სოზარ სუბარი: როცა ოპოზიცია მანდატზე უარს ამბობს და პარლამენტში არ შედის, ამას ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ამომრჩევლის ღალატი ჰქვია
“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, როცა ოპოზიცია მანდატზე უარს ამბობს და პარლამენტში არ შედის, ამას ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ამომრჩევლის ღალატი ჰქვია.
მისივე თქმით, ვინაიდან მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ე.ი. თითოეულ მხარეს იმედი აქვს, რომ რაღაც შედეგს მიაღწევს.
„პარლამენტის მესამედი ოპოზიციას აქვს და როცა ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ მანდატზე უარს ამბობენ და პარლამენტში არ შედიან, ამას სახელი არ აქვს, ამას ჰქვია ქვეყნის ინტერესებისა და საკუთარი ამომრჩევლის ღალატი. ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. პარლამენტში შემოსვლას ვერავის დავაძალებთ. კარგი იქნება, თუ ისინი ამომრჩევლის მოთხოვნას უპასუხებენ, პარლამენტში შევლენ და საკანონმდებლო მუშაობას გააგრძელებენ. ვინაიდან მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ე.ი. თითოეულ მხარეს იმედი აქვს, რომ რაღაც შედეგს მიაღწევს. დიდი იმედი მაქვს, შედეგს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ელჩებსა და მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც ყოველ დღე გვიმეორებენ, რომ როცა ადამიანი ხმას გაძლევს, უნდა გამოიყენო და პარლამენტში შეხვიდე. ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკის წარმოება ხდება პარლამენტში და არა – ქუჩაში”, – განაცხადა სუბარმა.