“ბიძინა ივანიშვილმა თავის მოსვლით დაანგრია ,,ნაციონალური მოძრაობა”, წასვლით კი გაანადგურა იმიტომ, რომ ცნობიერება აღარ დარჩათ, საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში” – POSTV
„ფეხბურთის გუნდს რომ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, ბომბარდირი, თამაშის მომგები მთავარი ფიგურა და სხვა გუნდების მწვრთნელები თავიანთ ტაქტიკას ამ ფეხბურთელს რომ არგებენ, მათი მთავარი სადარაჯო რომ ეს ფეხბურთელია და დანარჩენ გუნდს რომ აღარ უყურებენ. შემდეგ, როცა ეს ფეხბურთელი ყველაფერს მოიგებს – ყველა ჩემპიონატს, ყველა ტიტულს აიღებს და ანებებს კარიერას თავს, მიდის ფეხბურთიდან და ეს მწვრთნელები ისევ ძველი ტაქტიკით რომ რჩებიან, შემდეგ თამაშში ის ფეხბურთელი აღარ არის, მაგრამ არ სჯერათ რომ აღარ იქნება”, – ასეთ შედარებას აკეთებენ ტელეკომპანია POSTV-ის ანალიტიკოსები – ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოპოზიციის გამოხმაურებებზე.
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი კი არ წავიდა, კიდევ უფრო მმართველობით ჩრდილში გადავიდა, ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი “სიშლეგის მანიფესტს” უწოდებს და ამბობს, რომ საკუთარ თავთან არის დაპირისპირება მედიასაშუალებების, ოპოზიციური ძალების – ერთმანეთს და თავის თავსაც ეჩხუბებიან.
„ერთი მხრივ, ამბობენ, რომ წავიდა, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ არ წასულა, მერე ამბობენ, რომ ნახევრად წავიდა, მანამდე კი ამბობდნენ, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, წავიდა და ახლა არ უშვებენ. არის გამონათქვამი – ერთ ცნობიერებაში ამდენი შეუთავსებლობა როგორ უნდა დაჯდეს? და მართლა ეგ ხდება. ამდენ შეუთავსებლობას ერთი ნარატივი, ერთი დისკურსი როგორ უნდა იტევდეს? საკუთარ თავთან არის დაპირისპირება მედიასაშუალებების, ოპოზიციური ძალების- ერთმანეთს ეჩხუბებიან, თავის თავსაც ეჩხუბებიან”, – აცხადებს ანალიტიკოსი.
ანალიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხდალია, ჩამომიშვას და თანაბარ პირობებში „ვისპარინგოთო”. ბაჩო ოდიშარიას და გური სულთანიშვილს ეს განცხადება იმ ბავშვს აგონებთ, რომელიც უბანში სახლიდან ვერ გამოდის იმიტომ, რომ ვიღაც უბნელის ეშინია – აივნიდან რომ ეხვეწებოდეს, ძმურად, ადი, თუ ვაჟკაცი ხარ, ჩამომიშვიო.
მათი თქმით, ვაჟკაცობა ჩამომიშვას კი არა, თუ ვაჟკაცი ხარმ შენ ჩამოდი, აი, ეს არის და რომ სააკაშვილის განცხადება იგივეა, დუელზე თქვა თანხმობა მხოლოდ მაშინ, თუ მოწინააღმდეგეს იარაღი არ ექნება, თუ ვაჟკაცი ხარ, უიარაღოდ გამოდიო.
„მიშა არის მართლა სიმხდალის სინონიმი – უშუალოდ მისი სიმხდალე ნანახი გვაქვს, 2008 წელს მთელი ქვეყნისთვის სამწუხაროდ და ტრაგიკულად. მთელი მისი რიტორიკა ხომ მართლა ეგ არის და ახლაც არაფერი შეიცვალა – ქართველმა ხალხმა უნდა გამიკეთოს მე ის, რაც ჩემით მინდა გავაკეთო. ერთადერთი ბრძოლა, სადაც სააკაშვილს შეუძლია, გაიმარჯვოს, თავის ამომრჩეველთან ბრძოლაა – თავის ამომრჩეველს ეჩხუბოს ფეისბუქ-ლაივში”, – ამბობენ გადაცემის ავტორები.
ნინო ბურჯანაძის განცხადებას „ჭორვილაში” ცხოვრებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები აფასებენ, როგორც კუთხური შოვინიზმის, ქსენოფობიისა და უღირსობის გამოვლინებას. მათი თქმით, ნინო ბურჯანაძე გამოირჩევა ნაცისტური, ფაშისტური გამონათქვამებით და ამის დასტურად იხსენებენ სულ ახლახან, აქციებზე, რომელმაც ინფიცირების ზრდას შეუწყო ხელი, ბურჯანაძის გამონათქვამებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს „კოვიდი” დღეს დაგემართება თუ ხვალ, რომ მაინც მოკვდები.
„მთელი თანამედროვე სამყარო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე და გაუმჯობესებაზეა დაფუძნებული, თორემ ეგრე ოდესღაც ყველა მოვკვდებით. შემდეგ ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ დაინფიცირებულ სულს დაინფიცირებული სხეული სჯობსო – ნაცისტურ პერიოდში, როცა ადამიანს უყურებდნენ, როგორც საზარბაზნე ხორცს და არა მიზან-რაციონალურ პრინციპად, არამედ რაღაც ინსტრუმენტად, ეგ არის ახლაც. როგორ შეიძლება, სოფელში მცხოვრებ ადამიანზე თქვა, რომ ფსიქიკურად შეშლილია? თავისი ნებით ვინც ცხოვრობს სოფელში, არის შეშლილი, ამბობს ბურჯანაძე და ეს არა მხოლოდ ჭორვილას ეხება, ეს ეხება ყველა სოფელს”, – აცხადებს გური სულთანიშვილი.
ბაჩო ოდიშარიას თქმით, საყურადღებოა ის, თუ რით ცდილობს ბურჯანაძე ნეგატიური კომენტარის გაკეთებას – „ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი დაბადების ადგილი, სადაც გაიზარდა, იქ ყოფნა სიამოვნებს, ოჯახის გაზრდა იქ მოწონს, თავის ბავშვობის მოგონებებს არ ტოვებს და თავისი ოჯახი უნდა ამის თანაზიარი გახადოს, ეს ბურჯანაძისთვის არის შეშლილობა”.
გადაცემის ბოლოს ანალიტიკოსები „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას კომენტარსაც ეხმიანებიან და ამბობენ, რომ უგულავას საუბრიდან დასკვნის გაკეთება რთულია, გაუგებარია, ვინაიდან დასაწყისში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ მიდის, პასუხისმგებლობას რატომ იხსნისო და მერე ამბობს, რომ ვის ატყუებსო. მათი თქმით, უგულავა თავადაც ვერ ხვდება რა უნდა, მაგრამ იცის ,რ ომ ცუდი უნდა თქვას. „ბიძინა ივანიშვილმა თავის მოსვლით დაანგრია ნაციონალური მოძრაობა და კი ეტყობათ, რასაც დაამსგავსა და წასვლით კიდევ გაანადგურა იმიტომ, რომ ერთი ცნობიერება აღარ დარჩათ, თავის თავთან მოდიან წინააღმდეგობაში”, – ამბობენ ანალიტიკოსები.