„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარტიები: „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პარტიები არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
„ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკო-ს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობასა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკო-ს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.
მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად.
მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნებისა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი“, – ნათქვამია განცხადებაში.