„ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში „ნაცმოძრაობის“ მომხრეები სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ მოსახლეობაზე“ – ალი ბაბაევი
“ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უხეში დარღვევები იყო”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.
ბაბაევმა ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.
„რეკორდული რაოდენობის პარტიები მონაწილეობდნენ არჩევნებში. ხალხის აქტივობაც დიდი იყო. მინდა, გაგაცნოთ, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ეთნიკური უმცირესობებით, აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში. ვიტყოდი, რომ ადრინდელ არჩევნებთან შედარებით მოსახლეობა უფრო აქტიური, პრინციპული იყო. იცით, რომ არჩევნებში მონაწილეობდა ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი, რომლსაც უნდოდა, სამუდამოდ ყოფილიყო პარლამენტში. ამ ადამიანს კარგად იცნობთ, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებული და აქტივისტი იყო, 2016 წელს კი „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა. მან დმანისში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ამ ადამიანს მთლიანდ უნდოდა, დმანისის რაიონის პრივატიზაცია მოეხდინა. მან დიდი ფინანსები დახარჯა კამპანიაში დმანისში, ბოლნისში, წალკაში, თეთრიწყაროში. შედეგი ვნახეთ, რომ ის სასტიკად დამარცხდა. იცით, იყო გარჩევები, სროლები. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მარნეულსა და ბოლნისში უხეში დარღვევები იყო. იყო დაშინებები. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თავადაც იარაღით დადიოდა. მისი მომხრეები სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ მოსახლეობაზე. კოორდინატორების მხრიდან აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე ზეწოლა მიდიოდა სხვადასხვა მეთოდით. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს არჩევნების შედეგებს, ამით თითოეული ამომრჩევლის უფლება ირღვევა. ჩემთან საუბარში ზოგი ამბობს, თუ ასე იქნებოდა, საერთოდ ხმას არ მივცემდით „ნაციონალურ მოძრაობას“ – გვინდოდა, ისინი პარლამენტში ყოფილიყვნენ და ჩვენი უფლებები დაეცვათ, თუ ისინი არ იქნებოდნენ საკანონმდებლო ორგანოებში, რად გვინდოდა მათი არჩევაო?“, – განაცხადა ბაბაევმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
„საქართველოში მცხოვრებმა ბევრმა აზერბაიჯანელმა ხმა მისცა მმართველ პარტიას, ჩვენ მათი გატარებული პოლიტიკის გვჯერა.
არჩვენები ჩატარდა დემოკრატიულად, თავისუფლად. რომ ამბობენ, ოქმებში შეცდომები იყოო, კი, მაგრამ ეს კომისიის წევრები, რომლებიც იქ იდგენენ, ამდენ ტრენინგს გადიოდნენ, თვალები სად ჰქონდათ? ამაზე უნდა იყოს სერიოზული რეაგირება.
ასევე, მინდა, ერთი რამ ვთქვა: რატომ უნდა იყვნენ კრიმინალები, სახელმწიფო ქონების დამტაცებლები პარლამენტის სიაში? პარლამენტში რომ დაჯდება უგულავა, მელია, ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბიუჯეტის ქონება დაიტაცეს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებაზე იყვნენ შემჩნეულები, ახლა გამოდიან, დესტაბილიზაციასა და გადატრიალებაზე ლაპარაკობენ. იცით, რა მდგომარეობაა კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ისინი კი მოუწოდებენ ხალხს, გამოვიდნენ მიტინგზე. რა უნდა მოითხოვონ?“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.