„ეს ბებო ვაკის „ვენდისში“ შემოვიდა და დაჯდა, არაფერია უთხოვია“ – თბილი ისტორია კეთილ ბავშვებზე

მოქალაქე ნატალი ენუქიძე სოციალურ ქსელში თბილი შინაარსის პოსტს აქვეყნებს და „ვენდისში“ მომხდარ ამბავს იხსენებს.

„ეს ბებო ვაკის „ვენდისში“ შემოვიდა და დაჯდა, არავისთან მისულა და არაფერია უთხოვია, უბრალოდ, შემოვიდა და ახალგაზრდა მამა-შვილის მაგიდასთან მოკრძალებული ჩამოჯდა, ზუსტად ჩვენ წინ…. და იცით, რამ გამახარა – არავის და, მათ შორის, იმ ახალგაზრდა მამასაც, რომლის მაგიდასაც მიუსკუპდა ეს შავებში ჩაცმული ბებო, პრეტენზია არ გამოუთქვამს. ზუსტად 5 წუთში, უკვე ყველა რომ მივხვდით – ბებო მოწყალების სათხოვნელად იყო შემოსული (თუმცა, მოწყალებას არ ითხოვდა), ყველა ახალგაზრდა თუ ბავშვი („ვენდისში“ უმრავლესობა ესენი არიან) სათითაოდ მიდიოდნენ და მიჰქონდათ საჭმელი, სასმელი. გვერდით მჯდომმა სკოლის მოსწავლეებმა უკანასკნელი ხურდები ამოიკრიფეს ჯიბეებიდან. ალექსანდრემ მაფინი დაუთმო, დემემ – ჩაი, ვიღაცამ ჰამბურგერი და ასე შემდეგ. იცით, რატომ ვყვები ამ თითქოსდა ჩვეულებრივ ისტორიას? იმიტომ, რომ მე მეამაყება ჩემი ქვეყნის მომავალი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის სიკეთის კეთება, რა არის მათი ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის საჭირო. მათ ერთი მიზანი აქვთ, სწავლა და სიკეთის კეთება. მათ შეუძლიათ, აქციონ საქართველო ყველაზე საოცარ ქვეყნად და მართლა მჯერა, რომ აქცევენ კიდეც. აღარ მახსოვს, რამდენიმე ხნის წინ რომელიღაც გადაცემაში გააქილიკეს და მიწასთან გაასწორეს ჩვენი ახალგაზრდობა, თურმე, ანბანი არ იციან ბოლომდე (მეც მერევა ბოლოში დღემდე), 27 სექტემბერი არ იციან თურმე (მეც არ მახსოვდა ეს თარიღი რა იყო) და რაღაც ბევრი კიდევ. იცით რა, შეიძლება, არც დღეს არ იცოდა რომელიმე ბავშვმა, ,,ვენდისში,, რა მოხდა 27 სექტემბერს, მაგრამ აუცილებლად გაიგებს, სამაგიეროდ, იმას ვერ ისწავლის ვერასოდეს, რომ მოხუცს, რომელიც დაძონძილ-დაკონკილ შავ ძაძებში ჩაცმული გვერდით მიუჯდება და შია, უნდა გაუყოს თავისი ბურგერი, მიაწოდოს წყალი, ამოიკრიფოს ბოლო თეთრები… ეს კი მათ უფროსებზე მეტად იციან, იმ უფროსებზე მეტადაც – ვინც თითის გაშვერით და მოტყუებით ჩაწერილი ინტერვიუებით საქვეყნოდ დასცინის ჩვენს ახალგაზრდობას და რეიტინგის ასამაღლებლად ყველაფერს კადრულობს. მე მიყვარს ჩემი მომავალი თაობა, ახალგაზრდობა, წრფელი, კეთილი, სუფთა და მომავალზე ორიენტირებული. მე მჯერა მათი მთელი ჩემი არსებით და მიყვარს თითოეული მათგანი.

p.s იმ ბებოს ტკბილი პირიდან ამოსული თითოეული დალოცვის სიტყვა და ძალა შეეწიოს ჩვენს ახალ თაობას, ჩვენს შვილებს და მათ, ვისაც გვწამს საქართველოს გაბრწყინების.

მიყვარხართ, ბავშვებო”, – წერს ნატალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები