გურამ მაჭარაშვილი: მიგვაჩნია, რომ რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს და მათი მიზანიც იქნება, ის, რაც ჩვენი მიზანიცაა – შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი

“მიგვაჩნია, რომ რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს და მათი მიზანიც იქნება, ის, რაც ჩვენი მიზანიცაა – შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები გაიმართება.

„ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხით სპეკულირებს, გაითვითცნობიერებს იმას, თუ რა პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გაიმართება კონსულტაციები. იცით, დღეს გვაქვს შეხვედრა.

მიგვაჩნია, რომ რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს და მათი მიზანიც იქნება, ის, რაც ჩვენი მიზანიცაა – შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი ისე, როგორც იქ წერია. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რესურსი არსებობს. მოვიაზრებთ იმასაც, რომ ორი კანონპროექტის მიუხედავად შევჯერდეთ ერთ კანონპროექტზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ყველამ ერთად ავიღეთ დოკუმენტზე ხელმოწერით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას ხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები