თავისუფალ ადამიანად ყოფნის ბედნიერება – ნესტან თათარაშვილის დაბადების დღე

გვინდა საიუბილეო თარიღი მივულოცოთ შესანიშნავ არქიტექტორ–რესტავრატორს, ნაყოფიერ მეცნიერსა და მკვლევარს, საქართველოს ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ხელმძღვანელს, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ნესტან თათარაშვილს, ვინც წლების განმავლობაში შეასრულა  საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის ათეულობით ძეგლის რესტავრაციის პროექტი. ვინც უზარმაზარი ამაგი დასდო საქართველოში შემორჩენილი მოდერნის სტილის არქიტექტურის კვლავასა და პოპულარიზაციას, მანვე საფუძვლიანი შრომა გასწია საქართველოში არსებული გერმანული არქიტექტურული მემკვიდრეობის მეცნიერულად შესწავლა-დადგენის საქმეში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროექტის ფარგლებში მოხდა თითქმის გაჩანაგებული ნაგებობების  აღდგენა და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

ის, რაც ნესტან თათარაშვილმა საკუთარი ქვეყნის გულწრფელი სიყვარულით, მაღალი პროფესიონალიზმით, უკომპრომისობითა და თავგანწირული შრომით შეძლო, არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და სახელმწიფოს. სწორედ მიღწეულით, გაკეთებულით, ქვეყნისთვის სასარგებლო და საჭირო საქმით უნდა იზომებოდეს ნებისმიერი მეცნიერისა თუ მოღვაწის ამაგი და არა დახუნძლული რეგალიებითა და ფუჭი ხმამაღლობით…

ახლა გადავხედოთ ნესტან თათარაშვილის მიერ გაწეულ გარჯას და ვნახოთ, თუ რატომაც არის მისი პიროვნება და მოღვაწეობა ასერიგად ღირებული?! ის არის  პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ვინც არა მარტო საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის აკეთებს მნიშვნელოვან განაცხადს, არამედ მის ეკონომიკას და განსაკუთრებით ტურიზმს უწევს ქმედით დახმარებას, ანუ მის მიერ განხორციელებული პროექტები საქართველოს კეთილდღეობას უწყობს ხელს. აი, სწორედ ასეთი აზროვნების და მრწამსის მქონე ადამიანები, როგორიც არის ნესტან თათარაშვილი, წარმოადგენენ ქვეყნის საამაყო და ფასდაუდებელ კაპიტალს.

ნესტანმა თავისი შესანიშნავი წიგნით მოდერნზე (ქართულ–ინგლისურ ენებზე, 2008), ასევე მოხსენებებით, საქმიანი შეხვედრებითა და ფოტოგამოფენებით, ჩვენში თუ უცხოეთში ახალი რეალობა შექმნა. ჩვენი მოდერნის არქიტექტურა მან მსოფლიო მოდერნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აქცია და საერთაშორისო აღიარება მოუპოვა: 2006 წლიდან საქართველო სწორედ მისი ძალისხმევით გახდა ბრიუსელის „მოდერნის ქსელის“ ასოცირებული პარტნიორი, 2007 წლიდან კი – ბარსელონის „მოდერნის ევროპული მარშრუტის“ წევრი ქვეყანა.

ნესტან თათარაშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით განახორციელა გერმანელთა ისტორიისა და მრავალფეროვანი არქიტექტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლა.
როგორც ცნობილია, გერმანელები 1817 წელს გამოჩნდნენ ამიერკავკასიაში და საქართველოში შექმნეს თავიაანთი პირველი დასახლება, რომელსაც  მარიენფელდი დაარქვეს. კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით შესაძლებელი გახდა 23 გერმანული დასახლების იდენტიფიკაცია საქართველოში, მათი ავთენტური სახელისა და მდებარეობის დადგენით. თვითოეულ მათგანზე გაკეთდა რუკა, სადაც ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატებით იქნა დატანილი იქ არსებული ყველა გერმანული შენობა, გამოვლინდა 1200-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი. 37 მათგანს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესრულდა საკმაოდ მოცულობითი  ისტორიულ–საარქივო და სამეცნიერო–ბიბლიოგრაფიული კვლევა. და რაც ყველაზე მთავარია, ფიზიკურად შენარჩუნდა ძალიან ბევრი არქიტექტურული ნიმუში. მოხდა მათი აღდგენა და ტურისტულ მარშრუტებში შეტანა. უამრავ უცხოელს, განსაკუთრებით გერმანელებს ეს უჩენს უზარმაზარ კრძალვას და პატივისცემას საქართველოს მიმართ, რომელმაც ორასი წლის წინათ შეიფარა გერმანელი ლტოლვილები.

ნესტან თათარაშვილის აღნიშნული პროექტის მასშტაბი და მნიშვნელობა ცხადად გამოიკვეთა მის 240-გვერდიან წიგნში: „გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ რომელიც ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე 2018 წელს გამომცემლობა „სეზანმა“ დასტამბა. ეს წიგნი წარმოადგინეს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომლის მასპინძელი ქვეყანა იმ წელს საქართველო იყო.

ერთ მხარეს არის ნესტან თათარაშვილი, როგორც აკადემიური და სოლიდური პროექტების ავტორი, ამის მიღმა კი გვეგულება ხალისითა და იუმორით სავსე, ფანტასტიკურად მრავალმხრივი ადამიანი, რომლის გვერდითაც ვერასდროს მოიწყენ. მას თანაბარი გატაცებით და საგულისხმო დაკვირვებებით შეუძლია იმსჯელოს თეატრზე, კინოზე, მუსიკაზე, ფილოსოფიაზე, ემიგრაციაზე თუ კულტურის პოლიტიკაზე და მუდამ გაგაოცოს გულწრფელობითა და სიღრმით, სიცოცხლისა და ადამიანების მიმართ ამოუწურავი სიყვარულით…

მას არასოდეს აღელვებდა რეგალიები და თანამდებობები, ერთხანს ეკავა კიდევ საკმაოდ დიდი პოსტი, მაგრამ ბიუროკატიულ მზაკვრობებს ვერ შეეგუა, უფრო სწორედ, თვალი არ დახუჭა ბევრ რამეზე და სანამ „მაღალნი ამა სოფლისანი“ უბოდიშოდ გამოისტუმრებდნენ, თავად დაასწრო წამოსვლა. მას არც მანამდე და არც მას შემდეგ შეუწყვეტია იმის კრიტიკა, რაც დამაზიანებულად და მიუღებელად მიაჩნდა თბილისის არქიტექტურისა და მისი ბუნებრივი განვითარებისთვის. თუმცა, თანამდებობის დატოვება ბევრივით ტრაგედიად არ უქცევია, ამას ისე მიუდგა, როგორც ატმოსფერულ მოვლენას.

ის საქმის ადამიანია, ძლიერი სულისა და ნებისყოფის პიროვნება, რომელსაც არასოდეს დაუხუჭავს თვალი იმ არქიტექტურულ ბალასტსა და სიმახინჯეებზე, რაც თბილისს გიგანტომანიით და სიხარბით შეპყრობამ დაატეხა თავს. ისტორიას შემორჩება ნესტან თათარაშვილის მიერ დიდი პასუხისმგებლობით განხორციელებული პროექტები, ასევე პირუთვნელი და უშეღავათო შეფასებები, რაც დროის და მომავლის წინაშე მართალს ამყოფებს მას. და განა თავისუფალ ადამიანად ყოფნის ბედნიერებას შეედრება ან გადაწონის სხვა რამ ამქვეყნიური „ბრჭყვიალა საბადებელი“?!

მე იგი ვერ წარმომიდგენია იუბილარის საპატიო სავარძელში მშვიდად და მითუმეტეს, განცხრომით მჯდომარე…

ჩვენო ბობოქარო და შრომისმოყვარეობით შეუდარებელო ნესტან, მუდამ მოუთმენლად ველით შენგან გამარჯვევებს ახალი წიგნებით, შემდგომი პროექტებითა და თანამოაზრეების მომრავლებით… რადგან ქვეყნის გამოფხიზლებას, სიჯანსაღეს და წინსვლას სწორედ  შენებრ ნიჭიერი, შემტევი და ნაკლის უშიშრად მამხილებელი ადამიანები განაპირობებენ.

                                                             გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები