაც, მაქვს შესაძლებლობა, საღამოობით და უქმეებზე დავუთმო დრო კონას.
– სამომავლო გეგმები…
– პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად გვსურს, არის ის, რომ ჩვენი ონლაინმაღაზია გავმართოთ აბსოლუტურად ყველა კუთხით. გვინდა ისიც, რომ ჩვენი დამხმარე და ახლად დამატებული პროდუქტები უფრო მეტად განვავითაროთ და დავხვეწოთ. გონებაში გვაქვს რამდენიმე ახალი ნივთის შექმნაც, თუმცა ალბათ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, და როგორც ყველა დამწყებ ბიზნესს, ჩვენც გვაქვს უდიდესი სურვილი, რომ სამომავლოდ საკუთარი მაღაზია გვქონდეს, სადაც მომხმარებლებს ცოცხლად შეეძლებათ ნახვა იმისა, რასაც ვამზადებთ.
თამარ შაიშმელაშვილი