„და მე ეს ბედნიერება ქვებში ვიპოვე“…

პირველი ნამუშევრის შექმნის იდეა სამიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ სკვერში დაიბადა, ლოდინის დროს… მას შემდეგ, როგორც ამბობს, დაიწყო საქმე, რომელიც აბედნიერებს. საკუთარ თავს „ქვებზე მონადირეს“ უწოდებს,  ნამუშევრების დიდი ნაწილი კი  კარანტინის დროს შექმნა.
პატარ-პატარა ნოველები, ამბები… რომანტიკა და სიყვარული, – აი, ქვებით ამეტყველებული მისი ხელოვნება, მაგრამ ამბობს, რომ  ყველა ნამუშევარი სიყვარულია. – დავით გოდელაძის პერსონა.

 – ხელოვნება სკოლის დროსაც გიყვარდათ?
– ალბათ დაბადებიდან ხელოვნების მოყვარული ვარ. მხატვრობის კუთხით  განათლება არ მიმიღია. სკოლის პერიოდში ყოველთვის ვხატავდი და მერეც არ შემიწყვეტია. თუმცა ყოველთვის რაღაც ახალს და განსხვავებულს ვეძებდი, რადგანაც  ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიახლის ძიებაშია.
ვფიქრობ, ადამიანები იმდენად შეზღუდულები ვართ  დროში, რომ ყოველთვის უნდა ქმნიდე ახალს, რათა ისიამოვნო საკუთარი შექმნილით და ასიამოვნო სხვებიც.
– ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრეთ… ფერადი ქვებით ნახატების შექმნა კი სულ სამიოდე წლის წინათ დაიწყეთ…  რა განცდა იყო, პირველი ნამუშევარი რომ გამოგივიდათ?
– კი, სრულიად განსხვავებული პროფესია ავირჩიე ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის ხელოვნებისკენ ვიხრებოდი და ალბათ ამ დიდმა სიყვარულმა მაპოვნინა ახალი მიმდინარეობა, რომელშიც ვიპოვე თავი და რომელშიც სრულიად თავისუფლად ვგრძნობ თავს.
ჩემი პირველი შეხება ქვებთან 2018 წ. თბილისის ერთ-ერთ სკვერში მოხდა.

ძნელია, როდესაც ვიღაცას ელოდები და იგვიანებს  და დროის გაყვანის მიზნით ადგილზე ვცადე გამეკეთებინა ქვებით რაიმე. დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავ, ვფიქრობ, მარტივი ფორმები იყო, მაგრამ მაშინ მე თვითონ გამიკვირდა. ასე რომ, ეს ქვები მოვათავსე ზურგჩანთაში და სახლში მისვლისთანავე გავაკეთე. აქედან დავიწყე საქმეს, რომელიც მაბედნიერებს.
– საკუთარ თავს „ქვებზე მონადირეს“ უწოდებთ. როგორ აგროვებთ ამ ქვებს?
– ნამდვილად ასეა. დღეს უკვე ბევრმა იცის ჩემი ქვებისადმი დამოკიდებულება და ცდილობენ, თუ რაიმე ქვა ან ნიჟარა მოეპოვებათ სახლში, მაჩუქონ და მასიამოვნონ.  ბუნება იმდენად დიდი სიმდიდრის მატარებელია, რომ ზოგჯერ ვერც კი ვიაზრებთ და ვაფასებთ. ზოგჯერ იმას, რაც ძალიან გვჭირდება, ზედმეტი შრომის გარეშეც გვჩუქნის. უბრალოდ, უნდა შეამჩნიოს ეს ადამიანმა.
ქვების შესაგროვებლად რამდენიმე ადგილი აღმოვაჩინე, სადაც იმდენად განსაკუთრებული ფორმის ქვებია, რომ მეც გაოცებული ვრჩები.
– თუ იცით წინასწარ, რა უნდა გააკეთოთ თუ სპონტანურად ხდება ეს პროცესი, ქვების მოყვანილობიდან გამომდინარე?
–  რთულია, წინასწარ იცოდე და გააკეთო, თუმცა ბევრჯერ გამიკეთებია ასეც, მაგრამ მაინც ქვის ფორმაზე ვარ დამოკიდებული, რადგან ძირითადად ერთი ან რამდენიმე „საკვანძო“ ქვის გარშემო იქმნება კომპოზიცია. ზოგიერთი მეკითხება, თუ ვამუშავებ ქვებს?! ჩემი პასუხი ერთადერთია: „ბუნება თავად თლის და მიმზადებს მათ“.
– თქვენს ნამუშევრებში პატარ-პატარა ნოველები, ამბებია გადმოცემული… ხეები, მთვარე, ბუნება, თოლიები… რომანტიკა… თითქოს სულჩადგმულია ყველაფერი… როგორ აგებთ კომპოზიციას?
– კი, ყველა ნამუშევარი რაღაც ამბავს გადმოსცემს და თითქოს მოძრაობაშია. ერთ-ერთი გადმოსცემს ჩემი ბებიას და თავისი  ძაღლის (სახელად ტობი) ურთიერთობას.
ნამუშევრებში ძირითადად რომანტიკა და სიყვარულის თემა სჭარბობს, მაგრამ ჩემთვის ყველა ნამუშევარი სიყვარულია.
– უფრო მეტად რა სახის ნამუშევარი მოსწონს მომხმარებელს?
– დამთვალიერებელს ყველაზე მეტად რომანტიკულ თემაზე შექმნილი ნამუშევრები მოსწონს, თუმცა არანაკლებ მოწონებას იმსახურებს ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია რესტორნის თემაზე.
– პანდემია და შემოქმედება, როგორ იმოქმედა პანდემიამ, დადებითად თუ უარყოფითად? ალბათ კარანტინის დროს უფორ მეტი ნამუშევარი შექმენით…
– პანდემიამ შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითად დადებითი გავლენა მოახდინა ჩემზე, რადგან ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა. კომერციულად, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, როგორც თითქმის ყველა სფეროზე.
– თვითნასწავლი ხელოვანი ხართ. როგორ უთავსებთ ძირითად სამსახურთან?
– ვერ ვიტყვი, რომ ძირითად სამსახურთან შეთავსება ადვილია, თუმცა ვახერხებ, რადგან ხელოვნების სიყვარული მამოძრავებს და მაძლიერებს. დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს უწევს ისეთი საქმის კეთება, რომელიც უბრალოდ არ უყვარს, ასე იძულებულია, რომ გააკეთოს ყოველდღიური თუ ყოველთვიური შემოსავლის მიღების მიზნით.
ამიტომ ადამიანმა ყოველთვის უნდა ეძებოს ის რაღაც, რაც გააბედნიერებს, სიამოვნებას მიანიჭებს არა მარტო მას, არამედ – მის ირგვლივ მყოფთ, დააბალანსებს და შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც დღეს ყოველდღიური რუტინით არის გამოწვეული… და მე ეს ბედნიერება ვიპოვე ქვებში.

– ჰობი…
– მიზიდავს უცხო ენები. ჩემი მეორე პროფესიაც იტალიურ ენას დავუკავშირე (ამ ქვეყანაზე ვგიჟდები და მიყვარს ყველაფერი იტალიური).
– „აბრეშუმის გალერეაში“ ჯგუფურ გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა. ალბათ პანდემიის შემდეგ ეს დიდი სტიმული იყო თქვენთვის?
–   25, 26, 27 ივნისს, „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა  გაერთიანებული გამოფენა – „ნართი”, რომელშიც ვმონაწილეობდით 6 არტისტი. იმდენად მონატრებული ვიყავი ცოცხალ ურთიერთობას, ეს გამოფენა ალბათ სტიმულზე მეტი იყო.  ადამიანებთან. და არტისტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა საკუთარი შემოქმედების გამოტანა და დამთვალიერებლის შეფასება.
– როგორ მუშაობთ? შთაგონება თუ გჭირდებათ?
– არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ თავად გონება მკარნახობს, რომ ამ მომენტში შემიძლია შევქმნა რაიმე ახალი და ამ დროს ვშლი ქვებს და იწყება მუშაობის პროცესი.
–  სამომავლო გეგმები…
-. გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჯგუფურ გამოფენა „ნართს“ დიდი მომავალი აქვს. ასევე დიდი სურვილი მაქვს, მომავალში  ჩემი პერსონალური გამოფენა გავმართო და ეს მონდომება, რაც მაქვს, ვფიქრობ,  ამასაც შემაძლებინებს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები