სერგო ჩიხლაძე: ელისაშვილის ეს მემორანდუმი არათუ წინა ვარიანტზე უარესია, არამედ არსებულ მდგომარეობაზეც

“ელისაშვილი ოფიციალურად დაჯდება პარლამენტში, სადღაც კობახიძესა და ინჯიას შორის ორი კაცი მიემატება „ქართული ოცნების“ 90 კაცს, ეს კრიზისს არ განმუხტავს”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, რაც შეეხება მემორანდუმს, ეს არის გაცილებით გაუარესებული ვარიანტი ვიდრე განიხილებოდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე.

“მოლაპარაკებების მაგიდასთან ელისაშვილი მარტო არ მჯდარა, თუ ვინმეს ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის ამაში, ბატონი ელისაშვილია. ყველამ ვნახეთ, როგორ იცვლებოდა პირველი ნოემბრიდან დღემდე მისი პოზიციები. მას რომ შესვლა უნდა, ამის „გასაპრავებლად“ მთელი ოპოზიციისათვის ნაგვისა და ტალახის სროლა მიუღებელია. რაც შეეხება მის მემორანდუმს, ეს არის გაცილებით გაუარესებული ვარიანტი ვიდრე განიხილებოდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე. ელისაშვილის ეს მემორანდუმი არათუ წინა ვარიანტზე უარესია, არამედ არსებულ მდგომარეობაზეც. გამოვიდა, რომ მას ეს მემორანდუმი ან პოლიტიკური გამოუცდელობის გამო შეაჩეჩეს, ან ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ მეტი კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას“.

ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ელისაშვილი რომ შევიდა პარლამენტში თავის მეგობართან, ერთად კრიზისი განიმუხტა? ელისაშვილი ოფიციალურად დაჯდება პარლამენტში, სადღაც კობახიძესა და ინჯიას შორის, ორი კაცი მიემატება „ქართული ოცნების“ 90 კაცს, ეს კრიზისს არ განმუხტავს. როგორ შეიძლება, რომ ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციურ ერთობაში არ არის და ბოლო ორი თვე ოპოზიციის დისკრედიტაციით არის დაკავებული, ოპოზიციას წარმოადგენდეს?“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან და „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები