წნორის №1 საშუალო სკოლაში სწავლობდა. ბავშვობიდან ხატავდა, ქსოვდა, ქარგავდა… მაინც ტექნიკური განათლებისკენ გაუწია გულმა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 14 წელი მთავარ ენერგეტიკოსად მუშაობდა.
შემდეგ საქართველოს დატოვებამ მოუწია და თითქმის 28 წელია მოსკოვში ცხოვრობს ოჯახით. პირველი ხატი – წმინდა ნინოს ხატი 2019 წელს მოქარგა. ჯერჯერობით 16 ხატი მოქარგა და ამბობს, რომ ქარგვა სულიერ მოთხოვნილებად ექცა. ქსოვს გადასაფარებლებს, სუფრებს…სამშობლოს მონატრებამ ლექსების წერაც დააწყებინა.
სამომავლოდ ფიქრობს, მოქარგოს სამების ტაძარი და სხვა სურათები. – ნინო ძმანაშვილის პერსონა.
– წნორში, სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახში დავიბადე. დედამ პირადი ცხოვრება შვილების აღზრდას მოახმარა. მამა მუშაობდა ენერგოზედამხედველობაში.
ვსწავლობდი N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობის მეხსიერებას შემორჩა ერთი შემთხვევა – მამამ წამიყვანა ბოდბეში, სადაც გაიზარდა, წვიმიანი ამინდი იყო. უკან რომ დავბრუნდით, ფეხსაცმლიდან მიწა ჩამოფხიკა და თვალცრემლიანმა შეინახა. შეკითხვა ვერ შევკადრე და სულ ვფიქრობდი, ნეტა, რად უნდა-მეთქი? პასუხს მოგვიანებით მივხვდი, რადგან მეც მაქვს ახლა პატარა პარკით ჩემი ეზოს მიწა.
– ხელსაქმე ბავშვობიდან გიყვარდათ?
– ბავშვობაში უამრავ წიგნს ვკითხულობდი, ზაფხულობით კი პარალელურად ვხატავდი, ვქსოვდი, ვქარგავდი, ვკერავდი. ყოველთვის ვცდილობდი, დატვირთული ვყოფილიყავი. სკოლისთვის მიყიდეს ლამაზი თეთრი ბლუზი. მახსოვს, ერთ ღამეში დავარღვიე და მე თვითონ მოვიქსოვე პირველი სექტემბრისთვის.
– ერთხანს წნორში მუშაობდით, შემდეგ საქართველოს დატოვებამ მოგიწიათ… როგორ გაგრძელდა შემოქმედებითი ცხოვრება უცხო მხარეში?
– 1979 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე წნორის მანქანათმშენებელ ქარხანაში. 1993 წლამდე ვმუშაობდი მთავარ ენერგეტიკოსად. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოში გაჩერდა წარმოება, რადგან მოსკოვში ბინა გვქონდა, გადავწყვიტეთ დროებით წასვლა. 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამან უფრო მეტად გვაფიქრებინა ამ ნაბიჯის გადადგმა.
– როდის დაიწყეთ ხატების ქარგვა? პირველი ხატი…
– ხატების ქარგვას წინ უძღოდა დიდი შემოქმედებითი გზა. ამას დასჭირდა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მზად ყოფნა. შინაგანად ძალიან მინდოდა, მეცადა საკუთარი თავი ამ სფეროში.
პირველი ხატი – წმინდა ნინოს ხატი 2019 წელს მოვქარგე. შემდეგ ქარგვა სულიერ მოთხოვნად მექცა… მოვქარგე 16 ხატი. კედელზე მეტი ვერ დავტიე, ამიტომ დროებით შევწყვიტე.
ქარგვაში გამოყენებულია ჩეხური ბისერი. თითოეული ხატის მოქარგვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ხატის ზომაზე და იმაზე, თუ რა სირთულით არის გაფორმებული. საშუალოდ ორი-სამი თვე მჭირდებოდა ერთი ხატისთვის, ბევრჯერ ღამეც გამითენებია.
– ქსოვთ და ქარგავთ სუფრებს, გადასაფარებლებს… რუსეთში თუ იცნობენ თქვენს ნამუშევრებს?
– ქსოვა პირველად ბლუზის ქსოვით დავიწყე, შემდგომ მოვქსოვე ტახტის გადასაფარებელი, სუფრები, საერთოდ, რასაც ხელს მოვკიდებ, ძნელად შეველები ხოლმე. ქსოვიდან გადავინაცვლე ქარგვაზე, გავაკეთე რამდენიმე სუფრა, გამოვიყენე წყლით ქარგვა.
მოქარგული მაქვს რვა სხვადასხვა ნახატი ჯვარედინი ქარგვით. თითოეული სურათის ზომა ოთხჯერ მაქვს გადიდებული.
ჩემი შემოქმედება მზის სინათლეზე გამოვიტანე ფეისბუქით, ხედავს მხოლოდ ჩემთან შემოსული სტუმარი. საჯარო გამოფენაზე არ მიფიქრია, მითუმეტეს – რუსეთში.
– ლექსებს წერთ. ალბათ მონატრება გაწერინებთ… ერთი ლექსი…
– სკოლის ასაკიდან ვწერდი ჩანახატებს, ლექსებს. მეგობრებს ვჩუქნიდი. ოღონდ ესაა, სამშობლოს მონატრებამ თემატიკა შემაცვლევინა.
* * *
სიზმრად გიხილე სამშობლო,
გადგა დიდების სხივი,
ექვსასი ბერი გლოცავდა,
ექვსასი სანთლის ალი.
იდექ დიდებით მოსილი,
ვერას გაკლებდა მტერი,
იმედით შემოგყურებდა,
შენით სნეული ერი.
გულში იკრავდი აფხაზეთს,
დაგბრუნებოდა შვილი,
თრთოლვით სინჯავდი იარებს,
წარსულს ატანდი ტკივილს.
იდექ, დიდებას იმკიდი,
გადაგეშალა მხრები,
სამაჩაბლოსაც ელოდი,
თვალზე გეკიდა ცრემლი.
მზე დაგნათოდა ნათელი,
სხივებს გიწნავდა თმებში,
ღიღინით დიოდა მტკვარი,
გადაეყარა ჯავრი.
შორით ისმოდა გუგუნი ზართა,
ილოცებოდა ოშკი და ზარზმა,
შენი დიდებით ხარობდა გრემი,
ლხინობდა მჯიღად შეკრული ერი.
ჩემო ბედკრულო სამშობლო,
დე, აგხდენოდეს სიზმარი,
ნიკოფსიიდან – დარუბანდამდე
კვლავ გაგეშალოს მხრები.
– როგორი ჩანს თქვენი თვალით დანახული საქართველო შორიდან და როგორი გინდათ, რომ იყოს?
– ჩემი გადასახედიდან დღეს ქართველები ძალიან დაბნეულები არიან. საკუთარი ძალების არ სჯერათ, არადა ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ გვქონდეს მძლავრი ეკონომიკა. ხელს გვიწყობს გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, კლიმატი. ცოტა ხელის გატოკებაა საჭირო და ყველაფრის მოგვარება შეიძლება. მინდა ერთიან, ძლიერსა და ღონიერ საქართველოს ვხედავდე, დაბინავებულს წიგნითა და დალაგებულს საზღვრებით.
– მოსკოვი… ძნელია ემიგრანტობა… როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი?
– მოსკოვი მრავალენოვანი და სხვადასხვა სარწმუნოების მქონე ხალხით ახორციელებს მშვიდ ცხოვრებას. ოღონდ რუსეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ხალხი ცივია, ყველა საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილი ცხოვრობს.
ქართველისთვის ემიგრანტობა ძალიან ძნელია. დღე და ღამე მიწა გვეძახის, რაც არ უნდა კარგ პირობებში გვიხდებოდეს ცხოვრება, ერთი წუთი არ არის სამშობლოზე ფიქრის გარეშე. რაც შეეხება რუს ხალხს, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი 15 რესპუბლიკიდან ყველაზე დიდ პატივს ქართველებს სცემენ, ორი ერის ასე გათიშვას განიცდიან. დიდი სიყვარულით იხსენებენ ძველ ურთიერთობას.
ჩვენი – ქართველების მეგობრობა ძალიან განსხვავდება აქაური მეგობრობისგან, ჩვენთან სხვა სითბო და სურნელი სდის.
– ოჯახი, შვილები…
– მაქვს მყუდრო და თბილი ოჯახი. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით. ქარხნის მთავარი მექანიკოსი იყო. სანამ მეუღლე გახდებოდა, წინ მეგობრობა უსწრებდა. ამან საკმაოდ გაგვიადვილა ჭირში და ლხინში ერთად ყოფნა. გვყავს ერთი ვაჟიშვილი, ჯერჯერობით სტუდენტია, სულითა და ხორცით ქართველი, ქართულენოვანი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება, თუ შექმნის ქართულ ოჯახს.
როგორც აღვნიშნე, 14 წელი ვიმუშავე მთავარ ენერგეტიკოსად ქარხანაში. ეს არის ჩემი საყვარელი სპეციალობა, რომელსაც არცთუ ისე ურიგოდ ვემსახურე.
– ალბათ გააგრძელებთ ქარგვას. სამომავლო გეგმები…
– თუ სახლში ან მეზობელთან დასჭირდა ელექტრობას ხელის მოკიდება, სიამოვნებით ვიხსენებ სპეციალობას. აქედან გამომდინარე, რასაც ერთხელ შეიყვარებ, ვერსად გაექცევი. ამიტომ სამომავლოდ ვფიქრობ, ძაფით ჯვარედინი ქარგვით შევასრულო სამების ტაძარი და აივაზოვსკის ერთ-ერთი სურათი. ბისერით მინდა შევასრულო წმინდა გაბრიელ ბერის ხატი. ვნახოთ, ცხოვრება წინ არის.
თამარ შაიშმელაშვილი