საშობაო ანგელოზები ზუსტად შვიდი წლის წინ შექმნა, მაგრამ არც ბავშვობაში და არც მერე, დიდხანს, ხელნაკეთი ნივთები არ დაუმზადებია. თუმცა ბავშვობის საუკეთესო მოგონებად გამოჰყვა, დიდი ბებია როგორ უკეთებდა პატარებს თოჯინებს. ფიქრობს, ეს ნიჭი მას სწორედ გენეტიკურად გამოჰყვა.
მთელი ცხოვრება ბანკში მუშაობს და უყვარს ძირითადი საქმე, ხელნაკეთი ნივთები კი რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მის ცხოვრებაში. საშობაო დღესასწაულს საკუთარი ხელით დამზადებული პრინცებით და პრინცესებით ხვდება. – ეთერ სახვაძის პერსონა.
– გორში დავიბადე, როგორც მოგეხსენებათ, იმ დროს არ იყო არც სამოსის და არც სათამაშოების დიდი არჩევანი. ჩემი ტანისამოსი ყოველთვის გამოირჩეოდა, რადგან საკუთარი ხელით ვამატებდი სხვადასხვა დეტალს. ყოველთვის „ბრჭყვიალა“ ბავშვი ვიყავი.
– გორში ცხოვრობთ და პრაგმატულ სამსახურში მუშაობთ. როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების დამზადება?
– 29 წელია ბანკში ვმუშაობ, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, გარდა იმისა, რომ ჩემი ძირითადი შემოსავლის წყაროა, ასევე არის გარემო, სადაც უამრავი მეგობარი მყავს. მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობდი, ხელფასის გარდა მქონოდა დამატებითი შემოსავალი და საქმე, რომელიც მუშაობაში ხელს არ შემიშლიდა, პირიქით, მოტივაციას მომცემდა.
– პირველი ნამუშევრები…
– ჩემი პირველი ხელნაკეთი ნივთი იყო აბადოკები, რომლითაც საკმაოდ კარგი შემოსავალი მივიღე. შემდეგ კი, ვამზადებდი მეგობრებისთვის საჩუქრად.
ზუსტად არ მახსოვს, კონკრეტულად რამ მომცა შთაგონება, მაგრამ ვფიქრობ, გენეტიკურად მომყვება. ჩემი დიდი ბებია ბავშვებს გვიმზადებდა თოჯინებს, რომლებიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვობის მოგონებაა.
– თქვენს ფეისბუქგვერდზე გამოჩნდნენ საშობაო გოგონები და ბიჭები… როგორ იქმნებიან ისინი, თანაც შობა გვიახლოვდება…
– ჩემთვის ბავშობიდან ყველაზე დიდი დღესასწაული შობა-ახალი წელია, რომელიც ბედნიერებასთან და სურვილების ასრულებასთან ასოცირდება.
პირველად ჩემმა შვილმა საუკეთესო მეგობრისთვის გააკეთა ბალერინა, ძალიან მომეწონა და გამიჩნდა იდეა, თანამშრომლებისთვის შობა-ახალი წლის საჩუქრად ანგელოზები გამეკეთებინა.
ჩემმა საშობაო გოგო-ბიჭებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, ჩემ გარშემო ძალიან ბევრმა მთხოვა, რომ გამეკეთებინა და გამეყიდა, ვიფიქრე, რატომაც არა? თანაც ჩემმა გოგო-ბიჭებმა ყველას წარმატება მოუტანეს. ამ ყველაფერს ისეთი სიამოვნებით ვაკეთებ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია.
საშობაოდ ძალიან ბევრს სურს, ჩემი გოგო-ბიჭები ჰყავდეს სახლში. შეკვეთებიც მივიღე.
ზუსტად შვიდი წლის წინ გაჩნდნენ ჩემი საშობაო ანგელოზები და არცერთი წელი არ ყოფილა უმათოდ. საშობაო პრინცები, მეგობრების თხოვნით, სამი წელია გამოჩნდნენ და გაამართლეს კიდეც… ყველას პატრონისთვის ბედნიერება მოაქვს.
– ჰობი…
– ჰობი ისევ და ისევ… სილამაზეების შექმნა.
– გყავთ მეუღლე, შვილები და შვილიშვილები… თუ აინტერესებთ ხელნაკეთი ნივთები და გეხმარებიან?
– დეკემბრის 20 რიცხვიდან მთელი ოჯახის წევრები ჩართულები არიან და მეხმარებიან, რითაც შეუძლიათ.
– სამომავლოდ…
– საკმაოდ ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა – ჩანთები, გულსაბნევები, ყელსაბამები. გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემი ნამუშევრები გავიტანო გამოფენა-გაყიდვაზე. წელს მქონდა ბევრი შეკვეთაც, რასაც არ მოველოდი. მომავალი შობისთვის ვაპირებ, ადრევე დავიწყო მომზადება.
– თქვენ თავად როგორ ხვდებით შობას?
– შობის დღესასწაულს ჩვენი ოჯახი განსაკუთრებით აღვნიშნავთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 7 წლის წინ ღმერთმა საშობაოდ მოგვივლინა ჩემი შვილიშვილი – ანასტასია.
წირვიდან დაბრუნებულები ვშლით სუფრას, ვიკრიბებით ნათესავები, მეგობრები და დიდი სიყვარულით აღვნიშნავთ ამ ბრწყინვალე დღეს.
ზუსტად შვიდი წლის წინ გაჩნდნენ ჩემი საშობაო ანგელოზები და არცერთი წელი უმათოდ არ ყოფილა. საშობაო პრინცები, მეგობრების თხოვნით, სამი წელია გამოჩნდნენ და გაამართლეს კიდეც… ყველას პატრონისთვის ბედნიერება მოაქვს.
სიკეთის მშვიდობის ბედნიერების, სიყვარულის შობა ახალი წელი დასდგომოდეს ჩვენს ქვეყანას.
თამარ შაიშმელაშვილი