სერგო ჩიხლაძე: წინადადება, რომ მოდით, ადგილობრივი არჩევნები იყოს ტესტი და თუ მოიგებს ოპოზიცია, ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაურკვეველი და ალოგიკურია

“გაცხადებული წინადადება, რომ მოდით, ადგილობრივი არჩევნები იყოს ტესტი და თუ მოიგებს ოპოზიცია, ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაურკვეველი და ალოგიკურია”, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

სერგო ჩიხლაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია იგივეა, არაფერი შეცვლილა და მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის იმავე აზრზე, რა წინადადებებიც არის წარდგენილი, რაზეც ვიმსჯელეთ და კონსენსუსს მივაღწიეთ, ვართ ისევ იმის მომხრე. ველოდებით, რომ ჩვენს წინადადებებზე გაგრძელდება მოლაპარაკება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია იგივეა, არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ცალკეული პარტიების გადაწყვეტილებას, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებს“ – ეს სიურპრიზი არავისთვის იყო, მათ ჰქონდათ ოდნავ განსხვავებული პოზიცია. ეს არის ორი ადამიანის პოზიცია, პირობითად სამოციდან, რომლებმაც უარი არ თქვეს მანდატებზე. ისინი შევლენ პარლამენტში თუ არ შევლენ, ეს არც კრიზისს გამოიწვევს და არც მრავალპარტიულობის ელფერს შესძენს პარლამენტს.

გაცხადებული წინადადება, რომ მოდით, ადგილობრივი არჩევნები იყოს ტესტი და თუ მოიგებს ოპოზიცია, ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაურკვეველი და ალოგიკურია. რატომ უნდა დაველოდოთ ათ თვეს, როცა მსგავსი ტესტი ორი თის წინ შედგა. საპარლამენტო გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ 52-ით 48 დაამარცხა ხელისუფლება, თუ ასეთ ტესტს ვეძებთ, ტესტი უკვე შედგა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ მომხრეა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს ტესტი და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები