თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება, რომელზეც მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ხალხმრავლობაა აღბეჭდილი. კომპანიის განმარტებით, თბილისის მეტრო დღეს შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს, ხოლო ხალხმრავლობა პიკის საათში აღნიშნულ სადგურზე ჩვეულებრივი მოვლენაა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს. თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5,-მდე, ხოლო პირველ ხაზზე – 2.5 წუთამდე.

გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2-ის“ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში, ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. თბილისის მეტროსადგურებში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება“,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები