„შევხედავ ქვას და ვიცი, რაც უნდა გამოვიდეს“ – „მშრალი ხიდი“, პანდემია და ამღერებული ქანდაკებები

მამა მოქანდაკეა და ქანდაკებამ ბავშვობიდან დააინტერესა. სამხატვრო აკადემიაც ქანდაკების განხრით დაამთავრა. 11 წელია ამ საქმეს ვერ ღალატობს. მისი ბევრი ნამუშევარია საზღვარგარეთ რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, პოლონეთში, გერმანიაში… ძირითადად, ემიგრანტები ყიდულობენ.
ამბობს, რომ სულ მუშაობს…თავისით იქმნება ქანდაკებები. მოდის იდეა და იძერწება ფიგურაც…
მისი ყველა ნამუშევარი გაყიდულია, თუმცა სამომავლოდ საინტერესო გამოფენას ჰპირდება თაყვანისმცემლებს. – მოქანდაკე დავით კაბზინაძის პერსონა.  

– მამის გზას გაჰყევით, მოქანდაკე ხართ. რა დაგამახსოვრდათ სამხატვრო აკადემიიდან, სტუდენტობისას?
– დავიბადე 1980 წელს. ვინაიდან მამა  მოქანდაკე მყავს და იაკობ ნიკოლაძეს სახელობის სასწავლებელში ასწავლიდა, მოსწავლეებს ამზადებდა სახლში. მეც ვიჯექი და ვხატავდი მათთან ერთად. იქიდან გამიჩნდა  მხატვრობის ინტერესი და გადავწყვიტე, მოქანდაკე გავმხდარიყავი.
9 კლასის დამთავრების შემდეგ თოიძის სახელობის სასწავლებელში ხის მხატვრულ დამუშავებაზე ჩავაბარე. ერთი წელი ვისწავლე თოიძეში, რადგან იმ წელს არ იყო მიღება ქანდაკებაზე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელ. შემდეგ ჩავაბარე და დავამთავრე ნიკოლაძის სასწავლებელიც. 4 წელი ვისწავლე. 2000 წელს განვაგრძე სწავლა სამხატვრო აკადემიაში, ისევ ქანდაკებაზე.
– თქვენი ჩუქურთმები სხვადასხვა ტაძარს ამშვენებს. გაიხსენეთ ის პერიოდი…
– მესამე კურსიდან, მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო, ავიღე აკადემიური და წავედი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე. იქ წლების მანძილზე ვიმუშავე. შემდეგ კიდევ ბევრ ადგილას ვიმუშავე ტაძრებზე, ალბათ 10-12 წელიწადი.
მამა ხშირად იდგა „მშრალ ხიდზე“, მხატვრების ბაღში და ყიდიდა თავის ნამუშევრებს. ვინაიდან ხანში შესული იყო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამიტომ მის მაგივრად მე ვიდექი ხოლმე და ვყიდიდი მის შემოქმედებას.
ასე გამიჩნდა ქანდაკებისადმი ინტერესი და დავიწყე კიდეც ქანდაკებების კეთება. 11 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული.
პანდემიამდე ვიდექი „მშრალ ხიდზე“, მერე გადავედი ონლაინგაყიდვებზე, რაშიც ფეისბუქის ჯგუფები მეხმარებიან. ძალიან დიდი მადლობა მათ შემქმნელებს. ჩემი ბევრი ნამუშევარია საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში. თუნდაც, რუსეთში ბევრია წაღებული. სანამ ტურისტები ჩამოდიოდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ბევრი გავაგზავნე, ასევე –  იტალიაში,  პოლონეთში, ერთი – ორი გერმანიაშიცაა.
ძირითადად, ემიგრანტები ყიდულობენ. თუმცა, აქაც ბევრი დამფასებელი მყავს.
– თუ  დაგიმზადებიათ ერთნაირი ქანდაკებები, ზომით რამხელებია?
– დამიმზადებია მსგავსი ქანდაკებები, რადგან ჩემი შემოსავლის წყაროა. ქანდაკებების ზომა 10 სმ-დან 70 სმ-მდეა. მაგრამ რაც რიყის ქვით არის დამზადებული, მათ ვერავინ გაიმეორებს. ამიტომ ბევრი ექსკლუზივია.
– რა მასალას იყენებთ?
– მასალად ვიყენებ რიყის ქვას, მარმარილოს  ონიქსის ქვას და დიაბაზის ქვას. ზოგი ნაწილი ხელით მუშავდება, მაგალითად, რიყის ქვას რომ დავინახავ, უკვე ვიცი, რა უნდა გამოვიდეს იმ ქვისგან.  მდინარეებზე ხშირად ვეძებ ლამაზ ქვებს. მერე ზედვე იძერწება დეტალები,   ჩამოისხმება, დამუშავდება და იწყობა…
– საინტერესო ამბავიც გექნებათ მოსაყოლი, აი, უცებ რომ დაინახეთ ქვა და მერე გამოძერწეთ ფიგურა…
– თავისით ხდება ეგ ამბავი. მომდის იდეა და ვაკეთებ… სულ ვმუშაობ…. ყოფილა შემთხვევა, არ გამომსვლია და სამჯერ გამითლია ერთი ქანდაკება… რაიმე ზედმეტი რომ მოაჭრა, მორჩა, გაფუჭდება…
– როგორ ქმნით ქანდაკებას? ფანტაზიით თუ მაინც პროტოტიპებია?
ფანტაზიაა, მაგრამ შეუკვეთავთ… მაგალითად, ეს ოჯახია, შემიკვეთეს. წარმოდგენაში თვითონ არიან, ოჯახის წევრები…

– დაბოლოს, როგორ აპირებთ გამოფენას,  როცა თქვენი თითქმის ყველა ნამუშევარი გაყიდულია?
– გამოფენაზე აუცილებლად ვფიქრობ მომავალ წელს.  რა თქმა უნდა,  ახლებს შევქმნი, თითო უნდა გადავდო, რომ მოვაგროვო. ზოგი, რომელიც თბილისშია გაყიდული, შეიძლება ოჯახებიდანაც წამოვიღო გამოსაფენად.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები