“არც მიკვირს, რომ გული აწუხებდა, შარშან ინსულტიც გადაიტანა, მერე ეს ვირუსიც დაერთო და ვერ მოერია” – კოლეგები თემურ წიკლაურს ემშვიდობებიან
თემური ჩვენ შორის გამორჩეული იყო – სცენაზე რომ გამოვიდოდა, საოცარ ენერგიას ასხივებდა, – ამის შესახებ მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა ,,კვირის პალიტრასთან” განაცხადა.
,,კვირის პალიტრას” თემურ წიკლაურის კოლეგები ესაუბრნენ და “ქართული სცენის არწივს” გამოემშვიდობნენ.
,,მე და თემურს 50-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, როცა გავიცანი, მე 18 წლისა ვიყავი, ის – 24 წლის. თემური უკვე პოპულარული მომღერალი იყო. ერთობლივი გასტროლები, საერთო საქმე, რომლის გამოც 50-ზე მეტი ქვეყანა შემოვიარეთ – ამან ძალიან დაგვაახლოვა. მით უმეტეს, ორივე ანსამბლ “ივერიაში” ვმღეროდით, რომელიც ერთი დიდი საძმო და სამეგობრო იყო.
თანდათან დავნათესავდით: ერთმანეთის ნათლიები, ახლობლები გავხდით და ამ ურთიერთობას
ჩვენი შვილები და შვილიშვილები აგრძელებდნენ. თემური ჩვენ შორის გამორჩეული იყო – სცენაზე რომ გამოვიდოდა, საოცარ ენერგიას ასხივებდა. ხალხიც გრძნობდა მის ვაჟკაცობას, სისუფთავეს, გრძნობდა, რომ ის ნაღდი კაცი იყო. რაც უნდა ჩაეცვა, მაინც ნამდვილ არწივს ჰგავდა. აბა, რა გითხრათ? – ქართულმა ხელოვნებამ, ჩვენმა სამეგობრომ და სანათესავომ ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა. ზოგჯერ ვერც წარმომიდგენია, რომ ის ჩვენთან აღარ არის. სიტყვას ვეძებ, ეს ტკივილი როგორ გადმოვცე, მაგრამ არ არსებობს სიტყვა, რომლითაც ჩემს განცდებს ზუსტად გამოვხატავ.
ამ დღეებში ვინ არ მისამძიმრებს: მირეკავენ ამერიკიდან, ისრაელიდან, ბელგიიდან, იტალიიდან… ამ ადამიანმა იმდენი სიკეთე დათესა, რომელსაც ბოლომდე ვერავინ მოიმკის. ყველამ იცოდა, რომ მან უდიდესი ტრაგედია გამოიარა:
1983 წელს შვილი – ულამაზესი გიორგი დაეღუპა. ვინ იცის, რამდენჯერ ავსულვართ კოჯორში მის საფლავზე, თემური შვილის გვერდზე დაწოლილა და უთქვამს, მე აქ უნდა დავიმარხოო. ეს იყო მისი ანდერძი, რომელიც შევასრულეთ,”- განაცხადა ნუგზარ კვაშალმა.
მომღერალ მერაბ სეფაშვილის თქმით, “ივერია” საოცრად მეგობრული ანსამბლი იყო, მაგრამ თემური იქაც განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდა.
,,გარდა იმისა, რომ გულით მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი როგორც ადამიანს და როგორც უფროს მეგობარს, ყოველ წამს ვგრძნობდი, რომ ის დიდი მომღერალი იყო. მისი შემოქმედება ნამდვილი ეროვნული სულით იყო გაჟღენთილი, ამიტომ მთელ საქართველოს უნდა მივუსამძიმრო! თემური უკლებლივ ყველას უყვარდა. მეც იმდენი კარგი მოგონება, იმდენი სითბო მახსოვს მისგან, რომ ყველაფრის მოყოლა გამიჭირდება!
“ივერია” საოცრად მეგობრული ანსამბლი იყო, მაგრამ თემური იქაც განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდა. როცა ადამიანი ცოცხალია, ნაკლებად ფიქრობ, რატომ გიყვარს და მის ღირსებებს გარდაცვალების შემდეგ უფრო ხედავ. მისი სიმღერები მომავალ თაობას დარჩება, რადგან თემურ წიკლაური სულით და ხორცით შემოქმედი იყო,”- განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.
მსახიობმა გია ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ თემურ წიკლაური გულით მძიმე დარდს ატარებდა.
,,ალბათ, ყველას სათქმელს ვიტყვი: თემურ წიკლაური პირველ რიგში ნამდვილი პროფესიონალი იყო, რაც ცოტას არ ნიშნავს. ნამდვილი პროფესიონალი ყოველთვის გულით აკეთებს საქმეს, რომელიც უყვარს და რომელიც კარგად იცის. მისი სიმღერებიც ამიტომ არის გამორჩეული და უნიკალური.
ის იყო კაცი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ამბიცია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამშვენებდა ქართულ სცენას. არ ყელყელაობდა იმით, რომ ძალიან ნიჭიერი და განსაკუთრებული იყო, არ ამაყობდა იმით, რასაც მიაღწია.
თემური საოცრად თავმდაბალი იყო, მეტისმეტად თავმდაბალიც კი, იმავდროულად, ტრაგიკული პიროვნებაც. ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ დარდისგან, რომელსაც თემურ წიკლაური გულით ატარებდა! ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს, რომელმაც ასეთი პიროვნება დაკარგა,”- განაცხადა გია ბურჯანაძემ.
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი იხსენებს, რომ შენობას, სადაც ქართველი მონაზვნები ცხოვრობენ, “ქართული სახლი” ჰქვია, თურმე ეს თემურის სახლი ყოფილა, მაგრამ იქ ფეხიც არ შეუდგამს.
,,გული ჩამწყვიტა მისმა გარდაცვალებამ! ძალიან დამენანა სიკვდილისთვის, რადგან ასეთი ადამიანები დიდხანს უნდა ცოცხლობდნენ. მახსოვს, პირველად ფილარმონიაში შევხვდი, 30 წლის წინ, როცა დამწყები მომღერალი ვიყავი. მასთან ნუგზარ კვაშალმა მიმიყვანა. მის ადგილას ზოგიერთს შეიძლება კარიც არ გაეღო.
პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ჩემი სიმღერა “ყვავილების დედოფალა” თანდათან პოპულარული ხდებოდა. ახლაც მახსოვს, როგორ მითხრა, იცი, რაზე ვგიჟდებიო? “წკაპაწკუპი” რამ გაგახსენა, ამ სიმღერას ისე მოუხდა და ისე გემრიელად ისმისო… მოვიდა და გულში ჩამიხუტა.
მასთან ყოველთვის ვმეგობრობდი და უდიდესი პატივისცემა მქონდა, მაგრამ ბოლო ხანებში უფრო დაგვაახლოვა ჩემმა ნათლიამ – მერაბ იერუსალიმელმა. როცა იერუსალიმიდან მოვფრინავდი, მერაბი მასთან ყოველთვის მატანდა ხატს, სანთლებს და სხვა საეკლესიო ნივთებს. იქ საოცარი ამბავიც გავიგე:
შენობას, სადაც ქართველი მონაზვნები ცხოვრობენ, “ქართული სახლი” ჰქვია, თურმე ეს თემურის სახლი ყოფილა, მაგრამ იქ ფეხიც არ შეუდგამს: ერთხელ ჩემი ნათლიისთვის უთქვამს, ძალიან მინდა დედებს ვესტუმრო, მაგრამ არ მინდა თავი უხერხულად იგრძნონო.
იერუსალიმში ყოფნისას სასტუმროში ჩერდებოდა, რომელიც იესოს ტაძრის გვერდზეა და წირვაზე ყოველ დილით ფეხით მიდიოდა. იქ მე სულ სხვა თემურ წიკლაური გავიცანი. მთელი იერუსალიმი ტირის, ვინც ეს ამბავი გაიგო და ვინც მას იცნობდა. ის იყო კაცი, რომლისგანაც შეიძლებოდა ბევრი რამ გესწავლა, რომელიც მართლა დააკლდება ყველას და ყველაფერს.
რაც მთავარია, თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი იყო, ბევრჯერ მინახავს, როგორ ევსებოდა თვალები ცრემლით, როცა საქართველოზე მღეროდა. თემურ წიკლაური მართლა დიდი კაცი იყო თავისი სისუფთავით, თავმდაბლობით, სიკეთით…
არც მიკვირს, რომ გული აწუხებდა, შარშან ინსულტიც გადაიტანა, მერე ეს ვირუსიც დაერთო და ვერ მოერია! მეც ისევე მტკივა გული, როგორც ყველას, ვინც მას იცნობდა,”- განაცხადა ნატო გელაშვილმა.