თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს იყიდის – როგორია შესყიდვის ღირებულება და სხვა დეტალები
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 35.9 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს. შესაბამისად, ერთი მიკროავტობუსის სავარაუდო ღირებულება ტენდერში 119,731 ლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღეს დედაქალაქში M2 კატეგორიის ავტობუსებით ანუ მიკროავტობუსებით მომსახურების სერვისს არა თავად “თბილისის სატრანსპორტო კომპანია,” არამედ “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში გაერთიანებული ოთხი კერძო კომპანია – „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი” უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ეს მიკროავტობუსები კერძო ოპერატორისთვის არის განკუთვნილი. თბილისის მერიის განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” მათ ამ მიკროავტობუსების საფასურს ეტაპობრივად აუნაზღაურებს. ეს მიკროავტობუსების გადაცემის მეორე ეტაპი იქნება, რადგან 2020 წელს თბილისის მერიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსი უკვე შეიძინა.
გასულ წელს Ford-ის მარკის მიკროავტობუსები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შპს “ჯი-თი მოტორსმა” მიაწოდა.
სატენდერო პირობებში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ 300 მიკროავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა გამოთქვას წერილობითი თანხმობა და მზადყოფნა, რომ ის მზად არის, ანალოგიურ ფასად (ერთი მიკროავტობუსის სატენდერო ღირებულება 119,731 ლარი) 400 ავტობუსი მიაწოდოს კერძო ოპერატორ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს”. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამ დამატებითი მიკროავტობუსების შეძენის საფასურს კერძო კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” გადაუხდის.
“პრეტენდენტი ვალდებულია, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა, რომ ტენდერში გამარჯებული კომპანია დამატებით 400 ერთეულ M2 კატეგორიის ავტობუსზე, იმავე ტექნიკური პირობებით, ერთეულის ფასით და ანგარიშსწორების პირობებით, გააფორმებს ხელშეკრულებას და შესყიდვის ობიექტს მიაწვდის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის ნებართვის მქონე შესაბამის კომპანიებს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი BMG-ისთან საუბარში განმარტავს, რომ “თბილისის მიკროავტობუსი” გასულ წელს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის საფასურს აღნიშნული ტენდერის დასრულებამდე დაფარავს. წილოსანი ამბობს, რომ ახალი ტენდერით გათვალისწინებული 300 მიკროავტობუსის შესყიდვის საფასურის დაფარვის ვადების შესახებ მოლაპარაკებები კომპანიასთან ამჟამად მიმდინარობს. ამასთანავე, ვიქტორ წილოსანი განმარტავს, თუ რატომ ჩაიდო სატენდერო პირობებში დამატებით 400 მიკროავტობუსის შესახებ პირობაც. წილოსანის თქმით, ეს არის ერთგვარი ფასის დაზღვევა, რათა “თბილისის მიკროავტობუსისთვის” ამ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა შემდგომში უფრო ძვირი არ აღმოჩნდეს.
სატენდერო პირობების თანახმად, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ტენდერში წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.
სატენდერო აღწერილობის მიხედვით, მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.
შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:
სიგრძე – არაუმეტეს 6.97 მეტრი;
სიგანე – არაუმეტეს 2.5 მეტრი;
სიმაღლე – არაუმეტეს 2.9 მეტრი;
ძრავი – დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი;
ძრავის მოცულობა – არაუმეტეს 3.0 ლიტრი;
ძრავის სიმძლავრე – არანაკლებ 130 ცხენის ძალა;
საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე – ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა.
თბილისის მერიის და თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებით, ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს.
წყარო:bm.ge