გიორგი გობრონიძე: ამერიკა ქვეყნის მოკავშირეა და არა – რომელიმე პარტიის
“ამერიკასაც და რუსეთსაც იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოუწევთ მოქმედება, რაც საქართველოში იქნება და შეეცდებიან, იმ პოლიტიკურ ჯგუფთან იმუშაონ, რომელიც ხელისუფლებაში მოვა”, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, ამერიკა ქვეყნის მოკავშირეა და არა – რომელიმე პარტიის.
“ამერიკა ქვეყნის მოკავშირეა და არა – რომელიმე პარტიის. ჩვენ არ ვართ საუდის არაბეთი, სადაც ქვეყნის მოკავშირეობა მმართველი დინასტიის მოკავშირეობას ნიშნავს. ამიტომ ამბობს პომპეო, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული არჩევნები და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოიგებს ან წააგებს არჩევნებს. ამერიკელები ჩვენს ხელისუფლებას არასდროს მიუთითებენ, ხელისუფლებიდან წადიო. ისინი ლაპარაკობენ კონკურენტიანი გარემოს შექმნაზე, რომ მმართველმა ძალამ დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში არ შექმნას ძალის გადაბარების პრობლემა… პრობლემა ის არის, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დემოკრატიზაციის შეუქცევადობაში ეჭვი ეპარებათ.
პრობლემაა ისიც, რომ ნდობით ვერ სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ის ინსტიტუციები, რომლებზეც ქვეყნის დემოკრატია უნდა იყოს დაფუძნებული. თავად ის, რომ უცხოელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ამბობენ, პოლიტიკური ლიდერების დაკავება შესაძლოა პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მიუთითებს, რომ საქართველოს არ აღიქვამენ დემოკრატიის გზით მიმავალ მყარად მდგარ ქვეყნად. უკვე ხშირად გვხვდება დასავლელი პარტნიორების ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დოკუმენტებში ისეთი ტერმინები, როგორიცაა “არაფორმალური მმართველობა”. პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს უდანაშაულო პატიმარს, პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს ადამიანის დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივით. რურუას კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩნდება ვარაუდი, რომ ადამიანმა კი ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ის დააკავეს იმიტომ, რომ ოპოზიციური მედიასაშუალების დამფუძნებელია. ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ძალიან მყიფეა, სადაც დემოკრატიის რევერსის რისკებია, სადაც არაფორმალურ მმართველობაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მედიასაშუალების მფლობელის დაკავება ყოველთვის გააჩენს კითხვებს.
ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი მანკიერება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, თავიანთი თავი გარე ძალების, ვაშინგტონი იქნება თუ მოსკოვი, ექსკლუზიურ მოკავშირედ, დასაყრდენად წარმოაჩინონ. წესით, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე უნდა ფიქრობდეს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. გარწმუნებთ, ვაშინგტონი ფსონს არცერთ პოლიტიკურ ძალაზე არ დადებს. არ მგონია, საქართველოში არსებობდნენ “ამერიკის კაცები”. ვაშინგტონი ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც განსაზღვრავს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. თავისთავად, მეტნაკლებად მისაღები პოლიტიკური ძალები იქნებიან როგორც ვაშინგტონისთვის, ისე – მოსკოვისთვის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელთაც საქართველოში ეკონომიკური ინტერესები აქვთ. თუმცა ქვეყნების სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობაში არსებითად არაფერი შეიცვლება – ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თვით “პატრიოტთა ალიანსიც” (თეორიულად ვამბობ, თორემ ეს შეუძლებლად მიმაჩნია), გარწმუნებთ, ვაშინგტონი მასაც გამოუცხადებს მხარდაჭერას და აიძულებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთის წინაშე აქვთ აღებული.
ამერიკასაც და რუსეთსაც იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოუწევთ მოქმედება, რაც საქართველოში იქნება და შეეცდებიან, იმ პოლიტიკურ ჯგუფთან იმუშაონ, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ამერიკა ყველას შესთავაზებს თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგს, რუსეთის ფედერაცია კი ყველას წინააღმდეგ დაიწყებს მუშაობას – დესტრუქციით, დესტაბილიზაციითა და პოლარიზაციის შექმნის მცდელობით. ამერიკა იმიტომ კი არ მიუთითებს საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ვინ მოვა ხელისუფლებაში, არა, მისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებია. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო დემოკრატიული ქვეყანა იქნება საქართველო, მით უფრო დაშორდება რუსულ ორბიტას და მიუახლოვდება დასავლურ სამყაროს. ეს რუსეთმაც კარგად იცის. იცის, რომ დემოკრატიული საქართველო პრეცედენტი გახდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც შეიძლება, დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს რუსეთის მმართველი პოლიტიკური კლასი. დიახ, მმართველი პოლიტიკური კლასი და არა – რუსული სახელმწიფო. საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ისევე ვერ გახდება რუსეთის სახელმწიფოსთვის საფრთხე, როგორც დღეს არ არის, მაგრამ წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო შეიძლება, სერიოზული სიგნალი იყოს პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის და, მათ შორის, რუსი ხალხისთვის”, – განმარტავს ექსპერტი.
კითხვაზე – “თქვენც აღიარებთ ორი რუსეთის არსებობის თეორიას?” – გობრონიძე პასუხობს – “არა, აქ უფრო მარტივად არის საქმე. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი გარყვნილება და ბოროტებაა. ამ დროს, თუ რუსი ხალხი დაინახავს, რომ დემოკრატიულ საქართველოში ხალხი კარგად ცხოვრობს, იკითხავენ, თუ სტაბილურობა და განვითარება დემოკრატიის გზითაც შესაძლებელია, ჩვენ რატომ უნდა ავიტანოთ პუტინის რეჟიმი 40 წლის განმავლობაშიო და პუტინს ხუხულასავით დაენგრევა ის საძირკველი, რომელზეც თავის პოლიტიკას აშენებს. რუსებს დღემდე უკვირთ, როგორ შეიძლება, საქართველოში კორუფცია დამარცხებულიყო, რომ პოლიციელი ქრთამს არ იღებს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ლექტორს ჩათვლის წიგნაკში ფული არ უნდა ჩაუდო. შესაბამისად, დემოკრატიული საქართველო კონკრეტული პოლიტიკური კლასისთვის არის საფრთხე. სწორედ ამავე მიზეზით არის რუსეთისთვის დასავლეთი საფრთხედ აღქმული, თორემ იმიტომ კი არა, რომ საფრანგეთი, პორტუგალია ან ამერიკა გარისკავენ და ბირთვულ რუსეთს ომს დაუწყებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთი საქართველოში ისევ აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს. ამით შექმნის მაგალითს, თუ რა შეიძლება, დაემართოს ქვეყანას, რომელიც თუნდაც ერთხელ დასავლეთისკენ გაიხედავს”.