პოლონელი ჯარისკაცი, რომელმაც, წამების მიუხედავად, ინფორმაცია არ გასცა – მორიგი პატიმარი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან
აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამიანების პირადი ისტორიების მოყოლა ან მოსმენა ხშირად ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, ეს ის მასობრივი და ხანგრძლივი ტრაგედიაა, რომელსაც კაცობრიობა ვერასდროს დაივიწყებს.
რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი საშინელი წუთების, საათების, თვეების გადატანა მოუწია თითოეულ მათგანს. რამდენიმემ წარმატებით შეძლო გაქცევა, ზოგი გაქცეული უკან დააბრუნეს, ზოგი მოკლეს, ზოგმა კი ბოლოს და ბოლოს მოიპოვა თავისუფლება, თუმცა გზა, რომელიც თითოეულმა მათგანმა გაიარა, ძალიან, ძალიან მძიმეა.
მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ნაცისტებმა აუშვიცის ბანაკი გაანადგურეს, რათა იქ არსებული დოკუმენტები და მტკიცებულებები სხვის ხელში არ ჩავარდნილიყო. განადგურდა პატიმრების ფოტოებისა და სარეგისტრაციო ბარათების დიდი ნაწილი, ასევე სხვა მასალები. მიუხედავად იმისა, რომ აუშვიცის მემორიალურ არქივში დღესდღეობით 40 ათასამდე პატიმრის გადარჩენილი ფოტო ინახება, დატრიალებული საშინელების მასშტაბი გაცილებით დიდია.
ჩვენ უკვე მოგიყევით იანინა ნოვაკის, ჟოზეფა გლაზოვსკას, ივან რიბალკას, ვინცენს დანიელის, პატიმარი N2731-ის და სალომონ ჰონიგის შესახებ, ახლა კი, იუზეფ პატერზე მოგითხრობთ, რომლის შესახებ ინფორმაციაც სხვა პატიმრების ნომრებთან და პირად მონაცემებთან ერთად, ვებგვერდ facesofauschwitz-ზეა გამოქვეყნებული.
იუზეფ პატერი 1897 წლის 31 ივლისს დაიბადა ჟირარდუვში. ის კათოლიკე იყო. საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში მისი ოჯახი საცხოვრებლად პოლონეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჩესტოხოვაში გადავიდა.
თინეიჯერობისას იუზეფის ინტერესები მრავალფეროვანი იყო. 15 წლის ასაკში იგი პოლონეთის სოციალისტური პარტიის რევოლუციური ფრაქციის აქტიური წევრი გახდა და თავის თანამემამულეებთან ერთად, თავისუფალი და დემოკრატიული პოლონეთის სახელით, სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებებისთვის იბრძოდა.
17 წლის იუზეფი კრაკოვში გადავიდა და პოლონურ ლეგიონს შეუერთდა. 1916 წელს ლეგიონის ქვეითთა პოლკში გადაბარგდა და შესაძლოა, რუსეთის საიმპერატორო არმიის წინააღმდეგ იბრძოლა კიდეც. ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი არ არის. 1917 წელს იუზეფსა და ლეგიონს შორის დაპირისპირება დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლეგიონმა გადაწყვიტა, ერთგულების ფიცი მიეცა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ისთვის. იუზეფმა და კიდევ მისმა არაერთმა თანამებრძოლმა ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ბრძანების შეუსრულებლობის გამო, იგი, მის მეგობრებთან ერთად, ინტერნირების ბანაკში გადაიყვანეს.
ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1918 წელს პატერი ისევ შეუერთდა პოლონეთის არმიას, ოღონდ ამჯერად მოხალისის რანგში. სანამ 1929 წელს პენსიაზე გავიდოდა, იუზეფმა პოლონეთის ორი უმაღლესი სამხედრო ჯილდო მიიღო.
როცა ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია გადაწყვიტა, იუზეფი კვლავ ომში ჩაერთო და ერთ-ერთი მებრძოლი ჯგუფის მეთაური გახდა. 1941 წლის 15 თებერვალს იგი მისივე მეუღლე ელენასთან ერთად დააკავეს და ვარშავაში, პავიაკის ციხეში გაგზავნეს
იქ ყოფნის განმავლობაში, პატერს აწამებდნენ და სთხოვდნენ, პოლონეთის წინააღმდეგ ინფორმაცია გაეცა, თუმცა, როგორც ჩანს, მან ეს არ გააკეთა. 1942 წლის 18 აპრილს უკვე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მიანიჭეს ნომერი – N31225. ამავე წლის ივლისში ის შუცშტაფელის ჯარისკაცებმა მოკლეს. იგივე ბედი ეწია ელენესაც, თუმცა არა აუშვიცის, არამედ რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში.