“ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ კონკრეტულ პირებთან საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ და დღეს გვაცნობეს, რომ ერთ-ერთი ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჭრილში კონკრეტული თანხა ამოიღეს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
აღნიშნულით ის პროკურატურის ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება ხდება. სათქმელი არის ერთი – არანაირი თანამდებობა, არანაირი სტატუსი მოქმედ თუ წარსულში არსებულ პოლიტიკურ მდგენელში ვერ იქნება ვერავისთვის ინდულგენცია და თუკი ვინმეს ხელი წაუცდა კორუფციისკენ, ბუნებრივია, სახელმწიფო იქნება მკაცრი და კანონის ფარგლებში ყველას პასუხს მოსთხოვს.
ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ მოქმედებს გამჭირვალე და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ყველა საქმე, რომელიც წარმოებს სისხლის სამართლის ჭრილში, ბუნებრივია, რომ ის მაღალი მტკიცებულებით დატვირთვით არის გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბრალდებას სჭირდება შესაბამისი მყარი მტკიცებულება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა.