ცხოვრობს თბილისში, ისანში. ხელსაქმე ბავშვობიდან ოჯახში შეაყვარეს, განსაკუთრებით – ქსოვა. ამჟამად ჩანთებს და კალათებს ქსოვს. მაგრამ კარანტინის პერიოდში დაიწყო სახლების, პატარა სოფლების კეთება... ამბობს, რომ უცებ გადაწყვიტა, გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც ბავშვობაში დააბრუნებდა. – ლიკა სუხიაშვილის პერსონა.
– მყავს დედა, მამა, უმცროსი და და ძმა. ბავშვობაში მიყვარდა სახლობანას თამაში. ბებოსთან თავად სხვადასხვა ნივთისგან ვაკეთებდი სახლებს და შემეძლო მთელი დღე მეთამაშა. ბაბუ კი მანებივრებდა ხის საბავშვო ავეჯით, რასაც თავისი ხელით თლიდა და ამზადებდა… ბებიები მიკერევდნენ ამ ავეჯისთვის ლეიბებს და საბნებს. ალბათ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დღეს ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე ძალიან მსიამოვნებს და მიყვარს. ვაშენებ სახლებს, ვღებავ და სხვადასხვა დანიშნულებას ვძენ მათ…
– ქსოვა გიყვართ…
– ქსოვა ბებომ მასწავლა. ვეხმარებოდი წინდების ქსოვაში. შემდეგ მრავალი წელი არ მიქსოვია… 7-8 წლის წინ ისევ დავუბრუნდი ამ საქმიანობას. ვქსოვდი ქუდებს შარფებს. ძირითადად, ბავშვებისთვის და ვყიდდი… ამჟამად ვქსოვ ჩანთებს და კალათებს…
– ინტერნეტში თქვენ მიერ გაკეთებული სახლუკები გამოჩნდა, რომელთა კეთება კარანტინის დროს დაიწყეთ…
– როგორც აღვნიშნე, ბავშვობიდან მიყვარდა პატარა სახლების კეთება და თამაში… მიუხედავად იმისა რომ ვქსოვდი. სახლისთვის ვაკეთებდი სხვადასხვა ნივთს… ვგრძნობდი, ეს ის არ იყო, რაც მინდოდა, მომიტანდა სულიერ სიამოვნებას და სიმშვიდეს ამიტომ სულ ვიყავი ძიებაში.
ძალიან მიყვარს ბუნება, ძველი ხის სახლები, ეზოები… ყველაფერი მიყვარს, რაც სადა და უბრალოა, რაც ძველია… რატომღაც ამაში მეტ სილამაზეს ვხედავ, რაც ჩემთვის უფრო საინტერესოა.
კარანტინის პერიოდში უცებ გადავწყვიტე, გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც ბავშვობაში დამაბრუნებდა. მოვიმარაგე ქვები, რომლებიც ქუჩიდან მოვიტანე და ყველაფერი ის, რაც სახლში მომეპოვებოდა. ქვებისგან ავაშენე პატარა სახლები, ეზო და დიდი მორიდებით დავდე ჩემს ფეისბუქგვერდზე, რასაც, ჩემდა საბედნიეროდ, დადებითი კომენტარები და დიდი გამოხმაურება მოჰყვა… ამან მეტი სტიმული მომცა, უფრო მეტის კეთების. მინდა ნელ-ნელა დავხვეწო, რასაც ვაკეთებ.
– პირველი ხელნაკეთი სახლი…
– პირველად ქვის სახლები ავაშენე, რასაც მოჰყვა სოკოები, შემდეგ – სხვადასხვა მინიატურული სახლი ეზოებით.
– გაქვთ ზამთრის სახლებიც… წინასაახალწლოდ სათამაშოები და სხვა ხელნაჯეთი ნივთებიც დაამზადეთ…
– მქონდა დათოვლილი ზამთრის სახლები ეზოებით, რომლის კეთებაც გვიან დავიწყე. ჩემს ორ დათოვლილ სახლსაც ჰყავს ღირსეული მფლობელები, რაც ძალიან მახარებს. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა მაინც მინდა ვთქვა, რომ ზამთრისთვის უამრავ ულამაზეს დათოვლილ სახლს შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს.
– გაქვთ ფეისბუქგვერდი ლიკ/არტი აქ სხვადასხვა ხელნაკეთს შეხვდებით: სახლს -კალმების, ფანქრების ჩასალაგებელს… თქვენი ფანტაზია მრავალმხრივია… მაინც რომელ სახლებზეა უფრო მეტად მოთხოვნილება?
– როცა სახლების კეთება, მოხატვა დავიწყე, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა გამეყიდა და ვინმეს მოსწონებოდა, მაგრამ ინტერნეტში ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილს მოსწონდა. ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის დანიშნულება მიმეცა.
ფანქრების იდეა ჩემი არაა, ვერ მივისაკუთრებ, თუმცა დიზაინი მარტო ჩემია და პატარ-პატარა დამატებითი დეტალები შემაქვს, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩემს ხელნაკეთებს. ყველა ეს სახლი გამორჩეულია, რადგან არ მეორდება.
უფრო მეტად მოსწონთ სახლები, სადაც მეტი პატარ-პატარა დეტალია, ატუნდაც საქანელა, ჭა, სკამი, თოკზე გაფენილი სარეცხი და სხვა მრავალი წვრილმანი, რაც მეტი მრავალფეროვნებაა ეზოში, მით მეტ ინტერესს იჩენენ და დიდხანს ათვალიერებენ.
– რა მასალებს იყენებთ მუშაობისას?
– დავიწყებ იქიდან, რომ არაფერს ვყრი ნაგავში, ყველაფერს ვიყენებ. ძირითადად კი ხეს, მუყაოს, ქვას და აკრილს, რაც შეუცვლელია ჩემთვის. არის კიდევ უამრავი წვრილმანი, რასაც სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი.
– რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ორ ნივთზე ვმუშაობ, რაც განსხვავებული იქნება სხვა ჩემი ნამუშევრებისგან, რასაც გაცილებით მეტი დატვირთვა ექნება, ვიდრე ფანქრებისა და ფუნჯების ყუთია.
– როგორ მუშაობთ?
– ვერ გეტყვით, რამდენად საინტერესოა, მაგრამ დაწყების პროცესში არასდროს ვიცი, რას როგორ გავაგრძელებ. მუშაობის პროცესში მომდის იდეა და დასრულებული ნივთი სულ სხვა იერსახეს იძენს, ვიდრე დაწყების პროცესში შეიძლებოდა წარმომედგინა.
– ოჯახი, სამი ვაჟი გყავთ… თუ გეხმარებათ ოჯახი თქვენს საქმიანობაში… ალბათ პირველი შემფასებლები ისინი არიან…
– სამი ბიჭი მყავს – 19-ის,18-ის და 3 წლის…ჩემი ოჯახი პირველი შემფასებელია. როცა დასრულებულ ნამუშევარა ვაჩვენებ, მაძლევენ რჩევებს, მისწორებენ და თუ ჩემთვის მისაღებია, ვითვალისწინებ. ხის მასალით ბიძა უზრუნველმყოფს. ოჯახის წწვრები სხვადასხვა ნივთს მიგროვებენ, იციან, რომ არაფერი უნდა გადაყარონ და ჩემთან მოაქვთ, სამწუხაროდ, დრო და ადგილი არ მაქვს, იმის რომ ჩემი სამუშაო კუთხე მქონდეს, ამიტომ ჯერჯერობით ვკმაყოფილდები დედას აივნით, რომელიც არასდროსაა დალაგებული ჩემ გამო.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები დიდი მაქვს, რასაც დრო სჭირდება – მეტი ხელსაწყო და პატარა სახელოსნო, რომ უფრო მეტი დახვეწილი და ხარისხიანი ნამუშევარი შევქმნა – პატარა ზღაპრული სახლები; სოფლები, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება ექნება და არა მხოლოდ უბრალო სახლისა ეზოთი…
თამარ შაიშმელაშვილი