ბოლნისში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაიწყება
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს რემონტი ჩაუტარდება. პროექტის დასაფინანსებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უკვე მიმართა.
საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა გასულ კვირას დააკმაყოფილა. პირველ ეტაპზე თანხა ქალაქ ბოლნისის 6 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყო. მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტში დამატებით 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც დაფინანსდება. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლნისის ცენტრალურ სტადიონსაც ჩაუტარდება. აღნიშნული პროექტები ჯამში 1 598 560 ლარით დაფინანსდა. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.