ლევან მახაშვილი: დებატები ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალია
“დისკუსიები, დებატები ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალია, ამიტომ, ჩვენი მთავარი ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად აზრთა ჭიდილში, საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ საკითხიდან შევთავაზოთ საზოგადოებას,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა.
მახაშვილის შეფასებით, საჯარო დისკუსიის შეთავაზება ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი პროცესებით არიან დაინტერესებულები.
“ეს შეთავაზება ბუნებრივია მხოლოდ იმ ადამიანებს და საზოგადოებრივ წრეებს, რომლებიც არსებითად არიან დაინტერესებული ჯანსაღი დისკუსიით და არა – შოუების დადგმით და ლანძღვა-გინებით. თუ იქნება სივრცე, სადაც შეგვიძლია შესაბამის გარემოში არგუმენტებით ვიმსჯელოთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ ტიპის დისკუსიებში. ამავე დროს, ყველა იმ რადიკალს, რომლებმაც უკვე წინასწარ დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები, ბუნებრივია, არც ჩვენ და არც საზოგადოებას არანაირი სასაუბრო ამ რადიკალებთან და ექსტრემისტებთან არ გვაქვს. ეს ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არგუმენტებით, კონკრეტული ფაქტებით და დისკუსიით,” – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.