CEPA: აშშ უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის რეგიონში, აღიდგინოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განაახლოს თანამშრომლობა მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან

აშშ-ის ფოკუსირებული ჩართულობა შავ ზღვაზე არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მთავარ რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არამედ უშუალოდ გაატარებს ამერიკულ ინტერსებს. აშშ-ის შემდეგმა ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ტრანსატლანტიკური პრიორიტეტების გასატარებლად ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიების მოძიებაზე. ამ მხრივ კი შავი ზღვა იდეალური კანდიდატია”,- ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი სტატიას სახელწოდებით ,, შავი ზღვის დღის წესრიგი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის” აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის რეგიონში, აღიდგინოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განაახლოს თანამშრომლობა მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან.

ავტორი აცხადებს, რომ ბაიდენის გუნდმა უნდა დაიწყოს უფრო მეტი მაღალი რანგის ვიზიტის და ოფიციალური გამოსვლის განხორციელებით, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში და საქართველოში.

მისი თქმით, ნატოს ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორ ქვეყანაში – საქართველოში, აშშ-ს ადმინისტრაციამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს მხარდაჭერა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობის დემოკრატიული გზით მოგვარების მიმართ

,, ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განამტკიცებს აშშ-ის ერთგულებას ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, როგორც სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედის მიმართ, თუმცა თავად ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფარგლებშიც კი ბაიდენის გუნდის დროსა და შეზღუდულ რესურსებზე იქნება საწინააღმდეგო მოსაზრებათა კონკურენცია. სწორედ ამიტომაა, რომ აშშ-ის შემდეგმა ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ტრანსატლანტიკური პრიორიტეტების გასატარებლად ყველაზე ხელსაყრელ ცხელ წერტილებზე. შავი ზღვა სწორედ ასეთი ცხელი წერტილია. ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში ხელს შეუწყობს ადმინისტრაციის რამდენიმე საკვანძო მიზნის მიღწევას – აშშ-ის ლიდერობის აღდგენა და თანამშრომლობა მოკავშირეებთან, დემოკრატიული პრინციპების წახალისება, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, კერძოდ რუსეთისგან, ასევე აშშ-ის ეკონომიკური არეალის გაფართოება უცხოეთში ჩინეთის საპირწონედ. ამ მიზნით კი შემდეგმა ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ქვევით მოტანილი დღის წესრიგი, რომლითაც გაატარებს აშშ-ის ინტერესებს და სარგებელს მოუტანს პარტნიორებს ადგილზე. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის რეგიონში, აღიდგინოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განაახლოს თანამშრომლობა მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. შავი ზღვის ფართო რეგიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან „საჭადრაკო მაგიდას”, სადაც მიმდინარეობს 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური შეჯიბრი. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს საზღვარგარეთ და ახორციელებს თავისი სტრატეგიული დერეფნების კონსოლიდაციას, ხოლო ჩინეთი აღრმავებს კავშირებს ვაჭრობისა და ინვესტიციების მეშვეობით, აშშ-ისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებას. ბაიდენის გუნდმა უნდა დაიწყოს უფრო მეტი მაღალი რანგის ვიზიტის და ოფიციალური გამოსვლის განხორციელებით, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნებში (მაგალითად, უკრაინა და საქართველო). გარდა ამისა, ადმინისტრაციამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-ის ჩართვას სამშვიდობო ინიციატივებში – მაგალითად, გერმანიის შუამავლობით მიმდინარე პროცესი საბერძნეთსა და თურქეთს შორის, მინსკის პროცესი, ყირიმის პლატფორმა”,- აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მა ზურგი უნდა გაუმაგროს შავი ზღვის რეგიონში გამოწვევების წინაშე მდგარ დემოკრატიულ ძალებს.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა დაიცვას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კრიტიკული მნიშვნელობის ინტერესები, რისთვისაც უნდა გამოიყენოს ნატო შავი ზღვის თავდაცვის გასაფართოებლად.

,,აშშ-მა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს დემოკრატიას და ამ პროცესში მხარი დაუჭიროს რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს. აშშ-მა ზურგი უნდა გაუმაგროს შავი ზღვის რეგიონში გამოწვევების წინაშე მდგარ დემოკრატიულ ძალებს. მაგალითად, რუმინეთის პარლამენტში რადიკალური მემარჯვენე პარტიის შესვლის საპასუხოდ აშშ-მა უნდა გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა ამ ქვეყანასთან – როგორც ორმხრივი, ისე ნატოს ფარგლებში. რაც შეეხება თურქეთს, აშშ-მა უნდა გადაახალისოს ურთიერთობები ანკარასთან, დაიწყოს ურთიერთნდობის აღდგენა და დაადასტუროს თურქეთის სტრატეგიული როლი ალიანსში, ასევე მომავალშიც მოითხოვოს თურქეთისგან ნატოს ძირითადი ღირებულებების გატარება. ნატოს ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორ ქვეყანაში – საქართველოში ადმინისტრაციამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი მხარდაჭერა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობის დემოკრატიული გზით მოგვარების მიმართ. ბაიდენის მიერ დაგეგმილი „დემოკრატიების სამიტის” შედეგად საუკეთესო შედეგების მისაღწევად ადმინისტრაციამ უნდა მიიწვიოს რეგიონის წამყვანი ქვეყნები (მაგალითად, უკრაინა) და ასევე ჩართოს ამ პროცესში პარტნიორები რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებიდან. აშშ-მა უნდა დაიცვას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კრიტიკული მნიშვნელობის ინტერესები, რისთვისაც უნდა გამოიყენოს ნატო შავი ზღვის თავდაცვის გასაფართოებლად. ბოლო წლებში ნატომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მხრივ, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში. აშშ-ის შემდეგმა ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს ეს ბიძგი, განსაკუთრებით შავ ზღვაზე, რომელიც აქამდე შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული გახლდათ. ამისთვის კი საჭირო იქნება მტკიცე პოზიციის დაკავება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსეთის ვალდებულებებთან მიმართებაში, ასევე რუსეთის მიმართ ნატოს ორმხრივი მიდგომის გაგრძელება და ალიანსის სამხედრო აქტიურობის გაძლიერება რეგიონში. რეგიონულ მოკავშირეებთან თანამშრომლობით აშშ-მა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობებში, წვრთნების გაზრდაში, კიბერ-ინსტრუმენტებში, უპილოტო სისტემებში, სიტუაციური ცნობიერების და ადრე შეტყობინების სისტემებში, ასევე სხვა ტექნოლოგიებში ჰიბრიდული საფრთხეების და ელექტრონული შეტევების მოსაგერიებლად. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ-მა ასევე უნდა გააღვივოს ნდობა რეგიონში მთავარ პარტნიორებთან. რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონმა უნდა დაიკავოს მტკიცე პოზიცია დონბასის ომთან დაკავშირებით და განაახლოს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიწოდება, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესაბამისად. საქართველოში აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს „მკვდარ წერტილზე მყოფი” წევრობის სამოქმედო გეგმის ალტერნატივას და წამოაყენოს ნატოში გაწევრებისთვის საქართველოზე მორგებული პოლიტიკური გეგმა”,- წერს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აშშ-მა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას და წინ აღუდგეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკურ გავლენას.

ავტორი აცხადებს, რომ აშშ-ის ფოკუსირებული ჩართულობა შავ ზღვაზე არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მთავარ რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არამედ უშუალოდ გაატარებს ამერიკულ ინტერსებს.

,,ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებთან აშშ-ის ეკონომიკური უწყებების უკეთ შესაბამისობაში მოყვანით შემდეგი ადმინისტრაცია შეძლებს შავი ზღვის რეგიონში ამერიკელი ინვესტორებისთვის უფრო სტრატეგიული, პროგნოზირებადი არხის კურირებას. თურქეთში კასპიის ფინანსური ცენტრის მსგავსად, შავი ზღვის ფინანსური ცენტრის დაარსება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა უწყებას, განახორციელონ ესოდენ საჭირო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინირება. აშშ-ს ასევე შეუძლია კერძო სექტორის წახალისება რეგიონის მთავრობებისთვის ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით ამერიკულ ბიზნესებთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, ადმინისტრაციამ უნდა გააგრძელოს ამჟამინდელი საქმიანობა საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ფარგლებში და წაახალისოს მისი ახალი ოფისის გახსნა თბილისში. ბაიდენმა უნდა გააფართოვოს აშშ-ის მიერ აღებული ვალდებულებები „სამი ზღვის ინიციატივის” ფარგლებში, რითაც გააჟღერებს მკაფიო გზავნილს, რომ ამ საკითხზე არსებობს ორპარტიული კონსენსუსი. მისმა გუნდმა უნდა გამოიყენოს „სამი ზღვის ინიციატივის” შემდეგი სამიტის შესაძლებლობა, რომელიც სოფიაში გაიმართება, რათა რეგიონული განვითარების პროექტებში ჩართოს მეტი შავიზღვისპირა ქვეყანა. დაბოლოს, აშშ-მა უნდა გააგრძელოს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის ტრანს-კასპიური მილსადენის და სხვა სატრანსპორტო მარშრუტების მხარდაჭერის გზით, რათა შემცირდეს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. აშშ-ის ფოკუსირებული ჩართულობა შავ ზღვაზე არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მთავარ რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არამედ უშუალოდ გაატარებს ამერიკულ ინტერსებს”,- აღნიშულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები