ქართველები ბიშკეკში ბინის ქურდობის ბრალდებით დააკავეს
ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 7 ივნისს ბიშკეკის მკვიდრმა პერვომაისკის რაიონის პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მისი ბინა გაძარცვეს. დაზარალებულის თქმით, ქურდებმა კარის საკეტი გატეხეს, სახლიდან კი 113 400 სომი და 3 870 დოლარი მოიპარეს.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე – 53 წლის ე.ჟ და 55 წლის მ.ვ.
ეჭვმიტანილები ბიშკეკის პოლიციის სამმართველოს იზოლატორში გადაიყვანეს.
სამართალდამცველები მათ სხვა დანაშაულებში შესაძლო მონაწილეობას არ გამორიცხავენ, რაზეც მიმდინარეობს ძიება.