თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ვითხოვთ
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
რამიშვილის თქმით, მოთხოვნის საფუძველი ბევრი საეჭვო გარემოებაა, მათ შორის ის, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა.
„21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხერხდება, ეს გასაგებია. შესაძლებელია, მრავალი მიზეზი არსებობდეს, მაინც სახიფათოა. შესაძლებელია, ამას რაიმე ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს. ოჯახს სრულად აინტერესებს ეს ინფორმაციები და ის, თუ რასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული მომხდარი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული ავტომობილის ექსპერტიზასთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩემი დასწრების გარეშე არ მოხდეს ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარება, რადგან მე მინდა, გარკვეული პირების ჩართულობით შემოწმდეს. გარდა ამისა, არის უამრავი კითხვა, პროტესტი ოჯახის მხრიდან დაკავშირებულია იმ ხელმძღვანელთან, რომელმაც არაადეკვატური ქმედებები განახორციელა.
რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზაში ეს საჭიროა, რათა არ მოხდეს გარდაცვლილის კომპიუტერიდან რამე ინფორმაციის განადგურება.
თვითონ კომპიუტერი და სატელეფონო ზარები მრავალ შეკითხვას ტოვებს. ვეცდებით, დროულად გვქონდეს ისეთი ინფორმაციები, რაც ნათელს მოჰფენს გოგონას გარდაცვალების ფაქტს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.