თბილისის 142-ე საჯარო სკოლა და ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ხელოვნებისადმი მისწრაფება და სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა.
პირველი თოჯინა 5 წლის წინ შექმნა. მას შემდეგ თოჯინებთან ერთად ლამაზ სამყაროში ცხოვრობს. შპს „ახალ ქსელებში“ მუშაობს, იმავდროულად, აქვს ჰობი, რომელსაც მისთვის ბედნიერება მოაქვს.
ამბობს, რომ ყოველ ხელოვანს ინდივიდუალური ხელწერა უნდა გამოარჩევდეს და მუდამ ცდილობს საკუთარი სტილის დახვეწაზე.
მუდამ ახსოვს ბერნანდ შოუს სიტყვები: ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ჰობით ცხოვრობს. – ხატია ნაყოფიას პერსონა.
– როგორც ყველა ბავშვისთვის, ბავშვობა და ბავშვობის მოგონებები ჩემთვისაც მძაფრია და დაუვიწყარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა 90-იანი წლების რთულ პერიოდს უკავშირდება, ჩემი მშობლების დამსახურებით თან მდევს ბავშვობის ის დაუვიწყარი წლები, რომლებიც დღემდე მაბედნიერებს…
დედა პროფესიით პედაგოგია, ძალიან ნიჭიერი, ბუნებით შემოქმედი, ყველაფერი გამოსდის, რასაც ხელს მოჰკიდებს, კარგად ხატავდა და შვილები ხშირად ვთხოვდით, ჩვენთვის რაიმე დაეხატა, ვუყურებდით და გვიჩნდებოდა სურვილი, გვეცადა ჩვენც… ალბათ აქედანაა ჩემი და ჩემი დების ხელოვნებისადმი მისწრაფებაც და სიყვარულიც.
პირველი თოჯინა ძალიან პატარას მამიდებთან ერთად გამიკეთებია, ახლა არ მახსოვს, რა ბედი ეწია მას…
– თბილისის 142-ე საჯარო სკოლა და ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა ხაზვის გაკვეთილები, მაკეტების შექმნა, სწორედ აქ მივხვდი, რომ ჩემი განათლება უფრო ტექნიკური მიმართულებით უნდა ყოფილიყო… ასე აღმოვჩნდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. რატომ ტელეკომუნიკაცია? ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ვითარდებოდა ინტერნეტი, მობილური… ეს მომავლის პროფესია იყო და ჩემთვის საინტერესო.
– შპს „ახალ ქსელებში“ მუშაობთ, მაგრამ ახლა სადეკრეტო შვებულებაში ხართ… ეტყობა, სახლში ყოფნის დროს შეიქმნა პირველი თოჯინა?
– სტუდენტობის პერიოდში ინტერნეტთან წვდომამ მომცა იმის საშუალება, რომ განმევითარებინა ხელოვნებისადმი სწრაფვა… დიახ, ხელოვნებას სჭირდება ადამიანი, მე კი ხელოვნება მჭირდებოდა. პირველი, რაც გავაკეთე, ხელნაკეთი ჩანთა იყო, მომეწონა და რამდენიმე შევქმენი, თითოეული დასრულებული ნივთის შემდეგ ვგრძნობდი, როგორ მიჩნდებოდა სწრაფვა ინდივიდუალიზმისა და იდეალურობისკენ. ჩემი მომდევნო ნივთი წინაზე უკეთესი იყო. ასეა ახლაც, ეს ჩემს თავგადასავლად იქცა და მეტის ძიება დავიწყე…
ასე მივედი თოჯინებამდე, ვიპოვე და შევიყვარე ისინი, მგონია, ზედმეტადაც შევიყვარე. როდესაც რომელიმე თოჯინა ჩემგან მიდის, თითქოს ჩემი გულის რაღაც ნაწილიც მიაქვს თან.
– პირველი თოჯინა?
– პირველი თოჯინა 5 წლის წინ გავაკეთე, შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ხელნაკეთ ტექსტილის თოჯინას. ჩემი ემოცია და აღფრთოვანება ისეთი დიდი იყო, გადავწყვიტე, მეც მეცადა.
თავიდან დამოუკიდებლად ძალიან გამიჭირდა, თუმცა მე ის შევქმენი!
ჩემი პირველი თოჯინა იყო ჩემი ფანტაზიის გამოძახილი, შემეცნების, განცდის, ახალი ემოციების გამოძახილი და მივხვდი, რომ მე მოვხვდი ლამაზ სამყაროში, ლამაზ არსებებთან ერთად, რომელთაც შეუძლიათ, მიანიჭონ ბედნიერება ყველას, ვისთანაც ისინი იქნებიან.
რაც მთავარია, ჩემი თოჯინები ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელნი არიან, რაც ესოდენ აუცილებელიპირობაა ჩემთვის.
– თოჯინებს ფანტაზიით აკეთებთ თუ ვინმეს პროტოტიპები არიან?
– ჩემი თოჯინები არავის პროტოტოპები არ არიან. როგორც აღვნიშნე, ალბათ უფრო ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც ახლო მომავალში უფრო შორს წავა. ვფიქრობ, შევქმნა თოჯინები, რომელთაც თიხის სახე და კიდურები ექნებათ.
– ამ ბოლო დროს ბევრია დაკავებული ხელსაქმით… როგორ უნდა მოახერხოს ხელოვანმა, რომ სხვას არ ჰგავდეს?
– ყველა ხელოვანს თავისი ინდივიდუალური ხელწერა აქვს, რაც განასხვავებს სხვა ხელოვანისაგან.
მიკავშირდებიან ადამიანები, მიგზავნიან საკუთარ სურათებს და მთხოვენ, გავაკეთო მათი მსგავსი თოჯინა, რა თქმა უნდა, ავუხსნი მათ, რომ მე მაქვს ჩემი სამყარო, სადაც იქმნებიან ჩემი თოჯინები და ისინი არიან ისეთები, როგორებიც არიან. თუმცა არის შემთხვევები, რომ მე ვუკეთებ ისეთ თმას, როგორიც მათ სურთ. მაგალითად, შავი თმის ნაცვლად – წითურს… ძნელია, განვუმარტო ყველას ხელოვნების ის დეტალები, რასაც ინდივიდუალიზმი ჰქვია და რაც მნიშვნელოვანია ყველა ხელოვანისთვის.
– პანდემია და კარანტინი – როგორ იმოქმედა თქვენზე, ნაყოფიერი პერიოდი გქონდათ თუ პირიქით?
– რა თქმა უნდა, პანდემიამ და კარანტინმა ბევრს აღმოაჩენინა დაფარული ნიჭი – ხელოვანისთვის ესოდენ საჭირო იარაღი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ავმაღლდეთ სულიერად, გავექცეთ და გავიადვილოთ ცხოვრების ყოველდღიური რუტინა.
ჩემს შემთხვევაში პანდემიას და კარანტინს არავითარი გავლენა არ მოუხდენია, მანამდე მქონდა სადეკრეტო შვებულება და მქონდა ჩემი გატაცება… ჰობი.
– ანუ ჰობი – თოჯინების კეთება საყვარელ საქმედ გადაიქცა…
– ბერნანდ შოუ ამბობდა: ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ჰობით ცხოვრობსო, სწორედაც, მე სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, რისი საშუალებითაც თავს ვაღწევ უარყოფით განცდებსა და ემოციებს, რომელთაც ცხოვრება უხვად გვთავაზობს და სრულად მაძლევს იმის საშუალებას, მოვდუნდე და დავტკბე ჩემი სამყაროთი. ჩემი საქმიანობა ასევე მაძლევს საშუალებას, შევუთავსო ის ჩემს ძირითად საქმიანობას და ვაქციო მცირე ბიზნესად.
– მეუღლე და ორი პატარა გყავთ. როგორ გიწყობთ ოჯახი ხელს მუშაობაში?
– ჩემს მეუღლეს კარგად ესმის ჩემი, ჩემი საქმიანობის მნიშვნელობა და ყველანაირად ცდილობს დამეხმაროს და ხელი შემიწყოს, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს 2 წლის და 9 თვის პატარებზე. მათთან ერთად შეუძლებელია რაიმეს გაკეთება… ყველაფერს ხელიდან მართმევენ და ძნელად აბრუნებენ უკან. ამიტომაა, რომ მხოლოდ მათი დაძინების შემდეგ ვახერხებ ჩემი სამუშაოს გაგრძელებას. წესით, ბავშვებთან დაღლილს უნდა მეძინებოდეს, მაგრამ ისეთი განცდა და ემოცია მეუფლება, შემიძლია მთელი ღამე შეუსვენებლივ ვიმუშაო, თუმცა იმის გამო, რომ დილა იწყება ბავშვებთან ერთად, სამუშაოს მხოლოდ გარკვეულ დროს ვუთმობ.
– თქვენი ნამუშევრები ალბათ ბევრს მოსწონს…
– ჯერჯერობით უკმაყოფილო მომხმარებელი არ მყოლია, პირიქით, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი თოჯინის შეძენის შემდეგ, მეორე თოჯინაც შეუძენიათ. მიყვარს, როდესაც მათ აღფრთოვანებას ვისმენ, მიხარია და თავს ბედნიერად ვგრძნობ.
ჩემი მომხმარებელი იმასაც აღნიშნავს, რომ სურათებით იმის 50 პროცენტიც არ გადმოიცემა, რაც მათი ხელში დაჭერის დროს შეიგრძნობა.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– პანდემიამ და მისგან შემოთავაზებულმა პირობებმა აქტუალური გახადა ონლაინ შემოთავაზებები და კავშირები, რა თქმა უნდა, მეც აქტიურად ვიყენებ მას.
მხოლოდ დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ჩემი ნამუშევრების გამოფენაზე გატანას,თუმცა ამას სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავ. როგორც გითხარით, მინდა გავაკეთო პოლიმერული თიხის თოჯინები, წარმოსახვით უკვე ვიცი, როგორები იქნებიან ისინი. ასევე მინდა ჩემი ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანა, რამდენიმე შემოთავაზებაც მქონდა… ჩემი თოჯინებით აღფრთოვანებული გერმანიაში მცხოვრები ქალბატონი დამიკავშირდა, შემომთავაზა დახმარება და თანადგომა, ჩემი ნამუშევრების გერმანიაში გასატანად.
თამარ შაიშმელაშვილი