პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ პარალელურად ქსოვა და ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა არასოდეს შეუწყვეტია. განსაკუთრებით თოჯინებმა გაიტაცა და „ამიგურუმის“ პრინციპით მრავალი ლამაზი და სახასიათო თოჯინა შექმნა. ამბობს, რომ თითოეულს თავისი ხასიათი აქვს და თავის ამბავს ყვება: ზოგი მოწყენილია, ზოგი ხალისიანი, ცელქი, ზოგს ენატრება, ზოგი ელოდება…
ფეისბუქზე მისი გვერდი – „ბაბინია“ შეგხვდებათ, რომელიც შვილისა და დისშვილის სახელების ერთობლიობით შეიქმნა.
სამომავლოდ უამრავი გეგმა და იდეა აქვს, რომლის განხორციელებააც ეტაპობრივად აპირებს. – ნინო ჩიქოვანის პერსონა.
– დავიბადე რუსთავში, ჩვეულებრივ ოჯახში, ვარ 90-იანების თაობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო უშუქობის და საერთო გაჭირვების პერიოდი, ბავშვობა მაინც ძალიან ტკბილად მახსენდება…
ქსოვა ძალიან პატარა ასაკში მასწავლა ბებიამ და ხშირად ვქსოვდით ერთად ჭრელა-ჭრულა წინდებს. მახსოვს, მე და ჩემი და ჩვენს თოჯინებს სულ ვუკერავდით ნაირ-ნაირ სამოსს. ალბათ აქედან დაიწყო ჩემი განსაკუთრებული სიყვარული თოჯინებისადმი… სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და ყველა საგანს ერთნაირად კარგად ვსწავლობდი, საბოლოოდ ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.
– პროფესიით ქიმიკოსი ხართ, მაგრამ ბოლოს მაინც, თოჯინებმა გაგიტაცათ…
– პროფესიით ქიმიკოსი ვარ და 3 წელი ვიმუშავე ლაბორატორიაში. დღეს საოჯახო ბიზნესი გვაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად, პარალელურად ქსოვა და სხვადასხვა ნივთის კეთება არასოდეს შემიწყვეტია. ნამუშევრებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვაქვეყნებდი და ნათესავებს და მეგობრებს ძალიან მოსწონდათ.
დაახლოებით 7 წლის წინ ნათესავმა ქალბატონმა თამილა ლიპარტელიანმა (აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას) გამომიგზავნა პატარა ნაქსოვი ბაჭიას ვიდეოგაკვეთილი და მითხრა: ნინიკო, სცადე, შენ ამას გააკეთებ…
ის ღამე გავათენე და მართლაც გამომივიდა. ამის შემდეგ უკვე ჩემით დავიწყე მასალის მოძიება. ვათვალიერებდი სხვა ქვეყნის მეთოჯინეების ნამუშევრებს, ვსწავლობდი „ამიგურუმის“ პრინციპებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის სახე, რაც აქვთ ჩემს თოჯინებს.
– რა მასალებს იყენებთ მუშაობისას?
– ქსოვისას ვიყენებ ანტიალერგიულ ბამბანარევ ძაფს, სხვადასხვა ქსოვილს კაბებისთვის და ტყავისშემცვლელს – ფეხსაცმელებისთვის… საერთოდ არ ვიცოდი კერვა, მაგრამ ჩემი გოგოების გამო „იუთუბიდან“ ვისწავლე თარგის აგებაც, კერვაც… ყველაფერს ვკერავ ხელით და თითოეულ დეტალზე, აქსესუარზე დიდხანს ვფიქრობ.
– როგორ ქმნით თოჯინებს, ფანტაზიით თუ ვინმეს მიმსგავსებით?
– თოჯინებს საკუთარი ფანტაზიით ვქმნი, თუმცა ისეც ყოფილა, რომ უკვე მზა თოჯინა საკუთარი ახლობლისთვის მიუმსგავსებიათ და საჩუქრად წაუყვანიათ. ზოგჯერ უნებურად ემგვანებიან ხოლმე იმ ბავშვს ან გოგონას თოჯინები, ვისთვისაც ვქმნი…
პირად კოლექციაში ბევრი თოჯინა მყავს, თითოეულს თავისი ხასიათი აქვს და ყველა თავის ამბავს ყვება: ზოგი მოწყენილია, ზოგი ხალისიანი, ცელქი, ზოგს ენატრება, ზოგი ელოდება…
– როგორ უნდა შეინარჩუნოთ ინდივიდუალობა, რომ სხვას არ ჰგავდეთ?
– თოჯინებს ბევრი ქმნის, მაგრამ ყველას თავისი ხელწერა აქვს. ყველა მეთოჯინე თავის შინაგან სამყაროს გადმოსცემს, ხასიათს, ზოგჯერ უნებურად გარეგნულადაც კი იმგვანებს საკუთარ ქმნილებას, ამიტომ არაა რთული, იყო განსხვავებული. კარგი, ხარისხიანი და ლამაზი თოჯინის შესაქმნელად ბევრი შრომაა საჭირო, ბევრი გათენებული ღამე, ფიქრი და საქმის სიყვარული.
მეც ყოველდღიურად ვცდილობ თვითგანვითარებას და სულ ახლის ძიებაში ვარ. ვცდილობ, ჩემი თოჯინები იყვნენ კეთილები და თბილები.
– ყველაზე მეტად რომელი თოჯინა მოგწონთ, რომელიც მხოლოდ თქვენეულია?
– ვერცერთ თოჯინას ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ თითოეულ მათგანში ჩემი სული და გული დევს და ყველა უზომოდ მიყვარს, არასოდეს ვსაუბრობ მათზე, როგორც უსულო საგნებზე…
– მომხმარებლებს მაინც რომელი თოჯინები მოსწონთ?
– მომხმარებლებს პრინცესული, ფერია თოჯინები მოსწონთ, გაპრანჭული, ლამაზი კაბებით და აქსესუარებით. ძალიან მიყვარს, როდესაც პირადად გადავცემ თოჯინას მსურველს და ვხედავ იმ დადებით ემოციას, რასაც ჩემი გოგოები იწვევენ, სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ რეალურად უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე ფოტოებში ჩანან ისინი. ყველა დადებითი შეფასება, კომენტარი და მოწონება უდიდესი სტიმულია ჩემთვის, რასაც არ იშურებენ ჩემი ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანებიც…
– გქონიათ თუ არა გამოფენა?
– გამოფენა ჯერ არ მქონია. გასხვისებაც ახლობლების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე.
წლების მანძილზე ვქსოვდი საკუთარი სიამოვნებისთვის და ორმაგ სიამოვნებას ვიღებდი, ჩემს მეგობრებს რომ ვჩუქნიდი ჩემს ნამუშევრებს.
ბოლო რამდენიმე თვეა, პანდემიის პერიოდში, სახლში მომიწია ყოფნა, გადავწყვიტე, ჩემმა გოგოებმა სხვა ადამიანებსაც, ბავშვებსაც, მიუტანონ სიხარული და სითბო.
– ჰობი..
– ჩემი ჰობი ქსოვაა, რაც დღეს უკვე საქმედ იქცა და რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– როგორ გეხმარებათ თქვენი ოჯახი თქვენს საქმიანობაში?
– მყავს მეუღლე და ერთი შვილი – 8 წლის ბარბარე. ოჯახი ხელს მიწყობს ჩემს საქმიანობაში და ჩემი პირველი შემფასებელიც ჩემი შვილია, ხშირად ვეკითხები მას რჩევას, მაგალითად, რა ფერის კაბა ჩავაცვა ამა თუ იმ თოჯინას და ხშირად ემთხვევა ჩვენი აზრები. ჩემს გვერდსაც ჩემი შვილის და დისშვილის სახელების ერთობლიობა დავარქვი, ასე შეიქმნა „ბაბინია“.
– სამომავლო გეგმები..
– სამომავლოდ უამრავი გეგმა და იდეა მაქვს, მაგრამ ცოტა დრო, თუმცა იმედი მაქვს, ნელ-ნელა და ეტაპობრივად შევძლებ მათ განხორციელებას…
თამარ შაიშმელაშვილი