სოზარ სუბარი: სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც არიან ისეთი ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან
“ქვეყანას აზიანებს, სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც არიან ისეთი ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა შს მინისტრსა და ყველა პოლიციელს, რომლებმაც ნიკა მელიას დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს.
“ქვეყნის დაქცევა იწყება მაშინ, როდესაც კანონი არ აღსრულდება. ორ დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე და სწორედ იმან განაპირობა დაცემა, რომ აქ იყვნენ შიგნით ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად ყველაფერს აკეთებდნენ. დღეს ის დრო აღარ არის, დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია – კანონი აღსრულდება და ამას ყველა დაემორჩილება.
არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის უფლებაც არავის არ აქვს. შსს-მ ეს გადაწყვეტილება აღასრულა ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე. მადლობას ვუხდი ვახტანგ გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ამ დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, რათა ეს ყველაფერი იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული.
ქვეყანას აზიანებს, სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც არიან ისეთი ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.