გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამს და ამასთან დაკავშირებით FBI-ის წერილი უკვე გაეგზავნა.
ადვოკატის თქმით, ახლა უნდა გაირკვეს, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში რა არეალი ექნება.
„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის, ფედერალურ ბიუროსთან გაიგზავნა წერილი, რომ მათი მხრიდან არის მზაობა. აქ უკვე მიდის ის პროცესი, რომ გაირკვეს, რაში იქნება თანამშრომლობა, რაში მიიღებენ მონაწილეობას, ფედერალური ბიუროს მონაწილეობას რა არეალი ექნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე პასუხი იყოს გაცემული ყველა არსებულ კითხვაზე. აქედან გამომდინარე, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი.
გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა იქედან გამომდინარე, რომ რაღაც ვერსიებმა კიდევ უფრო იმატა. მაგალითებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებ. სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით ჯერ არ არის პასუხი მოსული, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, დრონის მასალა მოსულია, თუმცა ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გადმოწერა, რომ შემდეგ დიდ ეკრანზე დეტალურად გავეცნოთ“, – განაცხადა რამიშვილმა.