The Local: გერმანელი მეცნიერები სასოწარკვეთით ითხოვენ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რადგან საშობაოდ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრ მატებას ელიან
სასოწარკვეთილი გერმანელი ექსპერტები გაუარესებული სიტუაციის გამო პოლიტიკოსებს სთხოვენ, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები 10 იანვრამდე მაინც დააწესონ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა The Local-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრები, რომლებიც ქვეყნის ლიდერებს რჩევებს აწვდიან კრიზისთან ბრძოლის გზების შესახებ, გერმანიაში არსებული საგანგაშო სიტუაციის შესახებ პოლიტიკოსებისადმი საგანგებო მიმართვას აქვეყნებენ.
მკვლევართა ჯგუფს სურს სწრაფად და ხისტად მოხდეს ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება მკაცრი შეზღუდვების დაწესებით.
მათი განცხადებით, ორეტაპიანი პროცედურის ფარგლებში ბავშვები სკოლაში 14 დეკემბრიდან უნდა დაითხოვონ, ხოლო მოქალაქეებს მკაცრად ეთხოვოთ სახლიდან მუშაობა. ნებისმიერი აქტივობა გარე სივრცეში – სპორტი იქნება ეს, თუ კულტურული ღონისძიება – უნდა შეწყდეს.
მეორე ეტაპზე – შობის შემდეგ, საზოგადოებრივი ცხოვრება გერმანიაში უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2021 წლის 10 იანვრამდე, ე.ი. შეზღუდვები გამკაცრდეს.
ყოველივე ეს მოიცავს ნებისმიერი მაღაზიის დახურვას, გარდა აუცილებელი საჭიროებებისა, მაგალითად სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა.
საშობაო არდადეგები სკოლებისთვის 10 იანვრამდე უნდა გახანგრძლივდეს. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია სადღესასწაულო მგზავრობებისა და დიდი თავყრილობებისგან სრულად თავის შეკავება.
The Local-ის სტატიის თანახმად, მიმართვას ხელს 28 მეცნიერი აწერს. მათ შორის არიან „შარიტეს“ ვირუსოლოგი კრისტიან დროსეტენი და მისი ფრანკფურტელი კოლეგა სანდრა სისეკი, საგანმანათლებლო სფეროს მკვლევარი უტე ფრევერტი და მენჰაიმის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფსიქოლოგი იუტა მატა.
„მიმართვას ხელს აწერს რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ლოტარ ვილერიც. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ყოველთვის იკავებდა თავს საჯაროდ საკუთარი აზრის გამოთქმისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფედერალურ ორგანოს ხელმძღვანელობს. ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი კლემენს ფუესტი და ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტის მეცნიერი რეგინა რაიფანი ეკონომიკურ ფაქტორებს იშველიებენ საჯარო დისკუსიაში. ბოლო შეხვედრაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს, რომ საშობაოდ და საახალწლოდ სტუმრიანობაზე შეზღუდვები შემსუბუქდეს. ნებისმიერი რაოდენობის ოჯახიდან ათამდე ადამიანის შეკრება იქნა დაშვებული 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში, თუმცა ბერლინის მსგავსად ფედერალურ მიწებშიც შეიმჩნევა განსხვავებული პოზიციები, რადგან იქ მხოლოდ ხუთი ადამიანის შეკრებაა ნებადართული. მეცნიერებათა აკადემიამ საგანგებოდ გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება წესების შერბილებას. პირიქით, აკადემიკოსთა მოსაზრებით, საშობაო დღეები გამოყენებული უნდა იქნეს ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრად შესამცირებლად. საზეიმო წვეულებებში მონაწილეების ჯამური რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე, მეცნიერებათა აკადემია აცხადებს, რომ სტუმრიანობა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში და იქვე დასძენენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე ადამიანით უნდა შემოიფარგლოს. ამავდროულად, ხალხთა წრე არ უნდა შეიცვალოს და ამ პერიოდში სხვებთან აღრევა არ უნდა ხდებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრობა და სხვადასხვა ნათესავისა თუ მეგობრის მონახულება არ იქნება ნებადართული, თუ მთავრობა მეცნიერებათა აკადემიის მოსაზრებას გაითვალისწინებს“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ექსპერტებს ის აშფოთებთ, რომ შობის პერიოდში ისედაც მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი სადღესასწაულო საბაბით აზვირთდება.
ყველაზე პესიმისტური სცენარით, გერმანიაში იანვრის ბოლოდან დღე-ღამეში 50 000 ადამიანი დაინფიცირდება, თუ პოლიტიკოსები შეზღუდვების შერბილების პოლიტიკას ძალაში დატოვებენ და სადღესასწაულო პერიოდში მეცნიერთა მოსაზრებას არ გაითვალისწინებენ.
„ქრისტეშობიდან ახალი წლის ღამის ჩათვლით პერიოდი ტრადიციულად ხასიათდება მობილობის ინტენსივობით და მჭიდრო სოციალური კონტაქტებით, რაც დიდ რისკს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს“, – აცხადებენ გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები.