არჩილ თალაკვაძე: ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია

“მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში რეფორმები სწორი კურსით მიდის და ამის შედეგია ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების 8-ჯერ (5000-დან 700-მდე) შემცირება.

„ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია.

ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება. არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს – არ მოგვისმენია.

მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა.

ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვით ადრე წყვეტს პლენარულ სხდომებს.

მაშინ, როდესაც არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებში და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვასა და დავების გადაწყვეტას, ჩვენ არ გვქონდა უფლება, საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაგვედო და ამით პროცესი თვეებით, კიდევ ერთი წლით გაგვეჭიანურებინა.

სასამართლო სისტემაში რეფორმები სწორი კურსით მიდის და ამის შედეგია ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების 8-ჯერ (5000-დან 700-მდე) შემცირება, ასევე, საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო სისტემის დასახელება ევროპის საუკეთესო ოცეულში. ჩვენ განვაგრძობთ სასამართლოში რეფორმების მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები