თბილისის ზღვა, ზემო უბანი, ვარაზისხევი და ვირის ხიდი – ცნობილი დასახელებების წარმოშობის ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, თბილისის ზღვაზე, ზემო უბანზე, ვარაზისხევსა და ვირის ხიდზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.


თბილისის ზღვა – სახელწოდება სულ ახლახანს, ჩვენ დროში (იგულისხმება მე-20 საუკუნე) წარმოიშვა და დაკავშირებულია ვრცელი წყალსატევის შექმნასთან.

წყალსატევი ნავარაუდევი იყო ჯერ კიდევ თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის 1934 წლის გენერალურ გეგმაში. წყალსატევი შეიქმნა მახათის მთის გადაღმა და იკვებება მდინარე იორის წყლით. სათავე-ნაგებობები გაშენდა სოფელ პალდოსთან. ივრის წყალი 40-კმ სიგრძის ზედა მაგისტრალური არხით ქვაბულისაკენ გამოუშვეს. გამოცოცხლდა სამგორის ველი. მოირწყა 80 000 ჰექტარი. წარმოიშვა დასახლებები, ვენახები, მეურნეობები, რომლებიც მებოსტნეობას და მეხილეობას მისდევენ. თბილისის ზღვის ნაპირზე შეიქმნა კეთილმოწყობილი პლაჟები.

ზემო უბანი – შუასაუკუნოვანი თბილისის ბირთვს – კალას – ორ დიდ უბნად, ზემო და ქვემო უბნად ყოფდა დღევანდელ ლესელიძის ქუჩას (აფხაზის) გაყოლებული ქუჩების სისტემა. სწორედ ამიტომ ერქვა „შუა ბაზარი“ ამ ქუჩების სწვრივად განლაგებულ დუქნებსა და სახელოსნოებს.

„ზემო და ქვემო“ უბანი შერქმეული იყო არა რელიეფის თავისებურებების გამო, არამედ უბნების ურთიერთგანლაგების მიხედვით მტკვრის დინების მიმართულებით. ზემო უბანი განლაგებული იყო ამჟამინდელი ლესელიძის (აფხაზის), ბარათაშვილის ქუჩებსა და მტკვრის კალაპოტს შორის. ზემო უბანში განლაგებული იყო ქალაქის უმთავრესი ნაგებობები: დიდი ქარვასლები, ქართული ეკლესიები: სიონი, ნათლისმცემელი, ანჩისხატი, კვირაცხოველი, წმ. გიორგის სასახლისეული, ქრისტეშობის მეფის და მეფის ოჯახის სასახლეთა კომპლექსი, კათალიკოსის და ეპისკოპოსთა ადგილსამყოფელები, ქსნის ერისთავის, ციციშვილის, ზედგენიძის, აბაშიძის და სხვათა სახლები. ბატონის მოედნის სამხრეთით, გრძელი ბაზრის ქუჩაზე (რასტაბაზარზე) გამოდიოდა გამაჰმადიანებულ მეფე როსტომის აგებული მეჩეთი. ამ უბნის ძირითად მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მხოლოდ XVIII საუკუნის დამდეგს აშენდა ერთადერთი სომხური ეკლესია – სურფნიშანი.

ზემო უბანში, მტკვრის პარალელურად, გადიოდა თბილისის უმთავრესი სავაჭრო და საზოგადოებრივი მაგისტრალი, რომლის შუაწელზე ბატონის მოედანი მდებარეობდა. ეს მაგისტრალი ემთხვევა აწინდელი სიონის, ერეკლესა და შავთელის ქუჩების ხაზს.

ვარაზისხევი – თბილისში ბევრი ქუჩაა, განსაკუთრებით, მტკვრის განივად განლაგებული, რომლებიც ხევების ამოვსების შედეგად წარმოიშვნენ. მათ რიცხვს ვარაზისხევიც ეკუთვნის. ხევის ამოვსება 50–იან წლებში დაიწყეს და აღმართი 1957 წელს ჩადგა მწყობრში. მან უმოკლესი გზით დააკავშირა ვაკის ვრცელი უბანი გმირთა მოედანს და მისი მეშვეობით კი სადგურსა და სანაპიროებს.

ვირის ხიდი – მტკვრის ქვედა დინებაში ბოლო დრომდე არსებული ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო თავისი ბაღებით, რომლებიც თბილისს ამარაგებდა ხილითა და ბოსტნეულით. სანაპიროების მშენებლობის შედეგად მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძული აღარ არსებობს. ადრე კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი. მას თბილისელებმა „ვირის ხიდი“ შეარქვეს, რადგან მასზე დატვირთუული გოდრები გადაჰქონდათ სახედრებს. შემდგომში ეს სახელწოდება გავრცელდა ძველი მეტეხის ხიდზეც, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები