სერგო ჩიხლაძე: მონაცემები, რომელიც ქვეყნდება NDI-ის კვლევის შედეგად, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ჩემთვის ეს მონაცემები არ არის სანდო
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე NDI-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
მისი შეფასებით, მონაცემები, რომელიც ქვეყნდება NDI-ის კვლევის შედეგად, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
“მონაცემები, რომელიც ქვეყნდება NDI-ის კვლევის შედეგად, როგორც პოლიტიკურ ნაწილში ასევე არაპოლიტიკურ ნაწილში, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ვიტყვი პირდაპირ, რომ ესეთი ღია კითხვებით პოლიტიკური რეიტინგები და პარტიების პოლიტიკური რეიტინგები არ დგება, შესაბამისად, ეს გაზომვის მეთოდი თავისთავად არის არარელევანტური და შედეგიც არის არავალიდური პოლიტიკურ ნაწილში. ჩემთვის ეს მონაცემები არ არის სანდო”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. 40 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არცერთი პარტია არ არის, 14 -მა პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს.