საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გიორგი გახარიასა და ეკატერინე ტიკარაძეს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიაში არაერთი აქტივობით ერთვება.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, დღეს პროფკავშირები მთავრობის მეთაურსა და ჯანდაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავენ და შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
პროფკავშირების გაერთიანება წერილის ასლს ასაჯაროებს.
“საქართველოს პრემიერმინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს
ქ-ნ. ეკატერინე ტიკარაძეს
ბატონო გიორგი,
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმაურება და უერთდება შსო-ს მოწოდებას, მხარი დავუჭიროთ 190-ე კონვენციის „სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ“ რატიფიცირების პროცესს.
თქვენთვის ცნობილია, რომ 2019 წლის ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ მიღებული 190–ე კონვენცია საეტაპო ინსტრუმენტია. ეს არის პირველი შრომის საერთაშორისო სტანდარტი, თანმხლებ 206–ე რეკომენდაციასთან ერთად, რომელიც ეხება ძალადობასა და შევიწროებას შრომის სამყაროში. იგი მოქმედების საერთო ჩარჩო და უნიკალური შესაძლებლობაა, რათა შრომის მომავალი სწორედ ღირსებასა და პატივისცემას დაეყრდნოს. კონვენცია ადასტურებს, რომ ყველას აქვს უფლება ჩაერთოს შრომით საქმიანობაში ყოველგვარი ძალადობისა და შევიწროების გარეშე. კონვენცია მოიცავს ძალადობისა და შევიწროების პირველ საერთაშორისო განმარტებას, შრომის სფეროში და განსაკუთრებულ აქცენტებს გენდერული ნიშნით ძალადობაზე აკეთებს.
სწორედ, ზემოაღნიშნული კონვენციის რატიფიცირების მიმართ სახელმწიფო მზაობა დასტურდება იმითაც, რომ პროფკავშირების ინიციატივით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში შეტანილია #190-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხი, რომელიც კონკრეტული ქმედების განხორციელების მოლოდინშია.
25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ძალადობისა და შევიწროების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით კი ახლა,- COVID-19–ის პანდემიის პირობებში. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა და ზედაპირზე ამოიტანა სამუშაო ადგილებზე ქალთა შევიწროების და მათზე ძალადობის ფაქტები, რაზეც საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს.
კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ის სექტორები, სადაც დასაქმებული არიან ქალები. ასეთია მაგალითად: მომსახურების სექტორი- სასტუმროები, რესტორნები; ვაჭრობის სექტორი. უმუშევრად დარჩნენ ასევე საოჯახო მეურნეობებში დასაქმებული ქალები – დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები და ა.შ. უმუშევრობის დონე 2020 წლის მე-2 კვარტალში, 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა და 12,3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 43 800-ით, მათგან კი 99% (43,4 ათასი) ქალია.
ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდებოდა საქართველოში 2008 წლის კრიზისის დროს, როდესაც უმუშევრად დარჩენილთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალი იყო.
ქვეყანაში არსებული რეალურ სურათი ამ მონაცემებზე ორჯერ და უფრო მეტად მძიმეა. ხელისუფლებას ვალდებულება აქვს ებრძოლოს პანდემიას, დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, თუმცა ამავდროულად ის ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანები ძალადობისა და შევიწროებისგან.
შსო-ს 190-ე კონვენცია ხაზგასმით მიუთითებს, რომ ძალადობა და შევიწროება შრომის სამყაროში არის ”ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება, ის საფრთხეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, მიუღებელი და შეუთავსებელია ღირსეულ სამუშაოსთან”. კონვენცია ”ძალადობას და შევიწროებას” განმარტავს, როგორც- „ქცევას, პრაქტიკებს ან მუქარებს, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ზიანის მიყენებას.“
Covid-19-ის შედეგად გენდერული ნიშნით ძალადობამ და შევიწროებამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეში. გარდა ამისა, სახლში დარჩენა არ არის უსაფრთხო იმ მშრომელებისთვის, ვინც მუქარის და ოჯახური ძალადობის პირისპირაა.
კორონა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით მიღებული ზომები პირდაპირ გავლენას ახდენს ფინანსებზე და ქალები ეკონომიკური ჩაგვრის გამო შესაძლებელია კიდევ უფრო მოწყვლად ჯგუფად იქცნენ. ფინანსებზე აღნიშნული გავლენა, ხშირად განპირობებულია იმით, რომ მცირეწლოვანი ბავშვების დედებს ხშირად უწევთ სამსახურზე უარის თქმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების შეჩერების ან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო, რამდენადაც ვერ ახერხებენ ოჯახური ვალდებულებების და სამსახურის შეთავსებას, რასაც ემატება ბავშვების განათლების მიღების პროცესში მშობლის ჩართულობის საჭიროება.
სწორედ 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, რომ დააჩქაროთ და დროულად დაუჭიროთ მხარი შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირების პროცესს. ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ პანდემიის მძვინვარების პროცესში დასაქმებული ქალები, სამუშაო ადგილებზე, დაცულნი იქნენ ძალადობისა და შევიწროებისგან. პატივისცემით
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.