გიორგი გაბუნია – ოპოზიციაზე: რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ძალა, რომელიც წლებია ქვეყანას საფრთხეს უქმნის, უნდა გავიდეს პოლიტიკიდან
„რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ძალა, რომელიც წლებია ქვეყანას საფრთხეს უქმნის, უნდა გავიდეს პოლიტიკიდან,”- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
„გუნდში მიმდინარეობს დისკუსია ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარედგინება სასამართლოს და ეს არის სასამართლოს განსჯადი საქმე. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევაფასოთ აღნიშნული საკითხი. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ ის რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ძალა, რომელიც წლებია ქვეყანას საფრთხეს უქმნის, უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. ეს უნდა მოხდეს სამართლებრივად“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.