პატიმარი N2731 აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან

მარინა ამარალის მიერ გაფერადებული ფოტო

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამიანების პირადი ისტორიების მოყოლა ან მოსმენა ხშირად ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, ეს ის მასობრივი და ხანგრძლივი ტრაგედიაა, რომელსაც კაცობრიობა ვერასდროს დაივიწყებს.

რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი საშინელი წუთების, საათების, თვეების გადატანა მოუწია თითოეულ მათგანს. რამდენიმემ წარმატებით შეძლო გაქცევა, ზოგი გაქცეული უკან დააბრუნეს, ზოგი მოკლეს, ზოგმა კი ბოლოს და ბოლოს მოიპოვა თავისუფლება, თუმცა გზა, რომელიც თითოეულმა მათგანმა გაიარა, ძალიან, ძალიან მძიმეა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ნაცისტებმა აუშვიცის ბანაკი გაანადგურეს, რათა იქ არსებული დოკუმენტები და მტკიცებულებები სხვის ხელში არ ჩავარდნილიყო. განადგურდა პატიმრების ფოტოებისა და სარეგისტრაციო ბარათების დიდი ნაწილი, ასევე სხვა მასალები. მიუხედავად იმისა, რომ აუშვიცის მემორიალურ არქივში დღესდღეობით 40 ათასამდე პატიმრის გადარჩენილი ფოტო ინახება, დატრიალებული საშინელების მასშტაბი გაცილებით დიდია.

ჩვენ უკვე მოგიყევით იანინა ნოვაკის, ჟოზეფა გლაზოვსკასა ივან რიბალკას შესახებ, რომელთაგან განსხვავებით, ფოტოზე გამოსახული გოგონას ანუ პატიმარი N2731-ის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. არ ვიცით მისი სახელი ან დაბადების თარიღი. ვიცით მხოლოდ მისი ნომერი, რომელიც სხვა პატიმრების ნომრებთან და პირად ინფორმაციასთან ერთად, ვებგვერდ facesofauschwitz-ზეა გამოქვეყნებული.

ცნობილია ისიც, რომ პატიმარი N2731 აუშვიცში ბრატისლავადან გადაიყვანეს 1942 წლის 28 მარტს. ჯგუფი, რომელშიც ის შედიოდა, 798 ებრაელი ქალისგან იყო დაკომპლექტებული. მათ ნომრებიც შესაბამისად, 1999-დან 2796-მდე, მიენიჭათ. უცნობია, რა ბედი ეწია პატიმარ N2731-ს.

მეორე მსოფლიო ომის დროს აუშვიცში, დაახლოებით, 26 ათასი სლოვაკი ებრაელი გადაასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები